ლობჯანიძე: კარგად ვარ, მაგრამ ყაზახეთში მძიმე მდგომარეობაა

ყაზახეთის კლუბ ქაისარში კორონავირუსის მხრივ მძიმე მდგომარეობაა. ქაისარში კი ელგუჯა ლობჯანიძეა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, სანამ ეპიდემია დაიწყებოდა, ყაზახეთის ორ ტურში ორი გოლი გაიტანა...

 

„ქაისარში 25 ფეხბურთელს დაუდასტურდა COVID-19“ - წერია იქაურ საიტზე და ჩვენს ლობჯანიძეს დავუკავშირდით:

 

„ჩემს თანაგუნდელებს აქვთ კორონავირუსი და იზოლაციაში არიან. მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად ვარ. ცალკე ვცხოვრობ, ბაზაზე.

 

...25 ფეხბურთელი სულ არ ვართ. როგორც ხდება ხოლმე, აბუქებენ. აქ გულისხმობენ პირველ და მეორე გუნდსაც, ასევე, პერსონალსაც: მძღოლს, დაცვის თანამშრომელს და ასე შემდეგ. თუმცა მეორე გუნდთან უკვე ბევრი ამხანაგური ჩავატარეთ ამ პერიოდში.

 

...ყაზახეთში ძალიან მოდებულია კორონავირუსი. მეტ-ნაკლებად ყველა გუნდში იქნება შემთხვევები. ჩემპიონატი 1 ივლისს უნდა დაიწყოს. ასე თქვეს, მაგრამ ბოლო პერიოდში დაავადებულების რიცხვმა იმატა. ამიტომ, არ ვიცი, რას იზამენ“.