რა ღირს კარგი ქართველი?

კარგი მოთამაშე ღირს იმდენი, რამდენადაც ის აფასებს საკუთარ თავს.

და, გუნდის მფლობელი იხდის იმდენს, რამდენიც უნდა, რომ გადაიხადოს.

კარგი, პროფესიონალი ქართველი ფუნქციონერი გუნდის ბიუჯეტს გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე უფრთხილდება და ყოველთვის მზად არის სათადარიგო გეგმისთვის.

დამწყები, სუსტი და გამოუცდელი ფუნქციონერი გუნდის ბიუჯეტს ვერ უფრთხილდება. პროცესში, ვალების დაგროვებასთან ერთად, ის იღებს გამოცდილებას და ეს ნორმალურია. ასე სწავლობენ.

ცუდი, საკუთარ ჯიბეზე შეყვარებული ფუნქციონერი იხდის ცოტას, იტოვებს ვალებს და თუ გაუმართლებს, ის შემდეგ სეზონშიც ზედა ეშელონშია.

ასე ხდებოდა. ასე მოხდება.

გიორგი ცინცაძე საქართველოში რომ ბრუნდებოდა, ბუნებრივია, სუპერლიგის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდა. უნდა გამხდარიყო. და, მერწმუნეთ, ბუსთვის 13-15 000 ლარის გადახდა იმაზე ბევრად ნაკლებია, ვიდრე - ის ამას იმსახურებს. გიორგი კლასია და კლასი ძვირი ღირს.

და, დღეს, როდესაც საქართველოს ნაკრების რამდენიმე კანდიდატს სეზონში 80 000 ლარამდე უხდიან, ეს ჩვეულებრივი თემაა.

ასე უნდა იყოს.

საქართველოში ისედაც, ნორმალური მოთამაშეების დეფიციტი გვაქვს. პლიუს, გიორგი ტურძილაძე და გიორგი კორსანტია აღარ არიან სუპერლიგის წევრები. ორით ნაკლებნი დავრჩით. და, ეს ცუდია. არა მხოლოდ თსუ-სთვის. კალათბურთისთვის ცუდია.

დინამო პერსპექტივას აწვება და ეს სწორია. რუსთავი სახელებს აწვებოდა და ეს რისკი იყო. რუსთავი ალბათ, წელს უფრო ფრთხილად დაკომპლექტდება. ანატოლი ბოისა გემოვნებიანი ახალგაზრდაა და სწორ სვლებს გააკეთებს.

რეალურად პოპულარული ქართველი მოთამაშე (ილია ლონდარიძე, აკაკი დვალიშვილი, ბექა ბექაური, კახა ჯინჭარაძე, რეზო როგავა) ღირს ძვირი და თუ გუნდი მას უკავშირდება, უკეთესია, თუ ამ გუნდს ექნება სათადარიგო გეგმა და მოთამაშეს დააკმაყოფილებს.

საბოლოოდ, ამ საუბარში მაინც მოთამაშე იგებს.

 

ფოტო: www.gbf.ge