ბასილაშვილის უარი რუსეთს და აფრიალებული ქართული დროშა

ჩოგბურთში წარმატების მიღწევას, სხვა პოპულარულ სპორტებთან შედარებით, ბევრად მეტი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება. ნიკა ბასილაშვილის ცხოვრება უზრუნველყოფილი არასდროს ყოფილა, ის უფრო ჰოლივუდის ფილმს ჰგავს, როდესაც ადამიანი ნულიდან იწყებს და თვისი შრომით მწვერვალებს იპყრობს. მას დასამალი არაფერი აქვს და წარსულზეც ღიად საუბრობს. საქართველოში ყველამ კარგად იცის, ბასილაშვილმა რა გზა გამოიარა, ხშირად ყოფილა, ღამით დასარჩენი არ ჰქონდა და მანქანაში ეძინა. მისი წარმატება მთლიანად თავდაუზოგავმა შრომამ და მიზანდასახულობამ მოუტანა. ჩოგბურთის სიყვარულმა ყველაფერს აჯობა და დღეს ამ სპორტის სამყაროში ყველა იცნობს. 

 


იმაზე არ ვისაუბრებთ, რაც ნიკაზე აქამდეც დაწერილა. ამ ტექსტის მიზანია ბასილაშვილის კარიერის ის გარდამტეხი მომენტები გავიხსენოთ, რაც გულშემატკივრების ფართო აუდიტორიამ არ იცის და საქართველოსთვის საამაყო სპორტსმენის ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი ითამაშა. 

 

No description available.

 


12 წლის იყო, როდესაც ამერიკაში ჩავიდა. ეს წარმატებისკენ პირველი ნაბიჯი იყო, რომელმაც შედეგი, ცოტა მოგვიანებით, სამი წლის შემდეგ გამოიღო. ჩოგბურთის სამყაროს თავისი ძალა 15 წლის ასაკში დაანახა, როდესაც ORANGE BOWL-ის ნახევარფინალში გავიდა და, მხოლოდ მომავალ ჩემპიონთან, ბერნი ტომიჩთან წააგო. 16 წლამდე ასაკში, ORANGE BOWL-ი ახალგაზრდა ჩოგბურთელებისთვის მთავარი ტურნირია. აქ ისეთ ვარსკვლავებს გაუმარჯვიათ, როგორებიც: როჯერ ფედერერი, ბიორნ ბიორგი, ენდი როდიკი, ჯონ მაკენროი, შტეფან ედბერგი და სხვები არიან. 

 

No description available.

 


ამ წარმატების შემდეგ, ბასილაშვილის თამაშმა მრავალი აკადემიის ყურადღება მიიპყრო და მას, სხვებს შორის, მსოფლიოში გამორჩეული, მიტროღლუს აკადემიაც დაუკავშირდა. ნიკამ არჩევანი მიტროღლუს აკადემიაზე შეაჩერა და სავარჯიშოდ საფრანგეთში წავიდა. 

 


2009-10 წლებში, ბასილაშვილს უკვე ყველა იცნობდა და, გორინის აკადემიის ხელშეწყობით, მას რუსებიც დაუკავშირდნენ. ქართველმა რამდენიმე თვე რუსეთში მართლაც გაატარა და საკმაოდ დიდი გამოცდილებაც მიიღო, თუმცა დევისის თასზე რუსეთის სახელით თამაშზე კატეგორიული უარი განაცხადა. არადა წინადადება საკმაოდ მაცდურად გამოიყურებოდა, სამასი ათასი დოლარი წელიწადში, მაშინ როცა საქართველოში, ნაკრების მოთამაშეებს ხელფასი თვეში 100 ლარამდე ჰქონდათ.  ნიკამ რუსები უარით გაისტუმრა და საქართველოს დროშის ქვეშ თამაში არჩია. მაშინ რუსეთის ნაკრებში ისეთი დიდი ჩოგბურთელები თამაშობდნენ, როგორებიც ყოფილი პირველი ნომერი, მარად საფინი, ყოფილი მესამე ნომერი, ნიკალაი დავიდენკო და სხვები იყვნენ. 

 

 


ამის შემდეგ, ბასილაშვილის კარიერა უკვე ვარსკვლავურია, მასზე ყველა წერს და აღმატებით ხარისხში საუბრობს. ის, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, იმ იშვიათ სპორტსმენებს შორისაა, რომელმაც მსოფლიოს ერთერთ პოპულარულ სპორტის სახეობაში ითამაშა და წარმატებას მიაღწია. ნიკამ საქართველოს სახელით 3 ტიტული მოიგო და მსოფლიოს რეიტინგში მე-16 იყო. გვჯერა, რომ ის კარიერაში კიდევ მეტს მიაღწევს, მაგრამ ჩოგბურთიდან ახლავე რომც წავიდეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ყველაზე პოპულარულ სპორტებს შორის, მასზე უკეთესი ჯერ არავინ გვყოლია.