ვინ მოიპარა უზარმაზარი ბოტასი?

 

 

 

 

 

 

 

სპორტსმენებს ბევრი აქვთ მოსაყოლი. ადრეც მითქვამს, რომ ბედმა კეთილი თვალით გადმომხედა, როდესაც დიდ ქართველ კალათბურთელზე, 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონ ნიკოლოზ დერიუგინზე მომიწია წიგნის დაწერა.

 

Самые высокие люди - Владимир Ткаченко - 2,20 м

 

ჩემს ჟურნალისტურ კარიერაში შემხვედრიან სპორტსმენები, რომლებსაც პირიდან სიტყვები ძალად უნდა ჰქაჩო. ასეთი ვერ ლაპარაკობს. ვერაფერს იგონებს. შენ თუ გაახსენე მისივე რაიმე ისტორია და... გაიღიმებს ან თავს დაგიქნევს. მეტი არ შეუძლია. თუმცა, ყოფილან ისეთებიც, რომელთაც კითხვის დასმა არ სჭირდებათ. ზუსტად ხვდებიან, რა არის მოსაყოლი და რა არა. რა აინტერესებს მკითხველს, რისი წაკითხვა სურს. ეს ნიჭიერი, გონებაგახსნილი ხალხია და მათ შორისაა დიდი კოლია დერიუგინიც.

დღეს, ნება მომეცით, წიგნიდან `ჩევნი კოლია დერიუგინი” ერთი სახალისო ეპიზოდი გავიხსენო. ამბავს თავად კოლია ჰყვება:

ვლადიმერ ტკაჩენკოზე ბევრი მაქვს გასახსენებელი. საერთოდ, ჩვენ, სპორტსმენებს, ერთი თვისება გვახასიათებს: თამაშის დროს თავს ვიკლავთ, ერთმანეთს არაფერს ვუთმობთ, ჩხუბიც მოგვდის, მაგრამ გავალთ თუ არა დარბაზიდან, მეგობრები ვართ. გარეთ არანაირი წყენა არ მიგვყვება. ერთხელ, მაგალითად, ასეთი ამბავი გადაგვხდა:

 

როგორ მოვაშოროთ ბავშვის ბოტასებს ...

 

თბილისში ჩამოსული კალათბურთელები ხშირად მთხოვდნენ მანქანით ღვინის მაღაზიაში გავყოლოდი და გამყიდველებისთვის მეთხოვა შეძენილი ღვინო კარგად შეეფუთათ, რათა, შემდეგ, თვითმფრინავში შეტანაზე პრობლემა არ ჰქონოდათ. მარჯანიშვილის მოედანთან მქონდა ერთი მაღაზია შერჩეული. ყველა იქ დამყავდა. ერთხელაც, ტკაჩენკომ მთხოვა „ქინძმარაულის“ ან რაიმე კარგი სხვა სუფრის ღვინის ყიდვაში დავხმარებოდი, მის მეუღლეს ჰყვარებია. არაყი არ მინდა, ჩვენიც ოხრად გვაქვსო. იმ დღეს, სპორტის სასახლეში ჯერ ჩვენ გვქონდა ვარჯიში, შემდეგ კი მის გუნდს. დაველოდე, ჯერ მისი სპორტული ჩანთა ავიტანეთ სასტუმრო „აჭარაში“, შემდეგ კი მაღაზიაში წავედით და ღვინო ვიყიდეთ. სასტუმროში დაბრუნებულებს ვოვას ნომერში დიდი არეულობა დაგვხვდა.  შევშფოთდით. ბუნებრივია, ტკაჩენკომ, უპირველეს ყოვლისა იმის შემოწმება დაიწყო, წაიღეს თუ არა რამე. როგორც გაირკვა, არაფერი დაკარგულა მისი სათამაშო ფეხსაცმლის გარდა. წარმოგიდგენიათ? ტკაჩენკოს 56 ზომა ფეხი ჰქონდა და ვიღაცამ ამხელა ბოტასები სახლში წაიღო. არადა, მეორე დღეს თამაშია: „დინამო“ – „სტროიტელი“.

ვოვამ სასწრაფოდ მწვრთნელს დაურეკა, ის კი მე მომადგა: კოლია, გეხვეწები, ჩვენი მასაჟისტი აეროპორტში მიიყვანე, რამენაირად თვითმფრინავში ჩასვი და გაამგზავრე. ვოვას მეორე წყვილი ბოტასი შინ უდევს და იქნებ, ხვალამდე, რამენაირად ჩამოვიტანოთო. სხვანაირად 56 ზომა სპორტული ფეხსაცმლის შოვნა შეუძლებელი იყო. და წარმოიდგინეთ, მეორე დღეს, თამაშამდე თხუთმეტი წუთით ადრე, ვლადიმერ ტკაჩენკო გასახდელში, ფორმაში ჩაცმული, ოღონდ ფეხშიშველი, რომ იჯდა, კარი გაიღო და კიევიდან დაბრუნებულმა მასაჟისტმა შემოაბიჯა.

 

ნიკოლოზ დერიუგინი - ვიკიპედია

 

დღემდე არ ვიცი რა მოხდა, ვინ წაიღო ტკაჩენკოს ბოტასები, ვის რად უნდოდა... ვფიქრობ, აქ ორი ვარიანტია: ან ვინმე „დინამოს“ გულშემატკივარმა მოიპარა, ტკაჩენკო მეორე დღეს სათამაშოდ რომ ვერ გამოსულიყო ან ვიღაცამ არაბუნებრივი ზომის ფეხსაცმელი სამახსოვროდ გააყოლა ხელს”

ვისაც გოლიათი ვლადიმერ ტკაჩენკო კარგად ახსოვს, ისტორიის კომიკურობას თვალნათლივ წარმოიდგენს.

ისე, მაინც რა თამაშები იყო, რა დაპირისპირება. თან ჩვენები ცსკა-ზე და ჟალგირისზე სუსტები იყვნენ, მაგრამ მაინც როგორ იბრძოდნენ, განსაკუთრებით თბილისის ტურებში. ბებრის წუწუნად ნუ ჩამომართმევთ და იმ დროს მართლა ჰქონდა თავისი ეშხი. გეფცებით, ყოველგვარი საბჭოთა ნოსტალგიის გარეშე.

თუმცა, საბჭოთა კავშირი როგორ შეიძლება კაცს გენატრებოდეს...