არსენალი, კრიზისი და 112

 

 

 

 

 

 

 

ნაკორონევს, როგორც იქნა, განახლდა ინგლისური პრემიერლიგაც. ერთი რამ უკვე თვალშისაცემია. სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მაგალითად შეგვიძლია ბუნდესლიგა მოვიყვანოთ, კუნძულის რამდენიმე კლუბი აბსოლუტურად მოუმზადებელი შეხვდა ტურნირის დასასრულს. მაგალითად, არსენალი.

მეთოფეებმა პანდემიის წინ ზედიზედ სამი მატჩი მოიგეს და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაც აღარ იყო ფანტასტიკის სფერო. ეტყობოდა, რომ გუნდს ჰქონდა გეგმა. არ ანიავებდა საგოლე მომენტებს. ახალი დამრიგებელი მიკელ არტეტა შეგირდებს შემართებას უქებდა.

კარანტინის დროს, გამოჯანმრთელდა კირან ტირნი და ლუკას ტორეირასაც აქვს მინდორზე დაბრუნების შანსი, რომელსაც მოტეხილი ფეხის გამო, წესით მიმდინარე სეზონში აღარ უნდა ეთამაშა.

 

Football: Unacceptable defeat says Arsenal boss Arteta | The Star

 

არსენალს იოლი კალენდარი არ ჰქონდა, მაგრამ მეოთხე ადგილს რვა ქულა აშორებდა და თუ ყველაფერი კარგად წავიდოდა, ეგებ ჩემპიონთა ლიგის კარისთვისაც მიეკაკუნებინათ. მით უმეტეს, რომ ბოლო დროს მეთოფეებს აშკარად უმართლებდათ, რაც საკუთარი მომენტების თითქმის ასპროცენტიან რეალიზაციაში და მეტოქეთა უამრავ შეცდომებში გამოიხატებოდა.

მაგრამ განახლდა სეზონი და ყველაფერი უკუღმა დატრიალდა: ზედიზედ ორი მარცხი და ცხრილის მე-10 ადგილი, თუმც აქ მხოლოდ შედგებზე არ არის საუბარი.

მთავარი პრობლემა ტრავმებია, რომლებიც, როგორც ჩანს, საკმარისი მოუმზადებლობის გამო, პირველივე მატჩებში აშკარად გამოჩნდა. სავარაუდოდ, სეზონის ბოლომდე ვეღარ ითამაშებენ პაბლო მარი და გრანიტ ჯაკა. ორივემ კუნთი დაიშავა, რაც ნორმალური მომზადების პირობებში, წესით არ უნდა ხდებოდეს. სიტისთან მარიმ უკვე 24-ე წუტზე მოითხოვა შეცვლა და მის მაგიერ დავიდ ლუისი გავიდა მინდორზე. ბრაზილიელიც, ეტყობა ვერ არის ფორმაში, გავიდა და ისეთები აკეთა, ჯობდა სკამზე დარჩენილიყო.

ბრაიტონთან მატჩში კი, პირველი ტაიმის ბოლოს, გერმანელმა მეკარე ბრენდ ლენომ ნილ მოპესთან შეჯახებისას მუხლი დაიზიანა. ეპიზოდი საშინელი სანახვი იყო, თუმცა რამდენად სერიოზულია ტრავმა ჯერ უცნობია.

ლენოს გამოკლება დიდი დანაკლისია არსენალისთვის. 30 ტურის შემდეგ ის პრემიერლიგის მეკარეებს შორის მეორე ადგილზეა მოგერიებული ბურთების რაოდენობით - 112. მეტი მხოლოდ ნიუკასლის მარტინ დუბრავკას აქვს.

 

Brighton vs Arsenal: Five things we learned as Bernd Leno suffers ...

 

ჯაკამ სეზონის დასაწყისში გულშემატკივრებთან წაიჩხუბა, მაგრამ არტეტას მისვლის შემდეგ, საუკეთესო ფორმა დაიბრუნა და კონფლიქტიც წარსულს ჩაბარდა. არსენალისთვის ის შეუცვლელი მოთამაშე გახდა, ხუმრობა ხომ არ არის, მატჩის განმავლობაში ის სტაბილურად დაახლოებით 60 ზუსტ პასს აკეთებს.

თუ მის არყოფნას ტორეირას ტრავმასაც დავუმატებთ, მივხვდებით, რომ სიტუაცია კატასტროფულთან ახლოსაა. ახლა ნახევარდაცვის ცენტრში არტეტას გენდუზის, უილოკისა და სებალიოსის გამოყენება შეუძლია, რომლებიც ასევე ვერ გამოიყურებიან ყოჩაღად.

პრობლემაა ცენტრალური მცველების ბანაკშიც. მარის დაშავება მართალაც უდროო იყო. დავიდ ლუისზე უკვე ვთქვით. რჩება შკოდრან მუსტაფი, რომელსაც არტეტა ლუისთან წყვილში მოიაზრებს.

ასე რომ, არტეტას სამუშაო თავზე საყრელად აქვს. ეტყობა, გამართლებების პერიოდი დასრულდა.