ლაშა ტალახაძე სპორტზე მეტია

როდესაც ბრიუს სპრინგსტინმა გამოუშვა ალბომი Born In The USA, ეს იყო ამერიკის პასუხი ბრიტანული როკის ღმერთებს. პასუხი ჯონ-პოლ-ჯორჯს, რობერტს და ჯიმის, მიკს და კიტს, იანს და რიჩის. ეს იყო ამერიკული გზა. ეს იყო ამერიკული ოცნება ბრიუსის ლექსებში და მის საოცარ მუსიკაში.

სპრინგსტინი ამერიკის ელჩი გახდა.

მთელი მსოფლიოსთვის.

ლაშა ტალახაძე საქართველოს ელჩია.

ალბათ, ლაშა ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელსაც ყველა თაობის წარმომადგენელი უდიდეს პატივს სცემს. უბრალოდ, უყვარს.

ძალოსნობაში კარგი, ულაპარაკოდ ნიჭიერი სპორტსმენები ებრძვიან რკინას. ისინი ამყარებენ პირად რეკორდებს. შემდეგ, მოდის ლაშა და შტანგას მათთან ერთად სწევს.

რა ჰაეროვნად აკეთებს ამას. და, ამ დროს ხარ ამაყი, რომ შენც საქართველოში დაიბადე. რომ შენც ლაშასიანი ხარ.

ტალახაძე მეკვლე გახდა. ყველა ქართული ოჯახის. ჩვენი უძლეველი დევი წარმატებული საქართველოს სახე, წარმატების მეკვლე გახდა. ალბათ, როდესაც ცელქი ბავშვი არ მიირთმევს ფაფას ან უბრალოდ, ჭირვეულობს, მზრუნველმა მშობელმა უნდა უთხრას, ჭამე, საყვარელო და ლაშასავით დიდი და წარმატებული გახდებიო.

ალბათ, ჩემი კოლეგების უმრავლესობა ბედნიერია, რომ ლაშას ეპოქაში უწევს წერა, მოღვაწეობა. ბევრისთვის დიდი პატივია, რომ იცნობს, მეგობრობს ამ არაჩვეულებრივ კაცთან, რომელიც უდიდესი წარმატების შემდეგაც ჩვეულებრივი და უბრალო კაცია.

იმიტომ, რომ ასე გაზარდეს და იმიტომ, რომ ლაშა ძალიან დიდია.

შედეგების გახსენებას ალბათ, აზრიც არ აქვს. ისედაც ყველამ ყველაფერი ვიცით.

დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში ლაშა ყველაზე დიდი კლდეა. ლაშამ სამუდამოდ მოირგო ქართული ჩოხა, გაშალა მხრები და სიამაყით გადმოხედა ბრძოლის ველს. მალე, ძალიან მალე კიდევ ერთი ბრძოლა დაიწყება. და, ის, ლაშა მზად იქნება.

საქართველოსთვის.