ვინც დაბრუნდა, გაუმარჯოს!

 

 

 

 

 

 

 

ახლა კი მგონი მართლა დაბრუნდა, ეს დალოცვილი ესა, ჰა?! არადა, როგორ დაგაგვიანდა, შე მადლიანო შენა, ჰა?! თავი მოგვანატრე, განა?

ოთხშაბათს იყო პოსტკორონული (ფეხბურთის თვალსაზრისით, თორემ დანარჩენ მსოფლიოში ეს წყული ვირუსი გაჩერებას არც აპირებს, მგონი) პერიოდის პირველი დღე, როდესაც მე ერთდროულად რამდენიმე თამაშის ნახვა მინდოდა და ვერ ვნახე. აი, ეს უკვე, ჯიგრობაა. ცუდია რომ ვერ ვნახე, მაგრამ კარგია რომ... ვერ ვნახე. ესე იგი ბევრი იყო. ესე იგი დაბრუნებულა.

აქეთ სიტი-არსენალი, იქით იტალიის თასის ფინალი, ესპანეთები, გერმანიები, დარბადი და დიბას ქარვა, ბაფთები და ბაღდადები, ოქრომკერდით ნაქარგები, ნოხები და ფარდაგები...

 

City have decorated the Etihad with banners to cover empty seats

 

აი, ეს უკვე არჩევანია და ნამდვილად ჰგავს იმ ძველ დროს, „სთენდ აფის“ ჟანრის ოდესელი მსახიობის რომან კარცევის მსგავსად, რომ არ ვიცოდი „რომელი კიბორჩხალები მეყიდა, გუშინ ხუთ მანეთად, მაგრამ დიდი თუ დღეს სამ მანეთად, მაგრამ პატარა…“

თან ეს ტელეოხრებიც როგორ დაიხვეწნენ თვალსა და ხელს შუა. გახსოვთ, გერმანიამ რომ დაიწყო, ცარიელი ტრიბუნები რა უშნოდ ჩანდა? სიცარიელის და მიტოვებულობის შეგრძნება იყო. არადა, ვიცი, რომ სხვანაირი კამერები ეყენათ, რათა გადაღმა ტრიბუნა უფრო ვიწროდ გამოჩენილიყო. ესპანელებმა მეტად დახვეწეს ეს საქმე — ცარიელ ტრიბუნას ხალხის ფიგურები ჩამოაფარეს, ვითომ ვიღაც ზის… ნუ, ხარისხი ისეთია, რომ ხვდები: ეს არის „ტყვილი, ტყვილი და პაპიროსი პირში“, მაგრამ სკამების ყურებას სჯობია.

იტალიელებმა მთლად ხალხი არ გამოჭრეს, მაგრამ წითელი და ლურჯი ალმები ააფარეს გადაღმა სიცარიელეს, ინგლისელებმა კი რასაკვირველია, ყველასგან განსხვავებული და მე თუ მკითხავთ სწორი გზა აირჩიეს: კაცუნების და დროშუნების ჭრას თავი დაანებეს, ტრიბუნას არაფერიც არ ააფარეს, უბრალოდ კადრს ეგრეთწოდებული „ინტერხმაური“ ანუ სტადიონის ხმა დაადეს და გაამართლა. ამან უფრო შექმნა „იქ ყოფნის ეფექტი“. ასე უფრო მოვტყუვდით, რომ თამაშზე ვიყავით. ნუ, ან იქ თუ არ ვიყავით, ის დრო მაინც გვეგონა, როდესაც სხვები ავსებდნენ ტრიბუნებს, ჩვენ კი მათ სიმღერებს და ღრიანცელს ვუსმენდით.

ეს კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ტელევიზიას რეალობის სიმულაციის თვალსაზრისით უსასრულო შესაძლებლობები აქვს.

 

 

დიახ, პოსტკორონულმა საფეხბურთო ცხოვრებამ ახალი სინამდვილე მოიტანა. ასე მაგალითად, ინგლისში ფეხბურთელებს ზურგზე გვარები კი არა black lives matter ეწერათ. ესე იგი, შავი სიცოცხლეც ფასეულიაო. ეს მოგეხსენებათ, რაც არის. ასე, საფეხბურთო სამყარო ცდილობს დემოკრატიულ მსოფლიოს ფეხი აუწყოს და ამერიკაში თეთრი პოლიციელის მიერ შავი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას მოყოლილ პოლიტიკურ დინებაში ჩაებას. ლოგიკურიც არის. ფეხბურთელებსაც ხომ აქვთ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები და თან მათ შორის ბევრი აფრიკული წარმოშობისაა.

ამასობაში კი, რამდენიმე ტიტულის ამბავიც გაირკვა. ასე მაგალითად, გერმანიაში ბაიერნმა ზედიზედ მერვედ, სულ კი ოცდამეათედ მოიგო ქვეყნის ჩემპიონობა. გაგვიკვირდა ვინმეს? არა, მაგრამ ოფიციალურად გაფორმდა.

იტალიაში კი თასის ფინალი შედგა. რომში, სტადიო ოლიმპიკოზე იუვენტუსი და ნაპოლი შეხვდნენ ერთმანეთს. თამაში 0:0 დასრულდა, მერე კი კიდევ ერთი კორონა-სიახლე ვიხილეთ — გუნდებმა დამატებითი დროის გარეშე, პირდაპირ პენალტები დაარტყეს. გაიმარჯვა ნაპოლიმ. გამარჯვება დამსახურებული იყო, მაგრამ უმეტესობა ალბათ უფრო იუვეს მოგებას ველოდით.

Cristiano Ronaldo ha perso due finali di fila per la prima volta in carriera

 

შთაბეჭდილება მოახდინა ბუფონმა. წააგო და თავის უხვ კოლექციას კიდევ ერთი ჯილდო ვერ შეჰმატა, მაგრამ რასაც ეს 42 წლის კაცი აქეთ-იქით დახტის, გასაკვირია.

კრიშტიანუ რონალდუ კი მოიღუშა. აბა, რაც ამ ვარსკვლავთ ვარსკვლავს მოგება უყვარს, წაგებას ღიმილით ხომ არ შეხვდებოდა.

თუმცა, ხომ იცით როგორი ტიპიცაა, ბევრისთვის თავის შეძულება ეხერხება და მათ მისი ეს დამარცხება, ალბათ გაუხარდათ.

მოკლედ, გახურდა.