დიდუბე

 

 

 

 

 

 

 

მე მიყვარს დიდუბე. იცით, ერთხელ ასეთ რამეს შევესწარი: დიდუბის ერთ-ერთ ქუჩაზე კაცი მიდიოდა. სკოლის შემოღობილი ეზოდან კი ბავშვებს ბურთი გადმოუვარდათ. ამ ამბავს ძველებური სახლის მეორე სართულის აივნიდან, სკამზე ჩამომჯდარი ადამიანი უყურებდა. ავად იყო, მერე მალე გარდაიცვალა. ასაკის მიხედვით, კიდევ უნდა ეცოცხლა რამდენიმე ათწლეული, მაგრამ ეტყობა, სახლიდან ვეღარ გადიოდა და აივნიდან უყურებდა ხოლმე ბავშვების ბურთაობას სკოლის ეზოში.

უცებ მესმის: - მაინც ფეხით!

აივნისკენ ავიხედე. მე მეუბნებოდა,

მაშინ დავაფიქსირე, რომ ჩემს წინ, გამვლელმა, გადმოვარდნილი ბურთი ბავშვებს ხელით კი არ დაუბრუნა, არამედ, გეგონება პასი მიიღოო, ფეხით გაიჩერა და მეორე დარტყმით ღობის გადაღმა გადააგდო.

აივანზე, ის ოქრო კაცი ბედნიერი იყო.

აი, ეს არის დიდუბე! უბანი, სადაც გამვლელს გადმოვარდნილი ბურთის ხელით დაჭერა თავში აზრადაც არ მოსდის. გეფიცებით, მეც ასე ვიზამდი. არადა, ფეხბურთის თამაშში ჩემზე უნიჭო არავინ მეგულება. ბავშვობაში კარში მაყენებდნენ ხოლმე.

 

FC Dinamo

 

ერთხელ, მახსოვს, პატარები რომ ვიყავით, ერთმა ბიჭმა გამაწამა. თან როგორ, იცით? ბურთს რომ მიიღებდა, ზურგით დამიდგებოდა, შემავიწროვებდა, მერე მომენტს იხელთებდა, შემოტრიალდებოდა და ავოე, მიქროდა ჩვენი გუნდის კარისკენ. მე კი ვრჩებოდი გაშეშებული. ჰოდა, ვუთხარი, ეგ რა ფეხბურთია, პირისპირ წამოდი, მეთქი. ნეტავ არ მეთქვა. თურმე მინდობდა, შეღავათიანი ვარიანტით მეთამაშებოდა…

კიდევ, მუშთაიდში ჩვენი ტოლა ბიჭის სანახავად გავრბოდით. იტყოდნენ ხოლმე, დღეს თამაშობსო და ყველას იქით მიგვეჩქარებოდა. მე იქ გუნდში ვინ ამიყვანდა და ვინც აჰყავდათ, ისიც განწირული იყო. იქ ყველა იმ ბიჭის თამაშის სანახავად მიდიოდა. რეალურად, მოთამაშეებიც მაყურებლები იყვნენ.

ჰოდა, მე მიყვარს დიდუბე. შეუძლებელია არ გიყვარდეს.

ორიოდე წლის წინ ქუჩაში მივდიოდი და უცებ, ვიღაც მეუბნება, შენ ის არ ხარ ფეხბურთზე რომ წერ და ერთი-ორჯერ ტელევიზორშიც გამოჩენილხარო. კი, მეთქი. ამოისუნთქა. ჰო, აბა დიდუბელის გარეშე როგორ იქნებოდა, ხომ იცი, დიდუბე თბილისური ფეხბურთის გულიაო.

ახლა ვიღაც მეტყვის, აბა, ნახალოვკა რაღააო. რა არის და ჯიგრობაა, რომელზეც ასე წერენ: „თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის (1872) შემდეგ დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო; რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ (нахально; ძალად) იკავებდა მიწებს და სახლდებოდა. ახალმა უბანმაც აქედან მიიღო სახელწოდება“.

ანუ, ოდესღაც დიდუბის მინდორი მტკვრიდან იწყებოდა, დღევანდელი ნახალოვკის ბოლოს მთავრდებოდა და იქ თბილისური ფეხბურთის სულს ეძინა.

არაფერს ვიგონებ. აგერ, ბატონო ისტორიის წიგნები: 1906 წელს ტფილის ქალაქში ფუტბოლის ერთ-ერთ ფუძემდებელმა, „შევარდენის“ წიაღიდან გამოსულმა ადოლფ ადოლფის ძე ელზენგერმა „ბურთის ფეხით მოთამაშეთა“ პირველი გუნდი ჩამოაყალიბა. ამისათვის დიდი ბიუროკრატიული წინააღმდეგობების გადალახვა დასჭირდა. ნემსის ყუნწში გაძვრა. წარმოიდგინეთ რუსეთის იმპერიაში ვიღაც ჩინოვნიკებს განცხადებით რომ მიმართავ კლუბი დამაარსებინეთო და რისიო რომ გეკითხებიან, რაღაც ისეთს პასუხობ, თვალით რომ არ უნახავთ და ვერც წარმოუდგენიათ.

ასე დაარსდა „კომეტა“.

სწორედ ამ ელზენგერმა თარგმნა ინგლისურიდან ფეხბურთის თამაშის წესები, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა. მე თუ მკითხავთ ადოლფ ელზენგერზე წიგნია დასაწერი და კინოა გადასაღები. კინო კი არა, სერიალი. მაგრამ, მე აქ სხვა რამეს ვამბობ.

 

კვირის პალიტრა - ნაძალადევი ვალშია!

 

შორს რომ არ წავიდე, ელზინგერმა და მისმა მეგობრებმა იმდენი ქნეს, რომ ფეხბურთისადმი განსაკუთრებული ინტერესი გააღვივეს და თვით სატანვარჯიშო კლუბ „შევარდენს“ შეაქმნევინეს ფეხბურთის გუნდი. თან, საინტერესო ის არის, რომ ელზენგერმა და გიორგი ეგნატაშვილმა თბილისური ფეხბურთის გაჩაღებაზე პრაღაში, სპორტსაზოგადოების მეხუთე შეკრებაზე ილაპარაკეს, გეგონებოდა სადმე მიხაილოვზე ვერ შეხვდებოდნენ ერთმანეთს.

აი, ციტატაც: „ადოლფ ელზენგერმა და გიორგი ეგნატაშვილმა პრაღაშივე გადაწყვიტეს სერიოზულად მოეკიდათ ხელი ფეხბურთისათვის, შეექმნათ გუნდი და შესაფერისი მოედანიც გამოენახათ. მოედნად შეარჩიეს ახლანდელი სტალინის რაიონის საკოლმეურნეო ბაზრის (დეზერტირების) ტერიტორია. აქ, რკინიგზის ერთ-ერთი სახელოსნოს გვერდით, 1910 წელს ჩაისახა ფეხბურთი“.

მერე კი წამოვიდა და წამოვიდა ახალი გუნდები. თანდათანობით, საქმეში გიმნაზიები და ქარხნის მუშები ჩაერთნენ…

და დღეს, როდესაც ამ ყველაფრის კარგად წარმოდგენას ვცდილობ, გონებით მოვყვები ასზე მეტ წელიწადს და იმ შემთხვევასთან ვბრუნდები, გამვლელმა სკოლის ეზოდან გადმოვარდნილი ბურთი ბავშვებს ფეხით რომ დაუბრუნა. ერთი შეხებით გააჩერა, მეორეთი ღობეს გადაავლო, აივნიდან კი მოისმა:

— მაინც ფეხით!...

P.S. ეს ამბავი, იმ ადგილიდან სადაც ელზინგერმა და ეგნატაშვილმა თბილისური ფეხბურთის სული გააღვიძეს, დიდი-დიდი ნახევარ კილომეტრში მოხდა.