ზიდანია და იმიტომ!..

ყველა დიდ მწვრთნელს აქვს თავისი უცნაური მეთოდი და სიგიჟე. მაგალითად, ზეპ ჰერბერგერი ზოგჯერ ღამე წამოახტუნებდა ხოლმე გერმანიის ნაკრების ფეხბურთელებს და მსუბუქ ვარჯიშებს აკეთებინებდა ოთახშივე. ვალერი ლობანოვსკიზე ამასწინათაც დავწერეთ, მის ვარჯიშებზე ცუდად ხდებოდნენ და სუნთქვა ეკეტებოდათ. რაიომონ დომენეკი ჰოროსკოპის მიხედვით ადგენდა, ვინ წაეყვანა საფრანგეთის ნაკრებში... 

 

ზინედინ ზიდანი? რით აღწევს ზიზუ ამ ფენომენალურ შედეგებს? როგორ მოხდა, რომ პანდემიის მერე რეალი ექსპრესივითაა და აღაფაერს ვამბობ ზედიზედ სამჯერ მოგებულ ჩემპიონთა ლიგაზე.

 

აი, რას ამბობს ზისუს თანაშემწე დევიდ ბეტონი:

 

„ზიდანს ბრწყინვალე ურთიერთობა აქვს ფეხბურთელებთან. ეს არაა მეთოდიკა, ზიდანი ბუნებრივადაა ასეთი და არ თამაშობს. ის გასახდელით სუნთქავს. ფეხბურთელებიც მას პატივს სცემენ.


...ზიდანმა იცის, ვის როგორ უნდა ესაუბროს. რასაც გრძნობს, იმას ამბობს და ესაა მისი მთავარი ხაზი. თუ პრესკონფერენციაზე ამბობს, რომ ესა თუ ის ფეხბურთელი რეალისთის მნიშვნელოვანია, ესე იგი, მართლაც ასეა“.


საქმეც ესაა. ზიდანს არ სჭირდება ტყუილი და პირფერობა, იმიტომ, რომ ზიდანია. ამაშია მისი ძალა. თვალს თუ გადავავლებთ, ზიდანს დაპირებები არ უყვარს - არცერთ ფეხბურთელზე არ უთქვამს, „მომავალში გამოგვადგება“, „ჩვენი იმედია“ და ასე შემდეგ. იმიტომ რომ იცის, შეიძლება არც მომავალში გამოადგეს.

 

ზიდანმა სათადარიგო სკამზე დასვა ორი ფიგურა: მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი და 91-მილიონიანი გარემარბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი გოლი გაიტანა. ხამეს როდრიგესი და გარეთ ბეილი. ფეხბურთელები, რომლებიც სამშობლოში სიგიჟემდე უყვართ. რისკია? აბა რა, რეალს რომ ცუდად წასვლოდა საქმე, ზიზუს აუცილებლად წამოაძახებდნენ, თუ რატომ ათამაშებდა ბეილის ნაცვლად ასენსიოს, ან ხამესის ნაცვლად ვასკესს. მაგრამ ფრანგი საამისოდ მზად იყო.

 

და როდესმე გაგიგიათ, ან ხამესს, ან ბეილს პრესაში ზიდანი გაეკრიტიკებინოთ? არა. ალბათ თავადვე იციან, რომ რაღაცას აკლებენ და უსაფუძვლოდ არ არიან სკამზე.

 

ზიდანმა კარგად იცის თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგია, მაგრამ როგორც ამბობენ, მისი განსაკუთრებული ძალა გასახდელში იგრძნობა. და ერთ-ერთი უმთავრესი ნიშანი, რაც რეალს აქვს - არასოდეს არ ტყდება და კარგად გემახსოვრებათ, რამდენჯერ გამომძვრალა რთული სიტუაციებიდან, როცა თითქოს თამაში არ მისდიოდა. და რამდენად ძლიერია რეალი მეორე ტაიმში.

 

ეს ზიდანისებურია. მტკიცე ხასიათი.