ლიდსი

 

 

 

 

 

 

 

16 წლის შემდეგ, ლიდსი პრემიერლიგაში დაბრუნდა. ლიდსი ალბათ ყველაზე მონატრებული გუნდი იყო ინგლისური ფეხბურთის ელიტაში. ასევეა ნოტინგემ ფორესტიც, მაგრამ მეტყევეებს ჯერჯერობით ამაზე მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ.

ლიდსი პრემიერლიგაში 5907 დღის შემდეგ დაბრუნდა. მანამდე არცერთ კლუბს დასჭირვებია ამდენი დრო ელიტაში კვლავ მოსახვედრად.

მწვრთნელი, მარსელო ბიელსა კი ნამდვილი ჯადოქარია. ხუმრობა ხომ არ არის, მან მუშაობის მეორე წელსვე მიაღწია ასეთ წარმატებას. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ლიდსის ქომაგები მას კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად მიიჩნევენ. მან თითქოს ნავსი გატეხა, ჯადო ახსნა გუნდს.

ამ ხნის განმავლობაში ლიდსი რამდენჯერმე ახლოს იყო წარმატებასთან, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. მაგალითად, 2016-17 წლების სეზონში გარი მონკის ხელმძღვანელობით, თეთრები ახლოს იყვნენ ჩემპიონშიფის პლეი ოფთან, მაგრამ მეექვსე ადგილე მყოფ ფულემს ხუთი ქულით ჩამორჩნენ. მაშინ იუნაიტედის ქომაგები მართლაც ვერ წარმოიდგენდნენ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში გუნდი ისევ პრემიერლიგის ბინადარი გახდებოდა.

 

Marcelo Bielsa: The no-nonsense coaching methods Swansea City stars can  expect if mercurial Argentine is appointed - Wales Online

 

ბიელსა ლიდსში შარშანდელი სეზონის დასაწყისში მივიდა და თავდაუზოგავი შრომით მართლაც კარგი გუნდი ჩამოაყალიბა. თეთრები 20 ტურის განმავლობაში ლიდრობდნენ ჩემპიონშიფის ცხრილს, მაგრამ ბოლო ეტაპი ჩააგდეს და ჯამში მესამე ადგილი დაიკავეს. პლეი ოფის ნახევარფინალში კი დერბი ქაუნთის ვერ აჯობეს.

ბიელსა გაბრაზდა და წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ კლუბის იტალიელმა მფლობელმა, ანდრეა რადრიცანიმ, არგენტინელი სპეციალისტი დაარწმუნა კიდევ ერთი სეზონით დარჩენილიყო.

ლიდსმა თავიდან უხეიროდ დაიწყო, მაგრამ ახალი წლისთვის ვესტ ბრომვიჩთან ერთად, დანარჩენებს 8 ქულით გაუსწრო. პანდემიის პაუზის დაწყებისას კი ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობდა. ნაკორონევს ბიელსას გუნდმა შვიდი მატჩიდან ხუთი მოიგო, ერთი ფრედ დაასრულა და ერთი წააგო. თანაც აღმოჩნდა, რომ ლიდსს საუკეთესო დაცვა ჰყავს ლიგაში, რომელიც მატჩში გოლზე ნაკლებს უშვებს - 34 გოლი 44 შეხვედრაში.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა, ლიდსს ერთი სეზონი კიდევ უნდა ეთამაშა ჩემპიონშიფში, საბოლოოდ მომძლავრებულიყო და მერე დაბრუნებულიყო ელიტაში. ამას წინა სეზონზე დაყრდნობით ამბობენ, რომლის ბოლოსაც ბიელსას გუნდი ლამის ნაწილებად დაიშალა, ვერ გაუძლო შეჯიბრის ტემპს. თუმცა მიმდინარე სეზონში ბიელსას შეგირდებმა მოუმატეს როგორც ფიზიკურად, ასევე ტაქტიკურადაც.

ბიელსას ვარჯიშებზე ხომ ლეგენდები დადის. ზოგი მას ჯარში სამსახურს ადარებს. მარსელო ფეხბურთელებისგან დიდ გამძლეობას ითხოვს და მიაჩნია, რომ მხოლოდ ასე შეიძლება წარმატების მიღწევა.

 

Leeds United should be in Premier League if Coronavirus ends season |  Yorkshire Post

 

კლოპის არ იყოს, ბიელსასთვისაც მთავარი მაღალი ტემპია. ერთხელ მან თქვა: „ჩემი თამაშის სტილი ძალიან იოლია - სულ დავრბივართ, დავრბივართ და დავრბივართ.“ მისი ფილოსოფიის უფრო ზუსტი აღწერა შეუძლებელია.

თუმცა, ამ სტილს თავისი უარყოფითი მხარეებიც აქვს. მაგალითად, მატეუშ კლიხი ამბობს: „ვარჯიშებზე 11 11-ზე ვთამაშობთ ხოლმე. დავრბივართ, დავრბივართ და გაჩერება არ შეიძლება. თუ ცოტას მოდუნდები, მწვრთნელი ყვირილს დაგიწყებს, რაც არავის უნდა. ეს ძალიან რთულია, მაგრამ სხვა გზა არ არის.“

ასეთმა დამოკიდებულებამ გადაწვა შარშანდელი სეზონის ბოლოს გუნდი. წლეულს კი, იგივე პანდემიის გამო გამოცხადებული ხანგრძლივი პაუზის გამო არ მოხდაო - ასეთია ზოგი სპეციალისტის დასკვნა.

ასეა თუ ისე, ლიდსი პრემიერლიგაშია. ბიელსა ტრიუმფატორია და ახლა ახალ ტრანსფერებზე და გაძლიერებაზია საფიქრალი.