გიჟი კაცი არგენტინიდან

 

 

 

 

 

 

 

ვითომ, ლიდს იუნაიტედი პრემიერლიგაში რომ დაბრუნდა ჩვენთვის საინტერესო ამბავია? ცნობაა და მეტი არაფერი. კი ბატონო, ოდესღაც ახალგაზრდული გუნდი იყო, წინ და უკან ორპირი ქარივით დაქროდა, მაგრამ 2004 წლის შემდეგ ქვედა ლიგაში ჩარჩა და ჩარჩა. აი, იქ, სადაც თუ ნაძლევი არ გაქვს დადებული, არც კი ჩაიხედავ.

მაშინ, ბლოგთან რა შუაშია?

საქმე ის არის, რომ ლიდსს მწვრთნელი ჰყავს რაღაცნაირი, ათასში და ათიათასში გამორჩეული. ის არის გრძნეული, გიჟი კაცი, „ელ ლოკო“, კარლოს კასტანედას პერსონაჟი, შამანი, გურუ, მახვში  — მარსელო ბიელსა, ეროვნებით არგენტინელი.

ეს „ლოკო“ ესპანურად მართლა გიჟს ნიშნავს და ბიელსაც ალალი გიჟია, ოღონდ, მე თუ მკითხავთ, ემოციურობის გამო კი არა, იმიტომ, რომ მასზე ბევრად ტიტულოვანი პეპ გვარდიოლა და ზინედინ ზიდანი პროფესიაში პირველ ნაბიჯებს რომ დგამდნენ, თხოვნით ესტუმრნენ — შენ ოღონდ ფეხბურთზე ილაპარაკე და ჩვენ აქვე ჩამოვსხდებით, მოგისმენთო.

აი, ფრაგმენტი კატალონიელი საფეხბურთო მწერლის გილემ ბალაგეს წიგნიდან:

 

New book details Pep Guardiola's admiration for Leeds boss Marcelo ...

 

ბიელსასთან შესახვედრად გვარდიოლამ უახლოეს მეგობარ დავიდ ტრუებასთან ერთად მანქანით ბუენოს აირესიდან როსარიომდე 309 კილომეტრი გაიარა. ისინი არგენტინელს აგარაკზე ესტუმრნენ. სტუმრობამ თერთმეტ საათს გასტანა. ბიელსა და პეპი დაუსრულებლად ლაპარაკობდნენ, ერთმანეთს დაჭყეტილი თვალებით შეჰყურებდნენ. საუბარი პერიოდულად კამათში გადაიზრდებოდა ხოლმე. შემდეგ, ორივენი კომპიუტერს მივარდებოდნენ და იქ აზუსტებდნენ რაღაცას — უყურებდნენ ტექნიკურ ილეთებს, მატჩების სტატისტიკურ ანალიზს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ბურთის ფლობას და ტანჯავდნენ ტრუებას, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში თავმობეზრებული იჯდა. ბიელსა და გვარდიოლა კი ერთმანეთის ახირებებსაც დიდი ინტერესით ეცნობოდნენ და… იზიარებდნენ კიდეც. საბოლოოდ, შეხვედრა როსარიოსთან ახლოს, ბიელსას აგარაკზე დიდი ურთიერთ აღფრთოვანებით დასრულდა.

პეპსა და ბიელსას მართლაც ბევრი რამ აღმოაჩნდათ საერთო: გაირკვა, რომ ორივეს უყვარს როდესაც მათი გუნდი ინიციატივას ფლობს და მეტოქის კართან გოლის გატანის ვარიანტებს ეძებს; ორივეს სძულს, როდესაც დამარცხებულები თავის გასამართლებელ მიზეზებს ეძებენ. წაგებას ორივე მტკივნეულად განიცდის და განმარტოებას ეშურება, რადგან რცხვენიათ, ჰგონიათ, რომ ხალხს უღალატეს. ბიელსამ პეპს აუხსნა, რომ მისმა გუნდმა შესაძლოა კარგადაც ითამაშოს და ცუდადაც, რადგან ყველაფერი შთაგონებაზე და გუნდის თითოეული წევრის თავდადებაზეა დამოკიდებული. არგენტინელის თქმით, გუნდები ცუდად მაშინ  თამაშობენ, როდესაც მწვრთნელი ფეხბურთელებს თავისი გრძნობებს ვერ ახვევს თავზე, ვერ მუხტავს. პეპი ხარბად უსმენდა და იმახსოვრებდა.

 

Leeds United: 10 moments that were pivotal in promotion under ...

 

დღეს, ძნელი მისახვედრი არ არის, რომ თავისი სამწვრთნელო კარიერის ორ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე — ბარსელონას სათავეში დანიშვნისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციასა და კლუბიდან წასვლის დღეს, გვარდიოლამ სწორედ ბიელსასთან მოსმენილი იდეები მოიშველია. სხვათა შორის, ერთმა ჟურნალისტმა (ალბათ თავად გილემ ბალაგემ) ეს შეამჩნია, რაზეც პეპმა უპასუხა: „თქვენ რა, გეგონათ, რომ მე თავიდანვე ყველაფერი ვიცოდი და ჩემთვის არავის არაფერი უსწავლებია?“

როსარიოს აგარაკის ჭიშკართან, გამომშვიდობების დროს, ბიელსამ გვარდიოლას დაჟინებით შეჰხედა და ჰკითხა: „შენ ხარ კაცი, ვისაც კარგად მოეხსენება, თუ რა უარყოფითი ამბებითა და განცდებით არის სავსე საფეხბურთო სამყარო. რომელმაც კარგად იცი, რამდენად უსამართლოა ხალხი. და მაინც მწვრთნელობას აპირებ? რად გინდა? ბრძოლა გიყვარს? სისხლი გწყურია?“.

პეპმა დაუფიქრებლად უპასუხა: კი, მე ყოველდღიურად სისხლის დაღვრა მჭირდება!“…

…აი, ზინედინ ზიდანი კი 2014 წელს კასტილიაში უნდა დაენიშნათ. ბიელსა მაშინ მარსელში მუშაობდა. ზიზუმ არგენტინელს ველოდრომზე ჩააკითხა.

 

Bielsa: "Veo más a Zidane como un monumento que como un ser vivo ...

 

ის თამაში „ელ ლოკოს“ გუნდმა წააგო, მაგრამ ეს სულაც არ არის მთავარი. ახლა, ისიც კი აღარავის ახსოვს, ვის ხვდებოდა იმ დღეს მარსელი. რა ანგარიში ეწერა ტაბლოზე. სამაგიეროდ ზიდანს დაამახსოვრდა დამარცხების მიუხედავად ანთებული ბიელსას სიტყვები: ახლა წამოდი, წაგების ანალიზს მოგასმენინებ.

და დიდი ზიზუ ფეხაკრეფით გაჰყვა. უსმენდა შამანს, გურუს, მახვშს.  

არადა, ტიტულებით სად გვარდიოლა ან ზიდანი და სად ის მართლა გიჟი კაცი არგენტინიდან.