ბარსამ წააგო თუ რეალმა მოიგო?

დამთავრდა ლა ლიგის კორონიანი სეზონი და დატოვა შეკითხვა: ესპანეთის ჩემპიონის ტიტული რეალმა მოიგო თუ ბარსელონამ წააგო? პირადად მე ვფიქრობ, რომ რეალმაც მოიგო და ბარსამაც წააგო. ან პირიქით, ბარსამ წააგო და რეალმა მოიგო — კატალონიელები ხომ სეზონის მსვლელობისას უფრო მეტჯერ ლიდერობდნენ, ვიდრე მადრიდელები.

და მაინც, ეს „ის“ ბარსა აღარ არის!

გამარჯვების მიუხედავად რეალიც რაღაც სხვანაირია, თითქოს, უფრო მშრალი და რაციონალური. თუმცა, ეს ბლოგი იმდენად რეალზე არ არის, რამდენადაც ბარსელონაზე.

გახსოვთ, როგორც იყო? 2 მარტს მადრიდულ ელ კლასიკოში რეალმა გაიმარჯვა (2:0) და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა, მაგრამ მომდევნო ტურში მოულოდნელად ბეტისთან წააგო (1:2), ბარსამ კი სოსიედადს აჯობა 1:0 და… ესპანეთს კორონა დაეცა. ამის შემდეგ, ათი მარტიდან 12 ივნისამდე იბერიის ნახევარკუნძულზე ბურთი აღარ გაგორებულა. იყო საშინელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, შინ ჯდომა, „ქაღალდის სახლის“ ოთხივე სეზონის ყურება და მსჯელობა იმაზე, რომ თუკი ფეხბურთის ჩემპიონატი ოდესმე აღდგება, ბარსელონას ჩემპიონობისთვის ყველა დარჩენილი შეხვედრის მოგება დასჭირდება. მოკლედ, ყველაფერი ღვთის, ჩინური გრიპის და თავად ბარსას ხელში იყო, მაგრამ სათამაშო არც მეტი, არც ნაკლები 11 ტური რჩებოდა, მიჯრით 11 თამაშის მოგება კი თვით მესისა და კომპანიისთვისაც ძნელია. ყოველ შემთხვევაში, ლა ლიგაში. თან იმ სეზონში, როდესაც, რასაკვირველია, მაინც ძალიან ძლიერი გუნდი ხარ, მაგრამ საკუთარ თავს ვეღარ სჯობიხარ. აბა, სად „ის“ ბარსელონა და სად „ეს“.

 

Real Madrid crowned La Liga champion for first time since 2017 ...

 

ვიცი, რასაც იტყვიან. ზოგი იტყვის, რომ მადრიდელების თამაშებს მსაჯები იგებდნენ. რა გითხრათ, აბა. ეს რა თქმა უნდა ძალიან გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა ვფიქრობ, რომ რეალის სასარგებლო შეცდომები მსაჯებმა აქა-იქ მართლა დაუშვეს… მეორე მხრივ, ნაკორონევი ბარსაც ვეღარ ბარსობდა. ქულებს ჰკარგავდა. როგორც ერთმა კატალონიურმა გაზეთმა დაწერა, მარტო მესით და ტერ შტეგენით ჩემპიონი ვერ გახდები.

გახსოვთ, „ის“ ბარსელონა? ერთი წუთით შეტევას, მესის, ინიესტას, ჩავის, პასებს და სხვა ყველაფერს თავი დავანებოთ. დაცვაში როგორ თამაშობდა ხომ ცხადად გიდგათ თვალწინ? ბურთს თუნდაც მეტოქის ნახევარზე რომ დაკარგავდა მის დასაბრუნებლად მყისვე, თვალის დახამხამებაში იწყებდა ომს. გამგელებულ „მაღალ პრესინგზე“ გადადიოდა და ფეხბურთელები, როგორც ერთ ესპანურ წყაროში წავიკითხე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ბრუნდებოდნენ (რა თქმა უნდა თავქუდმოგლეჯილები) თავთავიანთ დაცვით პოზიციებზე, თუკი ბურთს მოწინააღმდეგეს დათქმული წამების განმავლობაში ვერ გამობრდღვნიდნენ. ეს არნახულ ფიზიკურ მომზადებას ითხოვდა, მაგრამ ძალიან ხშირად ამართლებდა. დარეტიანებულ მეტოქეს ბარსა ბურთს იქვე გამოგლეჯდა ხოლმე და ისევ ათასპასიანი შეტევით იწყებდა მის ბოლომდე დათრგუნვას.

და დღეს? ბარსელონას ახლანდელ მწვრთნელზე, კიკე სეტიენზე წერენ, რომ ის თავგადაკლული კრუიფისტია (გვარდიოლისტია), მაგრამ ფაქტია, რომ არც კორონამდელი და არც ნაკორონევი ბარსელონა არ იყო ერთ მუშტად შეკრული გუნდი; დაცვაშიც ბევრ შეცდომას უშვებდა და შეტევაშიც კრუიფ-გვარდიოლას სტილს მხოლოდ ბევრი პასით უხდიდა ხარკს, მაგრამ ეს პასები ხშირად თვითმიზნური და მოსაწყენი იყო.

 

Real Madrid defeat Barcelona in Clasico to regain top spot in La Liga

 

და ერთადერთი, ვისზეც რეალურად იდგა ბლაუგრანას შეტევა, 33 წლის ლეო მესი გახლდათ გენიალური გაბრწყინებებით, ჯარიმებით და ფსიქოლოგიური ფაქტორით — როდესაც მესი არათუ მოედანზეა, არამედ შინიდან სტადიონისკენ მიდის, მეტოქე უკვე დაძაბულია.

მესიმ, რომელიც პატარა ბიჭი აღარ არის, კორონაპაუზის შემდეგ თერთმეტივე შეხვედრაში თავიდან ბოლომდე, სულის ამოხდამდე ითამაშა, ბოლოს კი, ოსასუნასთან შინ წაგების შემდეგ (იმ დღეს, როდესაც ბარსამ რეალს ამ მარცხით სიმბოლური საჩუქარი მიართვა), გაცეცხლდა — ასე თუ ვითამაშებთ, კარგი დღე არც ჩემპიონთა ლიგაში გველისო.

ცამდე მართალი იყო ბარსელონას კაპიტანი.

და კიდევ, პატარა ბიჭობაზე გამახსენდა, ბარსელონაში ბევრი 30 წელს გადაცილებული ფეხბურთელია: პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ვიდალი, რაკიტიჩი, სუარესი (მესის ამ ჩამონათვალში შეგნებულად ვტოვებ)… ისინი, რასაკვირველია, მაინც მაგრები არიან , მაგრამ, დრო ხომ გადის. „ბარსამ“ ჩემპიონთა ლიგა ბოლოს 2015 წელს მოიგო, მას მერე კი მთელი 5 წელია გასული.

 

La personalidad de Setién | Deportes | EL PAÍS

 

მოკლედ, რაღაც შესაცვლელია. უპირველეს ყოვლისა, ალბათ მწვრთნელი. ან შეიძლება პრეზიდენტიც…

ასე რომ, ტიტული ბარსამ თავად წააგო.

და რეალმა მოიგო, რად უნდა ლაპარაკი.