ძველი ქალი, დასაბრუნებელი ცოლი, ახალი გუნდი და...

კურტუამ დე ბრუინის გელფრენდი სწორედ მადრიდში თამაშის დროს ჩაისიყვარულა. ხან რესტორანში დაპატიჟა, ხან დიდი თაიგული მიართვა…

რა იყო ეს, რა გოლი გაუშვა ტიბო კურტუამ ვილიარეალთან, ნახეთ? მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მეკარის კი არა, საერთოდ სპორტსმენის მოძრაობას არ ჰგავდა. ბურთი ფეხებს შორის სასაცილოდ გაუძვრა… რა გამახსენდა, იცით? პოლიტიკოსები წინასაარჩევნო კლიპებს რომ იღებენ. აი, ყოველმხრივ განვითარებულებად რომ უნდათ გამოჩნდნენ და მერე მათი მოუქნელი მოძრაობები სოციალურ ქსელებს სულ სიცილ-ხარხარით რომ მოივლის ხოლმე. 

 

არადა, კურტუა მართლა ძალიან მაგარი მეკარეა, უბრალოდ ყველაფერი ხდება. 

 

და მაინც, არ გიფიქრიათ, რომ ჯობდა ჩელსიში დარჩენილიყო? იქ თავის ადგილას იყო, მადრიდს კი თითქოს ვერ მოერგო. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ სულ სხვა კაცი იყო თავის ადგილას.

 

კი ბატონო, მეც თუ მკითხავთ ზოგადად კურტუა კეილორ ნავასზე ძლიერი მეკარეა… მაგრამ იმდენადაც არა, რომ მისი გულისთვის რაღაც-რაღაცები, მაგალითად აწყობილი გუნდის აურა არიო. რას ერჩოდნენ იმ ნავასს, იდგა კარში, მოსაგერიებელს იგერიებდა, მოსაგებ ჯილდოებს იგებდა, ნუ, ხანდახან უშვებდა კიდეც, მაგრამ იშვიათად... 

 

გადაეკიდნენ. უფრო სწორედ, ერთი კაცი, ფლორენტინო პერესი გადაეკიდა, გინდა თუ არა კურტუათი უნდა ჩაგანაცვლოო და ა, ბატონო. ნავასია და ამ სეზონში უკვე იმდენ ხანს ზის სკამზე, რომ სკამის ფორმა მიიღო, კურტუაა და უკვე სასაცილო მოძრაობებს აკეთებს. არადა, რამდენჯერ თქვა ზიდანმა (რეალს რომ წვრთნიდა, მაშინ), არ მინდა, ბატონო, ახალი მეკარე, თუნდაც ციდან ვარსკვლავებს წყვეტდეს, ნავასი სრულიად მაკმაყოფილებსო, მაგრამ რომ დაიჩემა ფლორენტინომ გინდა თუ არა კურტუა უნდა ჩამოვიყვანო, ნავასთან შედარებით „კარგ ზმანზეაო“ ვერავინ გადაათქმევინა. კოსტა რიკელს თმაზე ლაქის წასმამაც ვერ უშველა.

 

რაც არის, არის. კურტუა მართლა გადასარევი მეკარეა რომელსაც ეგონა, რომ  ჩელსისგან განსხვავებით რეალში დიდ ტიტულებს მოიგებდა, მაგრამ რეალს ჯერჯერობით საამისო პირი არ უჩანს. ნუ, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატზე აბუ დაბის ალ აინთან 4:1-ის მოგებას თუ არ ჩავთვლით.

 

ტიტულები იქით იყოს და ბელგიელს მადრიდში გადასახლების პირადული მიზეზიც ჰქონდა — ცოლად ესპანელი ქალი ჰყავს (ჰყავდა); შვილები მადრიდში ეზრდება — ეგ ხომ ადრე ატლეტიკოში თამაშობდა და მაშინ დაქორწინდა. ლონდონში გადასვლის მერე კი ოჯახის სანახავად ინგლისიდან ესპანეთში უხდებოდა სირბილი და დაიღალა. დაიღალა კი არა, ცოლი მეორეზე ფეხმძიმედ რომ ჰყავდა, მაშინ დაენგრა ტრანსევროპული ოჯახი და ალბათ იფიქრა, მადრიდში თუ დავბრუნდები არეულ ცხოვრებასაც დავალაგებო. თან, რაიო ვალეკანოში ხომ არ მიდიოდა ბოლოს და ბოლოს, მის შესაძენად თვით რეალის პრეზიდენტი იკლავდა თავს.

ისე, კურტუას მადრიდთან და ქალებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ისტორია აქვს და რაკიღა სიტყვამ მოიტანა, გავიხსენოთ: სწორედ ატლეტიკოში თამაშისას წაართვა ჩვენმა ტიბომ თავის ახლო მეგობარს და თანამემამულეს კევინ დე ბრუინს შეყვარებული. ეს ამბავი თავად დე ბრუინმა დაწერა რამდენიმე წლის წინ გამოცემულ წიგნში. თურმე, დღეს უკვე „მანჩესტერ სიტის“ ვარსკვლავს, ნაკრების მაშინდელი მწვრთნელი მარკ ვილმოტსი ეუბნებოდა, თუ კურტუამ მართლა ასეთი რამ იკადრა მითხარი და ნაკრებში აღარასოდეს მივიწვევო, მაგრამ დე ბრუინმა (რომელიც მაშინ გერმანულ ვოლფსბურგში თამაშობდა) ეროვნული გუნდის ინტერესები ქალის და ძმაკაცის ღალატზე უფრო მაღლა დააყენა. 

 

მოკლედ, კურტუამ დე ბრუინის გელფრენდი სწორედ მადრიდში თამაშის დროს ჩაისიყვარულა. ხან რესტორანში დაპატიჟა, ხან დიდი თაიგული მიართვა…

 

„თავიდან კევინმა თვითონ მიღალატა ჩემს დაქალთან, — უყვებოდა მერე საჯილდაო ქალი ბელგიელ ჟურნალისტებს, —  მე კი ხმას ვერ ვიღებდი, რადგან ამ ღალატის ისტორია ყვითელი ჟურნალ-გაზეთებისთვის რომ მომეყოლა კევინის მშობლები სასამართლოში მიჩივლებდნენ. დამემუქრენ გიჩივლებთო. მერე კი უკვე თვითონ კევინმა გამომაჭენა თავის წიგნში, ჩემზე დაწერა ტიბოსთან მიღალატაო და ვეღარ მოვითმინე, გადავწყვიტე ხმა ამომეღო“.

 

მიდი და გაიგე მართალი. ერთი ფაქტია, რომ დღეს დე ბრუინი ცოლ-შვილიანი კაცია, კურტუა კი ესპანელ მეუღლესთან შესარიგებლად პრემიერლიგიდან პრიმერადივიზიონში გარბის და მადრიდში სასაცილო მოძრაობას აკეთებს, საჯილდაო ქალბატონი კი აღარავინ იცის სად არის. იმედია, სადაც არის კარგად იქნება.

 

სხვა რა გითხრათ? ალბათ ის, რომ ტიბო კურტუა თავისუფლად ფლობს ჰოლანდიურს, ფრანგულს, ესპანურს და ინგლისურს. ჰყავს და, რომელსაც ვალერი ჰქვია და ბელგიის ნაკრების ფრენბურთელია. ვალერი მშობლების კვალს გაჰყვა — დედაც და მამაც ფრენბურთელები იყვნენ. 

 

ატლეტიკოში ტიბო იჯარით იყო, ისე ჩელსის ეკუთვნოდა. დასავლეთ ლონდონელებს მაშინ პეტრ ჩეხი ედგათ კარში და კურტუას ზამთარში ტყუილად სკამი რომ არ გაეთბო, მადრიდში გაუშვეს. იქ ტიბო ეშხში შევიდა და ესპანეთის ჩემპიონი ხომ გახდა, ზედაც თასი მოიგო, ევროლიგაზე და ევროპის სუპერთასზე გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც ითამაშა.

 

კიდევ, იმას გეტყვით, რომ ზემოთ ნახსენებმა ვილმოტსმა ნაკრების მწვრთნელობიდან წასვლის შემდეგ, 2018 წლის აპრილში თქვა, მე რომ შემადგენლობას დავაყენებდი კურტუა და მამამისი ტიერი ჩუმად „აბაზრებდნენო“. პრესისგან ფულს თუ იღებდნენ...

 

ერთხელ კიდევ, სიმონ მინოლემ ინტერვიუ მისცა, სადღაც თქვა ბევრს ვივარჯიშებ ბელგიის ნაკრებში ადგილი რომ მერგოსო, რაზეც კურტუა ტანსაცმლიანად გაგიჟდა — ემაგ მინოლეს ურჩევნია ჩუმად და მოკრძალებით ყოფნა ისწავლოს, რაღაც ბევრს ლაპარაკობსო. მაშინ ყველა გაოცებული იყო. ვერ გაიგეს რა თქვა მინოლემ გასაბრაზებელი.

 

და რა ვიცი კიდევ, რა...