თილისმა შერჩეულია

ლოზანა-2020-ს შვეიცარიაში თილისმა შეურჩიეს

2020 წელს ლოზანა ზამთრის მესამე ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ლოზანა-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა მომავალი თამაშების თილისმა - იოდლი წარადგინა. თილისმა ადგილობრივი ხელოვნების სკოლის სტუდენტებმა შეიმუშავეს, არჩევანი კი ახალგაზრდა შვეიცარიელმა სპორტსმენებმა გააკეთეს, რომლებმაც სხვა ნამუშევრებს შორის იოდლი გამოარჩიეს.
 

 

იოდლი ჰიბრიდული არსებაა, რომელშიც შერწყმული არიან შვეიცარიის მთების ბინადრები: ძროხები, თხები და სენბერნარის ჯიშის ძაღლები. ამასთან, იოდლი სიმბოლურად განასახიერებს ზამთრის ახალგაზრდა ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა მრავალფეროვნებას.
 

 

2020 წელს ლოზანას ეწვევა 15-დან 18 წლამდე 1800 ათლეტი, რომლებიც საკუთარ ძალებს მოსინჯავენ სპორტის 8 სახეობაში. შეჯიბრებები ჩატარდება შვეიცარიაში და მეზობელ საფრანგეთში.