პრეზიდენტის ფავორიტები

ვაგრძელებთ რუბრიკას, რომელშიც ჩვენი კოლეგების სამ საყვარელ სპორტსმენს ვიხსენებთ.

დღეს, გვესაუბრება საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტი მიხეილ აბაიშვილი. რომელიც გულშემატკივრობს ყველაფერს ქართულს და ფრანგულს და ხანდახან, ჯორდანულს.

წავედით.

 

ზიდენიდ ზიდანი (საფრანგეთი, ფეხბურთი, ხაბიბზე ძლიერი თავი).

მიხეილ აბაიშვილი: საქართველოს ნაკრების შემდეგ, ფეხბურთში საფრანგეთის მხარეს ვარ და ზიდანი ჩემი საყვარელი ფრანგი მოთამაშეა. კარგად მახსოვს და დღემდე ძალიან მომწონს მიშელ პლატინი, მაგრამ ზიდანმა გაუსწრო პლატინისაც და საერთოდ, მარადონას შემდეგ, ჩემი აზრით, საუკეთესო მოთამაშეა.

 

მაიკლ ფელპსი (ამერიკის ერთ-ერთი შტატი, ცურვა, არ იხრჩობა).

მიხეილ აბაიშვილი: ფელპსმა დაამტკიცა, რომ ადამიანის შესაძლებლობები ძალიან შორს მიდის. ის პერიოდი, როდესაც ფელპსი ყველაფერს იგებდა...მას შეეძლო აუზში მარტო ჩასულიყო. მაინც არაფერი არ შეიცვლებოდა. უდიდესი სპორტსმენი.

 

მაიკლ ჯორდანი (ამერიკიდან, კალათბურთი, ნაიკთან მაგარი კონტრაქტი დაირტყა).

მიხეილ აბაიშვილი: ჯორდანი კალათბურთია. არიან, იყვნენ სხვა ლეგენდებიც, მაგრამ ჯორდანი უმაღლეს დონეზე დგას და არ მგონია, მაიკლმა ეს ადგილი ვინმეს დაუთმოს. დიდი შანსია, რომ ჯორდანი არა მხოლოდ ყველა დროის საუკეთესო კალათბურთელი, არამედ - ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენიც იყოს.

და, ჩვენც ამ აზრზე ვართ, ბატონო პრეზიდენტო.

 

ფოტოზე: ორი პრეზიდენტი. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან - მარიუშ ვიზერთან ერთად.