თორნიკე შენგელია უკვე პირველი იყო

ისრაელში საქართველოს ნაკრები ისრაელთან ჩეხვისთვის ემზადებოდა.

მოვუგეთ ლიტვას, წავაგეთ გერმანიასთან და სამწუხაროდ, ვერ გავქაჩეთ უკრაინასთან. ალბათ, სამი მატჩის შემდეგ 1 მოგება ცუდი შედეგი არ იყო. ალბათ, ასეც იგეგმებოდა, მაგრამ ლიტვასთან მოგებით სულ სხვა მუღამი წამოვიდა. და, უკრაინასთან იაღლიშმა ღიმილი წაგვართვა.

ისრაელთან აუცილებლად უნდა მოგვეგო და შემდეგ, რჩებოდა იტალია.

ორი მოსაგები ჩეხვა.

მაგრამ იტალიამდე ისრაელი იდგა. ისრაელი ისრაელში. რთული ტესტი არასტაბილური ნაკრების წინააღმდეგ.

თორნიკე შენგელიამ ლიტვასთან დაგლიჯა. თოკომ 29 ქულა აკრიფა. და, 36 წუთში ბიჭმა მხოლოდ 1 შეცდომა დაუშვა. თითქმის იდეალური შეტევა. თითქმის იდეალური დაცვა. ნაკრებმა თორნიკეს განწყობა მაგრად გამოიყენა და ლიტვასთან გავძელით.

ბოლომდე.

ისრაელთან ყველამ მოინდომა. დამატებითი დრო, სისხლიანი გარჩევა წმინდა მიწაზე და უმძიმესი, 104:91 მოგება.

და, თორნიკე იქ პირველი იყო.

ზაზა ფაჩულიამ მშვიდად აკრიფა 19 ქულა და 11 მოხსნა. სტაბილური.

დუდა სანაძემ 3 სამიანი გლიჯა და 17 ქულა დატოვა.

მანუჩარ მარკოიშვილი 11 ქულით შემოვიდა თემაში და იყო სანდო. როგორც ყოველთვის.

მაიკლ დიქსონმა დაგლიჯა (18, 8 პასი).

და, თორნიკე იყო ტანკი. რომელმაც ისრაელი გადათელა. 25 ქულით, 19 მოხსნით. შეუჩერებელი. დაუნდობელი. აგრესიული. მკვლელი.

იმ მატჩში ნაკრებმა ახალი ლიდერი მიიღო. თოკომ და ნაკრებმა იტალიასთან ბრძოლა წააგეს და ჩვენ მეორე ეტაპზე, სტამბოლში ვერ გადავედით. მეტი უნდა აგვეღო და ნაკლებზე დავრჩით.

და, ნაკრებმა ახალი ლიდერი მიიღო. მსოფლიომ თავი დაუხარა თორნიკეს.