კინაღამ ქურდბაცაცა

 

 

 

 

 

 

 

მექსიკის 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ორი კვირით ადრე, ინგლისის ნაკრები კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში ჩაფრინდა, ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდთან ამხანაგური მატჩის ჩასატარებლად.

სასტუმროში ინგლისელთა კაპიტან ბობი მურს იუველირული ნივთის მოპარვა დააბრალეს და დააკავეს. ვითარება გართულდა, ამ ინციდენტს ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუარესება შეიძლებოდა მოჰყოლოდა, მურს კი მონდიალი გამოეტოვა.

საქმე ასე იყო: სასტუმრო Tequendama-ში, სადაც ინგლისის ნაკრები დაბინავდა, ჰოლში ძვირფასეულობის მაღაზია გახლდათ. ბრიტანელი ფეხბურთელები იქვე ჩამომსხდარიყვნენ. მოპირდაპირე მხარეს კი ფეხსაცმლის უბრალო მწმენდავი, ერნანდო როხასი იჯდა.

 

Bobby Moore and the Bogota bracelet (1970) – Channel 4 News

 

მოთამაშეები ნომრებში შესახლებას ელოდნენ. ბობი ჩარლტონი რაღაცეებს ათვალიერებდა. ლალის ბეჭედი მოეწონა და მეუღლისთვის შეძენა გადაწყვიტა. მაღაზიაში შევიდა, უკან მურიც მიჰყვა. ჩრლტონი გამყიდველ გოგონას გამოელაპარაკა, ეტყობა ნაკეთობა ეძვირა და უკან გამოვიდა. მასთან ერთად მურიც შეუერთდა თავის თანაგუნდელებს.

„და უცებ ჩოჩქოლი ატყდა, - იხსენებს როხასი, -  გამყიდველი გოგონა მაღაზიიდან გამოვიდა და რაღაცის ძებნა დაიწყო.  ბობოქრობდა მაღაზიის მფლობელი, დანილო როხასიც, ესპანურად ყვიროდა, მაგრამ ინგლისელ ფეხბურთელებს არ ესმოდათ.

გოგონამ ბობი მურზე მიუთითა. მოგვიანებით ნივთის სახეობაც დაადგინეს. ეს იყო 18 კარატიანი სამაჯური, 12 ბრილიანტითა და ამდენივე ლალის თვლით. ფასი კი დაახლოებით 650 გირვანქა გახლდათ.

იქვე მყოფმა პოლიციელმა მური და ჩარლტონი გვერდით გაიხმო, დანაჩენი მოთამაშეები კი შეცბუნებულნი იყვნენ.

მალე ხმაური ჩაწყნარდა, ფეხბურთელებს ნომრების გასაღებები მისცეს. ბრიტანულმა მედიამ საჭიროდ არ ჩათვალა ამ ამბის აფიშირება. კოლუმბიური გაზეთები კი აღფრთოვანებული წერდნენ ინგლისელთა სტუმრობაზე. ხუმრობა ხომ არ იყო, მათ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონები ეწვივნენ.

 

Bobby Moore and the mystery of the missing Bogotá bracelet ...

 

სანამ ინგლისელი ფეხბურთელები მატჩისთვის ემზადებოდნენ, პოლიცია და იუველირული მაღაზიის მფლობელი ბოგოტაში, ბრიტანეთის საელჩოს მიადგნენ და ნაკრების კაპიტან ბობი მურს ქურდობაში დასდეს ბრალი.

ინგლისმა კოლუმბიას 4:0 მოუგო. მური კი ტრადიციულად კაპიტნის სამკლავურით გავიდა მინდორზე. მეორე დილით კი ის პოლიციაში დაიაბრეს. ვერაფერი დაუმტკიცეს და გამოუშვეს.

მაგრამ მალევე გამოჩნდა ახალი მოწმე, ქუჩაში მოვაჭრე ალვარო სუარესი, რომელმაც პოლიციას უთხრა, რომ დაინახა, როგორ იდებდა მური იუველირულ ნაკეთობას სპორტული კოსტიუმის ჯიბეში.

როცა ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები ბოგოტაში თვითმფრინავიდან გადმოვიდნენ, ბრიტანეთის საელჩომ მურს აცნობა, რომ რამდენიმე კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. მური დაემორჩილა მათ თხოვნას და უსაფრთხოების აგენტების თანხლებით, ქალაქის ცენტრში არსებულ სასამართლოში მივიდა.

მური, ცხადია, ამტკიცებდა, სამაჯურის შესახებ არაფერი ვიციო. გვიან ღამით მოსამართლემ გამოიტანა გადაწყვეტილება: მური უნდა დააკავონ და საკანში მოათავსონო.

ამ ამბავმა კოლუმბიის ფეხბუთის ასოციაციის პრეზიდენტი, ალფონსო კევედო, წყობიდან გამოიყვანა. ის კარგად ხვდებოდა, რა სკანდალში შეიძლება გადაზრდილიყო ეს ამბავი. გარშემო ყველა გავლენიან პირს ეხვეწებოდა მური გამოეშვათ. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ჰაროლდ უილსონმა, დიპლომატიურ სამსახურებს სთხოვა, ყველაფერი გაეკეთებინათ მურის გასათავისუფლებლად.

 

Bobi Mur – Komplikovani mladi Bog

 

კვანძი მოულოდნელად გაიხსნა. აღმოჩნდა, რომ ქუჩის მოვაჭრე ალვარო სუარესმა მაღაზიის მფლობელისგან ფული აიღო, რათა მურის წინააღმდეგ პროვოკაცია მოეწყო. მტკიცებულებების არარსებობის გამო მური გაათავისუფლეს.

ოთხი დღის შემდეგ, მურმა ინგლისის ნაკრები ტურნირის პირველ მატჩში, რუმინეთის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გაიყვანა მინდორზე. ცხადია, კაპიტნის სამკლავურით.

ამ ისტორიას, რომელიც მხოლოდ 50 წლის შემდეგ ხმაურდება, კეთილი დასასრული ჰქონდა. არადა, გარკვეულ ვითარებაში, ბობი მურს შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატი გამოეტოვა და უარესიც, პატივცემულ კაცს ქურდბაცაცას სახელი ტყუილუბრალოდ მიჰკერებოდა.