მაინც გამოდის...

ჰაცუ ბაშოს არცერთი უძლიერესი ფალავანი არ დააკლდება

მოახლოვდა სუმოში წლის პირველი სუპერტურნირი - ჰაცუ ბაშო, რომელიც ტოკიოში, „რიოგოკუ კოკუგიკანის“ სასახლეში 13 იანვარს აიღებს სტარტს და 27 იანვრამდე გასტანს.

 

სათაურმა დაგაბნიათ? დიახ, სამწუხაროდ ქართველი ოძეკის, ტოჩინოშინის ტურნირში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ბაშოს დაწყებამდე ერთი კვირით ადრე, ვარჯიშზე ლევან გორგაძეს მარჯვენა ბარძაყის კუნთი გაუწყდა და ექიმები მას თავის შეკავებას ურჩევდნენ. კარგი ისაა, რომ კუნთი ბოლომდე გაწყვეტილი არ არის.

 

„დაზიანების შესახებ რომ გავიგე თავიდან ძალიან შევწუხდი. ახლა უკეთესობას ვგრძნობ და ბაშოზე გამოსვლის უდიდესი სურვილიც მაქვს. სიტუაციას ჩემი კლუბის პრეზიდენტთან ერთად განვიხილავ და გადაწყვეტილებას ისე მივიღებ“, - განუცხადა ტოჩინოშინმა იაპონურ მედიას.

 

ქართველ ფალავანს, როგორც ხშირად სჩვევია ტრავმა არაფრად ჩააგდო ჰაცუ ბაშოზე მონაწილეობის გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ტოჩინოშინი ფეხს ძალას ვერ ატანს და ასეთ დროს, ბრძოლისას ძალიან დიდია კუნთის ბოლომდე გაწყვეტის რისკი. 

 

ტოკიოში, წლის პირველი ბაშოს გამოტოვების შემთხვევაში, ლევან გორგაძეს მარტის ტურნირზე ოძეკის წოდების დაცვა მოუწევდა. ალბათ შეხსენება არ გჭირდებათ, რომ 2018 წელს, სწორედ იანვრის ბაშოზე გამარჯვებით ტოჩინოშინი ისტორიაში შევიდა, როგორც მესამე ევროპელი და პირველი ქართველი, რომელმაც იაპონიის იმპერატორის თასი მოიგო.

 

ამასობაში, ბაშოს დაწყებამდე ორი დღით ადრე, ტრადიციულად გამოქვეყნდა სასტარტო ორი დღის განრიგი. ტოჩინოშინი, სუპერტურნირს იაპონელ მაეგაშირებთან დაპირისპირებებით დაიწყებს. 13 იანვარს, ლევანის მეტოქე ჰოკუტოფუჯი იქნება, ხოლო მომდევნო დღეს ნიშიკიგი.

 

ბოლოს კი დავძენთ, რომ ჰაცუ ბაშოს არცერთი უძლიერესი ფალავანი არ დააკლდება.