თორნიკე შენგელია: დასაკარგი დრო არ მაქვს (Exclusive)

ცსკაში თორნიკე შენგელიას გადასვლა ევროპის ყველაზე საინტერესო და ალბათ, შედეგიანი ტრანსფერი იყო. არის. იქნება.

ევროლიგის მოქმედმა ჩემპიონმა ევროპის საუკეთესო მეოთხე ნომერი დაირტყა და ეს ფაქტია.

დღეს, ესპანეთის ჩემპიონი, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სლოვენიაშია. უსაფრთხოდ, აგრძელებს ტრადიციას და სეზონისთვის ემზადება.

 

თორნიკე შენგელია: აქ, სლოვენიაში კარგად ვართ. უკვე მეოთხე წელია, რაც უროშ ნინიჩთან ვვარჯიშობ. ყველაფრით კმაყოფილი ვარ. სხვადასხვა დატვირთვებით - 2-4 საათის ინტერვალით. ზედმეტად გადატვირთვა არ გვინდა. სეზონი მაინც, ახალი დამთავრებულია.

 

რა შეიცვალა ესპანეთის ჩემპიონატის მოგებით?

თ.შ: ვარჯიში, ვარჯიშისადმი მიდგომას თუ გულისხმობთ, საერთოდ არაფერი არ შეცვლილა. მიზანი ერთია - მომდევნო სეზონისთვის საუკეთესოდ მომზადება და გუნდის ინტერესების დაცვა. უბრალოდ, შეიცვალა გუნდი. სტატუსს, ამ შემთხვევაში - ესპანეთის ჩემპიონს არაფერი არ შეუცვლია. ვაგრძელებთ მუშაობას.

 

მთელი ეს ყურადღება, ხმაური ხელს არ გიშლიდათ?

თ.შ: არა, არანაირად. მომხდართან დაკავშირებით რაც არ უნდა მეთქვა, არ შეიცვლებოდა არც მომხრეების და არც მოწინააღმდეგეების აზრი და შესაბამისად, ჩავთვალე, რომ დრო არ უნდა დამეკარგა. დასაკარგი დრო არ მაქვს. და, ალბათ, არც არავის არ აქვს.

 

გადახვედით გუნდში, სადაც სასტარტო ხუთეულში ევროლიგის 10 საუკეთესო მოთამაშიდან 4 დგას. ზედმეტი ნიჭი ხელს ხომ არ შეგიშლით?

თ.შ: არ შეგვიშლის. ცსკაში ვინც ვართ, არავის არავისთვის დასამტკიცებელი არ აქვს. არც მე, არც მაიკ ჯეიმსს, არც უილ კლაიბერნს და არც - ნიკოლა მილუტინოვს. ეს არის პირველ რიგში, გუნდი. და, ამ გუნდში ყველას აქვს ერთი მიზანი - ჩემპიონობა. ვიცი, შეგუებული ვარ, რომ ყველა თამაშში თანაბარი დრო არ მექნება. ყველაფერი გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე იქნება, დაიგეგმება. ეს, რაც შეეხება შეტევას. და, დაცვაში ყველა თანაბარ პირობებში ვიქნებით. ყველამ მაქსიმუმი უნად გააკეთოს.

 

ცსკას ორი არათანაბარი ხუთეული პრობლემაა?

თ.შ: არ არის გამორიცხული, რომ მწვრთნელმა იტუდისმა შეცვალოს ხუთეულები, დააბალანსოს. ჯერ მაინც ადრეა ამაზე საუბარი. ჩავალ, შეხვედავ, დავიწყებ ვარჯიშს და შემდეგ უფრო კონკრეტული პასუხები მექნება.

 

თორნიკე, მადლობა საუბრისთვის, დროისთვის. წარმატებები.

თ.შ: დიდი მადლობა. თქვენც საუკეთესოს გისურვებთ.