წერტილი მელბურნში

შოტლანდიელი ჩოგბურთელი კარიერას ასრულებს

ის ATP ტურში მონსტრებთან ერთად გამოჩნდა და თავისი შეუპოვრობითა და ბრძოლისუნარიანობით თავადაც მონსტრად ჩამოყალიბდა. დიდმა ოთხეულმა, როგორც მათ გულშემატკივრები და ექსპერტები უწოდებდნენ საჩოგბურთო სამყაროში ეპოქა შექმნა. მათთან მიახლოებას წლების მანძილზე ვერავინ ახერხებდა.

 

როჯერ ფედერერთან, რაფაელ ნადალთან და ნოვაკ ჯოკოვიჩთან ჭიდილში მან საწადელს მაინც მიაღწია და მსოფლიოს პირველი ჩოგანი გახდა. ენდი მარიმ დიდი სლემის ტურნირი სამჯერ მოიგო, აქედან ორჯერ უიმბლდონზე იჩემპიონა, ხოლო 2012 წელს ამერიკის ღია პირველობაზე. შოტლანდიელი ჩოგბურთელი ასევე ორჯერ გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ერთეულთა თანრიგში.

 

31 წლის ენდი მარი კარიერას ასრულებს. 2019 წლის სეზონი, უფრო სწორად ავსტრალიის ღია პირველობა მისთვის ბოლო ტურნირი იქნება.

 

„გუნდს უკვე ვესაუბრე და ვუთხარი, რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. გავათვითცნობიერე, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიმეღო. ტკივილებს ისევ განვიცდი და არ ვიცი როდის შეწყდება. მსურდა უიმბლდონამდე მომეთმინა, მაგრამ ეს შეუძლებლად მეჩვენება.

 

ავსტრალიის ღია პირველობა ალბათ ჩემთვის ბოლო ტურნირი იქნება და კარიერასაც აქ დავასრულებ. მელბურნში მაქსიმალურად დავიხარჯები“ - აღნიშნა ენდი მარიმ პრესკონფერენციაზე.