ლებრონი, მკვლელი რუსი და მატადორი

როჯერ ფედერერი ჯერ პირველია. დიდი სლემის მოგებული ტურნირებით. როჯერი - 20.

და, ესპანელი მატადორი როჯერს გადაუჯოკრავს. აუცილებლად გადაუჯოკრავს. რაფაელ ნადალს 19 ჯეკპოტი აქვს. და, იქვე სეირნობს სერბი. ნოვაკ ჯოკოვიჩი. 17 მოგებული ფინალით.

და, ესპანელს უკვე სერბმა უნდა აწყენინოს. ასე  მოხდება. თუ პანდემია ჩოგბურთს არ მოკლავს.

კობი ბრაიანტს 5 მოგებული ფინალი აქვს. კობი თითქმის უკვდავი იყო.

ლებრონ ჯეიმსი - 3. და, ჯეიმსი კარიერით, გავლენით უკვე კობიზე წინ დგას. ბევრად წინ.

ლებრონი - რეგულარულის 4 MVP. კობი - 1.

ალექსანდრ ოვეჩკინი გუნდური დაფასებით სიდნი კროსბიზე უკან დგას. ოვის რუსეთი აგებს სიდის კანადასთან. ხშირად აგებს.

მაგრამ, ინდივიდუალურად ოვეჩკინი კროსბიზე ბევრად წინ არის. ალექსს აკლდა სტენლის თასი. ალექსმა მოიგო სტენლის თასი და იმ გათამაშების საუკეთესო, ყველაზე შეუცვლელი და დამსახურებული ტიპი იყო.

ერთ მხარეს გრაცია, სილამაზე და ელეგანტური სპორტი - ეს ფედერერი, ბრაიანტი და კროსბია.

მეორე მხარეს - ნეანდერტალური ძალა, მკვლელის აგრესია და ბასრი ნიჭი. ეს ნადალი, ჯეიმსი და ოვეჩკინია.

ორივე იგებს.

ორივე მოიგებს.

მე მეორე მომწონს.

თქვენ?