შესანიშნავი შვიდიანი (+video)

ოთხმოცდაათიანებიდან, როცა დღევანდელივით არ ვიყავით განებივრებულები ფეხბურთის ყურებით, ერთი ასეთი მატჩი გამახსენდა. ატლეტიკო-რეალი. პირველი ტაიმის მერე სამეფო კლუბი აგებდა, მერე კი, აი რა მოხდა: 18 წლის ბიჭმა გაათანაბრა, რასაც მალე მოჰყვა მიატოვიჩის გაძევება და რეალი ათი კაცით დარჩა... სულ ატლეტიკო უტევდა, მაგრამ ბოლო 10-15 წუთში რეალმა სამი გოლი გაიტანა და 4:1 მოიგო!

 

 

ამ სამიდან პირველი 18 წლის ბიჭმა დახატა, მერეც საგოლე პასი მიაყოლა. მოკლედ, პირადად მოუგო კლუბს, სადაც ჭაბუკთა გუნდში თამაშობდა და სადაც ვერ შეინარჩუნეს. ნეტავ, სად იყურებოდნენ?..

 

 

რამდენი მაგარი თამაში ჰქონია რაულს, მაგრამ ეს, რაზეც დავწერე, რაღაც საოცრება იყო.

 

 

 

რაულის იუბილეა. 43 წლის გახდა თავდმაბალი, უბრალო ვარსკვლავი, რომელზეც ნამდვილად ვიცით ერთი ისტორია: შალკეს ვარჯიშებზე, სანამ თვალს მიაჩვევდნენ, ვერ ხვდებოდნენ, რომ რაული მოვიდა... საქმე ისაა, რომ ამხელა ფეხბურთელი მოკრძალებული ძველი მანქანით დადიოდა და უბრალო კედები ეცვა.

 

 

ის ფაქტი, რომ ძაკარდო მსოფლიო ჩემპიონია, ხოლო შირერმა კარიერა ლამის უტიტულოდ დაასრულა; ან ოქროს ბურთი ბელანოვს რომ აქვს და რამდენი ვარსკვლავი ხელცარიელი დარჩა; დანია ევროპის ჩემპიონი გახდა მიქაელ ლაუდრუპის გარეშე; სტიაუამ სასწაული მოახდინა და ჩემპიონთა თასი მოიგო, რუმინეთის ყველა დროის N 1 ფეხბურთელი გეორგე ჰაჯი კი ჯერ გუნდში არ იყო, იმ წელს მივიდა;

 

 

მიხვდებოდით, პარადოქსებს მივყვებით...

 

 

და რამხელა პარადოქსია, რომ ესპანეთის ნაკრებმა რაულის გარეშე მოიგო სამი დიდი ტიტული: ევრო-2008, მუნდიალ-2010, ევრო-2012.

 

 

რაული ახლა რეალ-კასტილიას მწვრთნელია და იქაც თავისი მეთოდები აქვს:

 

 

„ვარჯიშზე Дouis Мitton-ის 600-ევროიანი ჩანთით, ან ბოლო მოდელის სმარტფონებით მოსვლა არ შეიძლება!


 

 ყველას გეცმევათ ერთნაირი ატრიბუტიკა, რაც კლუბმა დაგირიგათ. ფეხსაცმლიდან დაწყებული.


 

ვარჯიშზე ერთი წუთით დაგვიანება ავტომატურად ნიშნავს მომდევნო მატჩის გამოტოვებას“.