ნადალი: კარიერის დასრულების არ მეშინია

რაფას თევზაობა და გოლფი დიდად არ იზიდავს

გრუნტის მეფე მელბურნშია და სხვების მსგავსად ავსტრალიის ღია პირველობისთვის ემზადება. რაფაელ ნადალს სამშობლოს გარდა მსოფლიოშიც უამრავი ქომაგი ჰყავს, რომლებსაც რა თქმა უნდა გული დასწყდებათ, როდესაც მალიორკელი მეჩოგნე და თანამედროვეობის ერთ-ერთი ლეგენდა სამეფო სპორტიდან წავა.

 

„ჩოგბურთის გარდა, ცხოვრებაში ბევრი საინტერესო რამ ხდება. ამიტომაც კარიერის დასრულება საერთოდ არ მაღელვებს. ვიცი, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდება. ამ დღის ნამდვილად არ მეშინია.

 

როდესაც მივხვდები, რომ უმაღლეს დონეზე თამაში აღარ შემიძლია და ამასთან ერთად ჩოგბურთისგან სიამოვნებას ვეღარ მივიღე, აუცილებლად სხვა საქმით დავკავდები.

 

რა თქმა უნდა მომავალზეც ნაფიქრი მაქვს. შევქმენი საკუთარი ფონდი და საჩოგბურთო აკადემია. ბუნებრივია, იმ ადამიანთა კატეგორიაში არ ვიქნები, რომლებიც მთელ დღეებს თევზაობასა და გოლფის თამაშში გაატარებენ“ - ამბობს რაფაელ ნადალი.