მთელი თვის ამბები

 

 

 

 

 

 

 

აბა, სირცხვილიც კია, რამდენ ხანს აღარაფერი დამიწერია ამ სვეტში.

კოვიდის ბრალია. იმისგან საბოლოოდ გაფუჭებულ ფეხბურთს ვაბრალებ, თორემ ამდენი წლის ნალოდინარი ლივერპულის ჩემპიონობას გვერდს ვინ აუვლიდა.

რას იზამ, მუღამი არ ქონდა. რა უნდა დაწერო? კომპიუტერის ხმაური, კოპის ხმაურის ნაცვლად?

მაგარია, რომ საბოლოოდ გაიმარჯვეს. ჩემთვის რომ ეკითხათ, განუახლებლად მივანიჭებდი ჩემპიონობას, მაგრამ ფეხბურთის მოხელეებს მაინც სხვა დათვლა აქვთ.

იქამდე, ჩემპიონი გახდა ბაიერნი, მერე რეალი და ასე. ბელარუსამდე ნუ ჩავალთ.

 

Jermaine Beckford makes Premier League prediction with Leeds ...

 

თუკი ოდესმე ეს კოვიდობა მოთავდება და ფეხბურთის ყურება ძველებური მუღამით მოხერხდება, აუცილებლად უნდა დავუდარაჯდეთ გადმოცემებს ელანდ როუდიდან: ლიდსი პრემიერლიგაში დაბრუნდა და ცოდვა გამხელილი ჯობს, ეგ ამბავი ლივერპულის ჩემპიონობაზე ნაკლებად არ გამხარებია, რასაც ორიოდე მიზეზი აქვს:

ერთი რომ, როცა ჩვენს მხარეში პრემიერლიგის სახლში და ტელევიზორში ყურება დავიწყეთ, მაშინ ეკრანებზე დევიდ ო’ლირის მაგარი ლიდსი აფრქვევდა განცდებს და იმის ცქერის გარეშე აბა, რა იქნებოდა. ახალგაზრდები ჰყავდა, ზოგნი გვარიანად ხულიგნებიც, მაგრამ ფეხბურთს ისე თამაშობდნენ, დღეს რომ სანთლით არ მოიძებნება. ისეთი გუნდი იყო, დარენ ჰაკერბიც კი ვიღაც ძალიან მაგარი გამოდგებოდა ხოლმე.

მეორე ამბავი კი ისაა, რომ ორი სეზონია ლიდსს მარსელო ბიელსა წვრთნის, რომელმაც თანამდროვე ფეხბურთი მოიგონა. კი ამბობენ, გვარდიოლამ მოიგონაო, მაგრამ გვარდიოლა ამბობს, ბიელსამ მოიგონაო, ეგაა ჩვენს შორის უპირველესიო.

ამიტომაც, სერიოზულ ინგლისურ გაზეთებში ბიელსას ლიდსური ვარჯიშების შესახებ მგონი მეტი იწერებოდა, ვიდრე საკუთრივ ლიდსის თამაშებზე. ლიდსი შარშან დიდ ხმაურით ვერ გადმოვიდა, წლეულს კი ჩეპიონშიფი მოიგო და თექვსმეტი წლის თავზე იქაა, სადაც დიდები იკრიბებიან. თუ ფული იქნა და გუნდი მოძლიერდა, სამოცდახუთი წლის ბიელსა პრემეირლიგას თავს დაამახსოვრებს.

ამ მხრივ, საგანგაშო ისაა, რომ ბიელსამ სწორედ ახლა უნდა გააგრძელოს კონტრაქტი იორკშირის გუნდთან, ამასობაში კი ესპანურ გაზეთებში თითქოსდა უტყუარი ამბები გამოჩნდა, მესი სეტიენი მოშორებას და ბიელსას მოყვანას მოითხოვსო.

სეტიენი რომ მოშორდებოდა, ეს იანვრიდან ისმოდა, მაგრამ ბარსელონაში ფინანსური კოვიდი მძვინავარებს. ამბობენ, თხუთმეტზე მეტი ფეხბურთელის გაყიდვას აპირებენო.

როდესაც დიადი მობურთალი ამბობს რამეს, ამას ძალა აქვს, მაგრამ მოგეხსენებათ რა დროა: გუნდის ლიდერი გამოდის და მწვრთნელად ესა და ეს მინდაო, ამბობს. ის სავარაუდოდ თხუთმეტი ფეხბურთელიც ხომ მესის ხელფასის გასამაგრებლად იყიდება.

 

Lionel Messi voudrait Marcelo Bielsa à Barcelone !

 

ასეა, როცა კლუბში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ-გენიოსი გყავს.

დღეს რა გასაკვირია, გუნდის ლიდერი, მასთან თანშეზრდილი უპირველესი ვარსკვლავი, მის წარმატებათა საწინდარი სასურველი მწვრთნელის ვინაობას კარნახობდეს კლუბის უფროსობას.

ფეხბურთში ამას წესის სახე არა აქვს, მაგრამ ნაირგვარი ფორმებით სულ არსებობს. ვიღაცას უქნია, ვიღაცას არ უქნია.კლუბის მიერ ისეთ განდიდებულ ფეხბურთელს, როგორიც დი სტეფანო იყო, არ უქნია. არც პელეს, არც მარადონას. თუმცა, მწვრთნელი მოთამაშეებისთვის არაერთხელ გადაუყოლებიათ.

ოდესღაც, ლუის კარნილიამ ფერენც პუშკაში ჩემპიონთა თასის ფინალში არ დააყენა, ეგ მსუქანი იყოო და სანტიაგო ბერნაბეუმ მოგებული თასის მიუხედავად, მწვრთნელი გადააყენა. რუდ გულიტის მწვრთნელობა ნიუკასლში ალან შირერის სკამზე დასმით დამთავრდა. დონ რივის გამოზრდილმა ძალისმიერმა ლიდსელებმა ბილი ბრემნერის თამდობით ბრაიან კლაფის ხელქვეით ვერ და არ ითამაშეს. ამის შესახებ კარგი წიგნი და კინოა: წყეული იუნიატედი.

მოკლედ, ასეთი ამბები ბევრია. ზოგადად ფეხბურთლების მიერ მწვრთნელბის მიმართ უპატივცემულობის საჯაროდ გამოხატვა კი, მგონი, ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო. შეცვლების დროს მაისურების მიგდება, შეცვლაზე უარის თქმა, გინება და ხელების ქნევა და სხვა ასეთები ლამის ყოველ უქმეებზე ხდება. ფეხბურთელებმა თითქმის აღარ იციან უფროს-უმცროსობა. გაბედვაზეა. გააჩნია, ვინ გყავს მწვრთნელად. აი, მაურისიო სარი ხომ მიზანში ამოღებული კაცია, არა?

ეჰ, როგორც არი. უხერხულ სურათთაგან განსაკუთრებით დასამახსოვრებელი იყო რონალდოს პორტუგალიის ნაკრების სათადარიგოთა სკამზე „უფროსობა“, როცა პორტუგალია ევროპის ჩემპიონატის ფინალის ბოლო წუთებში ტიტულს იგებდა სენ დენიზე. გეგონებოდა, მარტო კრიშტიანუმ იცოდა რა უნდა ექნათ და მარტო ის ღელავდა, რახან ადრევე დაიმტვრა და ხალხმა უმისოდ მოიგო ფინალი მასპინძელ ფრანგებთან.იმხნის კაცი, ფერნანდუ სანტუში იქვე იდგა, ეს კიდევ დარიგებებს იძლეოდა.  

ამ კოვიდების დროს გარდაიცვალა ჯეკი ჩარლტონი, მსოფლიოს ჩემპიონი და თავადაც მაგარი სანაკრებო მწვრთნელი, რომელმაც ირლანდიის ნაკრები პირველმა გაიყვანა დიდ შეჯიბრებებზე. ჯეკი, ენაკვიმატი იყო და პენსიაზე კორპორატივებსაც სტუმრობდა ხოლმე. ასე ჰყვებოდა: წინ, კუთხურზე თუ გავბედავდი ჩასვლასო. ნაკრებში, სერ ალფ რემზი მეუბნებოდა, ბურთს რომ მოიგდებ, არ იფიქრო, ეცადე ბობი მურს მიაწოდო და იმან შენზე უკეთ იცის, რა ქნასო. თუ ვერ აწვდი ბობის და წინ დაარტყი, ბიჭები რამეს ეცდებიანო.

მაშინ სხვა დრო იყო.

 

Marcelo Bielsa is far from relaxed when it comes to getting Leeds ...

 

თუ მესის ნათქვამის გადმოცემულის გადმოცემული მართალია, ეგებ ბარსელონამ სწორედ ბიელსას შესთავაზოს მწვრთნელობა.

საქმე ესაა, რომ ბიელსა ცნობილია მეტსახელით „ელ ლოკო ბილესა“- ანუ გიჟი ბიელსაო და ეგებ სულაც არ მოეწონოს, მესიმ მოგითხოვაო. თანაც, ლიდსში, მგონი, რაღაცას აშენებს. თუ არგენტინის და ჩილეს ნაკრებებს გამოვაკლებთ, ამ საუკუნეში ის კლუბში ორ სეზონზე მეტხანს არასდროს გაჩერებულა. ლაციოდან საერთოდაც ორ დღეში წავიდა. უმეტესად კი, აგდებდნენ. ლიდსს მასზე მზე და მთვარე ამოსდის. თან, მუღამიც დაუჭირეს მის ვარჯიშებს და შუა სეზონში არ იღლებიან. ესეც საფიქრალია, რომ ბარსელონა და ბიელსა ორი სხვადასხვა ფეხბურთია.

მოკლედ, ბარსას მესი ჰყავს და ლიდსს ბიელსა. ნეტავ დარჩეს, უფრო საინტერესო იქნება. თირემ ბარსადან ბიელსა მაინც მალე წავა და ლიდსს კი ეგებ შემორჩეს და რამე ისეთიც მოახეხოს, ბილბაოში რომ თითქმის მოახერხა.

ამ კოვიდობის დროს კი, გამოვიდა ერთი საფეხბურთო სერიალი, რომელსაც ინგლისური თამაში ჰქვია.

ფეხბურთელებზე, იმათ ცოლებზე, სიდედრებზე და სიდედრის დებზე სერიალები მრავლადაა, მაგრამ ეს სერიალი სხვაა: იგი მოგვითხრობს, ფეხბურთის ისტორიაში პირველ პროფესიონალად აღიარებული ფერგიუს სუტერის თავგადასავალს. ცხადია, ერთგვარი შელამაზებით.

 

The English Game | Netflix Official Site

 

ეს არის მეცხრამეტე საუკუნის ბოლო ოცწლეული, ფეხბურთი კი ასეათია: მას. თამაშობენ არისტოკრატები და თამაშობენ მუშებიც. ოღონდაც, თამაში სამოყვარულოა და მასში გასამარჯელოს აღება სირცხვილიცაა და ასოციაციის მიერ აკრძალულიც. უმაგრესი გუნდია ოულდ ითონიანს - ძველი ითონელები. ეს ორი სიტყვა დღესაც აღნიშნავს რომ ბიჭს, კაცს ითონის დახურული, ასე ვთქვათ ელიტური სკოლა დაუმთავრებია.

ოულდ ითონიანზის შემადგენლობაში თამაშობენ ფეხბურთის ასოციაციის თავმჯდომარე და გამგეობის წევრები. მეტი სასაცილო რაღაა. წესებს ისინი ადგენენ და იგებენ და იგებენ.

ჰოდა, ამ დროს ლანკაშირის პატარა ქალაქ დარვენში ორი სქოთი ბიჭი ჩამოდის პატრიკიდან, ჯიმი ლავი და ფერგიუს სუტერი. ვითომ იქაურ ბამბის სართავ ფაბრიკაში უნდა იმუშაონ, თუმცა, იქ მხოლოდ ფორმდებიან, რადგან ქარხნის მეპატრონე საფეხბურთო კლუბის მესვეურიცაა და ასე გამოიდს, რომ სქოთებს თამაშში უხდის ფულს და არა ბამბის რთვაში.

მუშური დარვენი ლორდების ითონელებს შეებმება და ორი დაძაბული ფრის შემდეგ, წააგებს თასის ნახევარფინალს. თუმცა, ეს სახელს დაუგდებს დარვინელ სქოთებს და სანამ ჯიმი ლავი ტრავმას იშუშებს, ფერგიუს სუტერს ბლექბერნელი მუშების გუნდი როვერსი გადაიბირებს, რომელთან ერთადაც სუტერი ითონელბს დაამარცხებს და ასოციაციის თასის მომგები პირველი მუშური გუნდი შეიქნება. თუმცა კი, სუტერი ითონელების ჯენტლმენ ლიდერს არტურს, მეთერთმეტე ლორდ კინარდს დაუმეგობრდება. ეს უკანასკნელი მეგობრებისგან განსხვავებით ფეხბურთში ხელფასის შემოტანის აუცილებლობას ხედავს.

 

The English Game cast: Who plays Jimmy Love in The English Game ...

 

თანაც, ითონელები და საერთოდ ინგლისელები ფეხბურთს რაგბის ყაიდაზე თამაშობენ: ვისაც ბურთი ფეხში აქვს, იმას შემოეჯარებიან და ასეთი დაცვით გაჰყავთ დასარტყმელ პოზიციაზე. სუტერი და ლავი კი სქოთებში უკვე მიღებულ პასებით თამაშს მისდევენ და პირსაც დააღებინებენ მთელს ინგლისს და პასსაც ასწავლიან. იმის მერე იყო, ინგლისელები რომ შხუილ-შხულით კიდებდნენ ბურთებს თავზე. მანამდე მარტო ჯაჯგური იყო.

სერიალში ისტორიული ამბები მთლად ზუსტად არაა გადმოცემული და არც კიდევ დიდი სიღრმით, მაგრამ ამბად კარგი საცქერია.

ჯიმი ლავის და ფერგი სუტერის ნამდვილი ამბავი კი შემდეგ ჯერზე განვაგრძოთ.