ბასილაშვილი უცნობით იწყებს

ავსტრალიის ღია პირველობაზე ქართველი ჩოგბურთელის პირველი მეტოქე ცნობილია

22 წლის კრისტოფერ ეუბანსკის სახელი ჩოგბურთის მოყვარულთ დიდს არაფერს ეუბნება. ამერიკელი მეჩოგნე რეიტინგის 171-ე ნომერია და რა გასაკვირია, რომ ჯერ ხელშესახები წარმატებისთვის არ მიუღწევია. შესაბამისად, ვერც მოგებული ტიტულებით დაიკვეხნის და კარიერაშიც ამ ეტაპზე 250 ათასი დოლარი აქვს გამომუსავებული.

 

კრისტოფერ ეუბანსკიზე ალბათ კიდევ დიდხანს არაფერს დავწერდით, რომ არა წლევანდელი ავსტრალიის ღია პირველობა. სწორედ, ის იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე მელბურნის კორტებზე. 

 

კრისტოფერ ეუბანსკმა, ძირითად ბადემდე 3 მატჩი მოიგო. ჯერ ფრანგი კორენტინ მუტეტი დაამარცხა, შემდეგ კანადელი აუგერ ალიასიმე, ხოლო საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში ესპანელი პედრო მარტინესი.

 

იმედი ვიქონიოთ, რომ კრისტოფერ ეუბანსკისთვის ავსტრალიის ღია პირველობა სწორედ ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაპირისპირებით დასრულდება. მატჩის გამართვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.