თორნიკე შენგელია თუ რეალი?

ევროლიგაზე სამი გუნდის ჩეხვა იწყება.

ბარსელონა და რეალი რუსულ ტანკს შეასკდება. და, არის შანსი, რომ ტანკი კორიდაზე დაიშალოს.

რეალი თუ ცსკა? ესპანელები დავასკანეროთ.

პერიმეტრზე რაოდენობით რეალი იგებს, მაგრამ ამ გუნდს არ ჰყავს მაიკ ჯეიმსი. და, ამ გუნდს არ ჰყავს კარგი დამცველი. რუდი ფერნანდესის ბევრი პლიუსი ასაკთან ერთად დაიფერფლა.

მეოთხე ნომრებიდან ენტონი რენდოლფი ძალიან კარგი მსროლელი და სუსტი დამცველია. მესამე ნომრებში ფაბიენ კოსიე კარგია, მაგრამ მას ნაკლებად ენდობა სენიორ ლასო. კოსიეს რომ ბოლო ოთხთა ფინალში მეტი ეთამაშა, რეალი ცსკას მოუგებდა.

ფელიპე რეიესი ასაკი და ავტორიტეტია. ამ კომპონენტებით ნიკოლა მილუტინოვს და თორნიკე შენგელიას ვერ გააჩერებ. შანსი არ გაქვს.

დასალაგებელია უკანა ხაზის ამბები. ფაკუნდო კამპაცოზე არის დამოკიდებული, ჩაერთვება (და, მოასწრებს თუ არა) რეალი კოსტას სლუკასისთვის ბრძოლაში. ბერძენს ოლიმპიაკოსში დაბრუნება სურს.

მეტ დროს მიიღებს ვუნდერკინდი უსმან გარუბა, რომელსაც აქვს საოცარი ფიზიკური კონდიციები, რომელიც მაგრად დგას სამწამიანში და რომელსაც აკლია გამოცდილება. და, ლასო უნდა ჩამოყალიბდეს, რა დროს მიიღებს ჯეისი ქეროლი.

უოლტერ ტავარესი არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია მილუტინოვის შეჩერება. ბოლომდე ვერ, მაგრამ მაინც შეუძლია.

და, ვინ არის რეალში თორნიკეს სტოპერი? საერთოდ არავინ. გაბრიელ დეკი? ვერ გაქაჩავს. თორნიკეს პლიუსებიდან დეკს აქვს მხოლოდ გამტანობა. დანარჩენში ჩვენი ბიჭი ბევრად წინ არის.

რეალი უკეთესია ქაღალდზე, მაგრამ გუნდს აკლია კარგი მეოთხე ნომერი და ასაკი.