ცეკვა

 

 

 

 

 

 

 

არ ვიცი რამდენად სწორია ასეთი რამის გაფიქრება და მითუმეტეს საჯაროდ თქმა, მაგრამ მე რომ ის ცეკვა ვნახე, ვიფიქრე, ნეტავ ეს მალე არ მოკვდეს, მეთქი. ღმერთო, რა მოტეხილი იყო. და რა გამოდებილებული.

არადა, რა დიდი იყო… დიდი კი არა დიადი. ვინმე სხვა რომ გადაეღოთ გამეცინებოდა ან სულელი კაცის დანახვაზე უსიამოვნო გრძნობა დამეუფლებოდა, ჩანაწერს გამოვრთავდი და დავივიწყებდი, მაგრამ მარადონა იყო. ბუმბერაზი დიეგო მარადონა. დაცემული და გაპარტახებული. რაღაც მორიგი შხამით გაბრუებული და იმდენად უსუსური, რომ სამყაროს წინააღმდეგ მარადიული აჯანყება შარვლის ჩახდით და შიშველი უკანალის მოშვერით გამოხატა. და ისიც ძლივს გააკეთა.

კი, ალბათ უკანალი ჩვენ კი არა, იმ ვიღაცას მოუშიშვლა, ვინც იღებდა, მაგრამ თავსაც ნუ მოვიტყუებთ. ქვეცნობიერად ეს უშნო ჟესტი იყო განცხადება, რომ ფეხებზე ეკიდა უღებდნენ თუ არა, საჯაროდ გამოფენდნენ თუ არა.

მოკლედ, ისევ ის მეამბოხე სული, ოღონდ… გასაცოდავებული.

 

10 of Diego Maradona's best moments: the greatest player of all ...

 

გულწრფელობისთვის ნუ დამძრახავთ: ჩანაწერმა ჩემზე ისე იმოქმედა, რომ რამდენიმე დღეა თავიდან ვერ ამოვიგდე და ნაცვლად იმისა, რომ თქვენთან მიმდინარე საფეხბურთო ამბები გამერჩია, აგერ, საბრალო ბერიკაცზე გელაპარაკებით. კიდევ კარგი, ბლოგს ერთი თავისებურება აქვს — რასაც გინდა იმას დაწერ. თუ მოახერხებ, შეგიძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალის დღეს ვიღაცის დახეულ ბუცზე დაწერო და შენს მკითხველს ალტერნატივის სახით შესთავაზო.

სხვათა შორის, იმ ჩანაწერში უკანალის მოშვერაზე მეტად დიეგოს ულამაზო ცეკვამ, ჟელიბონის ფიგურის მსგავსმა გადაადგილებამ იმოქმედა. ფუ, რა არაესთეტური იყო.

არადა, გახსოვთ, ახალგაზრდობაში სცენაზე ტანგო აცეკვეს და მანაც მავან პროფესიონალს მხარი აუბა.

ტანგო! არგენტინული ცეკვა, რომელზეც ხორხე ლუის ბორხესი წერდა, ეს ქალის და კაცის სასიყვარულო თამაში კი არ არის, ეს ორი კაცის ბრძოლაა ქალის გულის მოსაპოვებლად, ოღონდ რაყიფებიდან სცენაზე მხოლოდ ერთი ჩანსო. მთელი ფილოსოფიაა.

და მე თუ მკითხავთ ასევე ფილოსოფია იყო აი, იმ ჩანჩურა, გაუბედურებული, გაბრუებული კაცის მთელი შემოქმედება. კაცისა, რომელმაც ერთი უშნო ცეკვით ძალიან მატკინა გული.

არადა, ეგრეთწოდებული მარადონისტი არასდროს ვყოფილვარ.

 

Lionel Messi vs Diego Maradona: who is the Greatest? | Daily Mail ...

 

ფილოსოფია იყო მისი არეული ცხოვრება და დიდებული ფეხბურთი. სიმბოლური იყო 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში, ინგლისთან, ოთხი წუთის ინტერვალით შესრულებული ჯოჯოხეთური თვალთმაქცობა და ღვთაებრივი დრიბლინგი. ახლაც იმას ვფიქრობ, რომ ამით ბუნების ძალებს ჩვენთვის რაღაცის თქმა უნდოდათ. ალბათ იმის, რომ ღმერთი და ეშმაკი ყველაშია ანდა როდესაც განგება უდიდესი ნიჭით გაჯილდოებს, შენ შეგიძლია ის გამოიყენო როგორც დიდმა შემოქმედმა, ასევე დიდმა ნაძირალამ.

დიეგო ყოველთვის პროტესტით ცხოვრობდა. მის სხეულში ვერასდროს ეტეოდა ის, რაც „იქ“, მაღლა ჩაუტუმბეს. შეიძლება, ზეციურ საწარმოო ხაზზე დაშვებული შეცდომა იყო. წუნი. სხვანაირი გამოვიდა. აი, ხომ გინახავთ, მაღაზიაში დისტრიბუტორები რაღაც პროდუქტს რომ მოიტანენ, სადაც ერთი განსხვავებულია.

და ის იბრძოდა, ეწეოდა, ყნოსავდა, მოედანზე საოცრებებს სჩადიოდა.

დრო კი თურმე გადიოდა. ულმობლად.

და საბოლოოდ აი, ამ ამაზრზენ ცეკვამდე მივედით.

ეჰ, რა გითხრა, აბა. ღმერთი შენსკენ, დიეგო!