ეს ეს ეს - ეს ესპანური ესთეტიკაა

კორონავირუსი რომ არა, ახლა ტელევიზორებს უნდა ვუჯდეთ და ევროპის ჩემპიონატს ვუყურებდეთ. ახლა კი 12 წლის წინანდელ ევროპას გავიხსენებთ: ამ დღეს, 29 ივნისს დასრულდა.

 

ბევრის აზრით, 21-ე საუკუნის საუკეთესო ნაკრები სწორედ ესპანეთი-2008 იყო. მართალია, მომდევნო მუნდიალზე და ევროპაზე უფრო დაიხვეწა, მაგრამ ლუის არაგონესის გუნდი უფრო აგრესიული იყო და უფრო ბევრ მომენტს ქმნიდა. ჯგუფში ფრინავდა მარკო ვან ბასტენის ნიდერლანდები და მერე მოულოდნელად რუსებმა მოაგლიჯეს ფრთები. სხვა მხრივ კი, ესპანეთს იმ ივნისში ტოლ-სწორი არ ჰყოლია. მხოლოდ იტალიასთან გაუჭირდათ და დამატებით დროში იყო საკვანძო მომენტი, როცა იკერ კასილიასმა ფეხით მოიგერია ახლოდან დარტყმული.

 

იმ დროს შემოდიოდა ტიკი-ტაკა. ასე ვთქვათ, ფეხს იდგამდა და ესპანელებმა რაღაც ახალი ფეხბურთი გვიჩვენეს.

 

კასილიასი ვეფხვივით იდგა, დაცვის ცენტრში პუიოლი/მარჩენა იდგნენ, ფლანგებზე სერხიო რამოსი და კაპდევილა... ჰო, რამოსი მაშინაც და მუნდიალზეც მარჯვენა მცველი იყო. რკინისმკვნეტელი საყრდენი მარკოს სენა ლამის ორი კაცის სამუშაოს ასრულებდა. მათ წინ გამთამაშებლად და ინსაიდებად იყო დიდებული სამეული: დავიდ სილვა, ანდრეს ინიესტა, ჩავი. ინიესტა მარჯვნივ, ხოლო სილვა - მარცხნივ. წინ კი Twix-ივით დუეტი: დავიდ ვილია ბომბარდირი გახდა, ფერნანდო ტორესმა ფინალში გოლი გამოიგონა.

 

ფინალში ვილიამ ტრავმის გამო ვერ ითამაშა და არაგონესმა 4-1-4-1 სქემა აამუშავა, ფაბრეგასი ჩასვა ნახევარდაცვაში. ჩაბი ალონსო კი თითქმის სულ სათადარიგო იყო და შეცვლაზე შედიოდა.

 

ფინალი ვენაში იყო. ვისაც არ უნახავს, გერმანიასთან 1:0 ნუ მოატყუებს: ესპანეთს სრული უპირატესობა ჰქონდა. ულამაზესი გუნდი იყო.