ფავორიტები გორში ქულას დასჯერდნენ

ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო მატჩი გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართა. ერთმანეთს ჩემპიონატის ფავორიტები შეხვდნენ, დილამ ბათუმის დინამოს უმასპინძლა და მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

 

ანგარიში კურიოზული ავტოგოლით გაიხსნა. მე-15 წუთზე ბათუმელებმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდეს, ხურცილავამ ბურთის საჯარიმოდან გამოტანა სცადა, თუმცა ბულგოუ იენდუეტის მოხვდა და გუგეშაშვილის კარში აღმოჩნდა. 

 

მასპინძლებმა ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრეს. 43-ე წუთზე ბათუმელთა მცველების უხეში შეცდომის შემდეგ, ბურთი თემურ მარკოზაშვილს მიუვიდა, რომელმაც ირაკლი ლექვთაძეს მშვენიერი პასი გაუკეთა და მანაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

 

მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა. ბურთს უმეტესად დინამო ფლობდა, თუმცა როგორც უკვე გითხარით ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

საგულისხმოა, რომ ტრავმიანობის გამო დილას სათდარიგოთა სკამზე 7-ის ნაცვლად 4 ფეხბურთელი იჯდა. 

 

დილა 15 ქულით პირველ ადგილზეა და შემდეგ ტურში საბურთალოს ესტუმრება, ბათუმის დინამომ კი 11 ქულას მოუყარა თავი და მე-7 ტურის შემდეგ მე-4 პოზიციაზე ჩამოქვეითდა, გეგუჩაძის შეგირდები შემდეგ შეხვედრაში სამტრედიას მიიღებენ.