ოთარ ხმელიძე დღესაც შეყვარებულია

და, ეს სიყვარული კალათბურთია. ამ საოცარი კაცის ოჯახი, სამეგობრო და ტკბილი მოგონებებიც.

ვერის ბაღთან და სპორტის სასახლესთან რუსთავიდან ავტობუსები რომ ჩერდებოდნენ, ქალაქი ბრძოლებისთვის ემზადებოდა. დღეს, რუსთავიდან სამარშრუტო ტაქსები რომ ჩამოდიან, ბრძოლა მხოლოდ მგზავრებისთვის იწყება. მეტწილად, ბრძოლა გადარჩენისთვის. და, ეს ცუდია.

ის, ძველი ბრძოლები მუღამი და მეგობრობა იყო.

რამაზ გოგობერიშვილის ნიჭი, ირაკლი ჯაფარიძის მიმწოლი ხასიათი, ვოვა ბოისას დახვეწილი კალათბურთი, ზაზა გაბისონიას ერთგულება და ის ტალღა, რომელიც რუსთავიდან მოდიოდა. აზრზე ხართ?! თბილისში ხანდახან, რუსთავს უფრო მეტი გულშემატკივარი ჰყავდ და ეს არავის არ უკვირდა.

ის გუნდი და, ალბათ, რუსთავის ყველა კარგი გუნდი ერთმა კაცმა შექმნა. რომელიც ადრეც და დღესაც, ბავშვებს კარაქიან პურს აჭმევს და საკუთარი შვილებივით უფრთხილდება.

ეს სიყვარულია. ეს პატივისცემაა. და, ეს ამ კაცის სამყაროა. ოთარ ხმელიძის სამყარო.

მოდით, თქვენც დაგპატიჟეს.

დიდებში დღეს ანატოლი ბოისა მუშაობს. და, ეს კარგია. რუსთავში რუსთაველები უნდა დასაქმდნენ. ეს ხალხი ზედმეტად დიდხანს ელოდება საკუთარ შანსს. შედეგით მოეკითხება. და, ბოისამ ეს იცის.

ხმელიძეს ერთი შედეგი ჰქონდა. სიცოცხლე. რუსთავში კალათბურთი სიცოცხლე იყო. ყოველთვის აჩქარებული გულისცემით და სიგიჟით. ამის გარეშე არ გამოდიოდა.

რუსთავი დღესაც ოთარი მასწავლებლის სამყაროა. სხვები მოდიან, ძველები მიდიან და რჩება ოთარ ხმელიძე.

უნდა დარჩეს კიდეც. ის ხომ დღემდე კალათბურთზეა შეყვარებული.