სარაგოსა და ახალი ქართველები

სარაგოსაში ამჟამად სამი ქართველია, თუმცა ორნი ელიან გუნდში ჩარიცხვას. როგორც იცით, გიორგი პაპუნაშვილი სარაგოსას ათიანი და ერთ–ერთი წამყვანი ფეხბურთელია, ამჟამად კი გუნდში ვარჯიშობენ 20 წლის მეკარე გიორგი ჩოჩიშვილი და 18 წლის შემტევი ნახევარმცველი ლევან გრძელიძე.  

ჩოჩიშვილი და გრძელიძე, ჯერჯერობით, სარაგოსა II-ში იქნებიან, მაგრამ რა თქმა უნდა, მთავარი გუნდის სამწვრთნელო შტაბის დაკვირვების ქვეშ იქნებიან. სარაგოსა II ტერსერა დივიზიონში, ანუ რანგით მეოთხე ლიგაშია.

 

ჩოჩიშვილს ჩვენი გულშემატკივარი იცნობს, ის 2017 წელს ევროპის 19–წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ძირითადი მეკარე იყო, ბოლოს კი ბოლნისის სიონში გახლდათ.

 

რაც შეეხება გრძელიძეს, ლოკომოტივის 19–წლამდელთა გუნდში გამოდიოდა, რომელიც საქართველოს ჩემპიონი გახდა. ბოლო ტურებში მთავარ გუნდშიც ათამაშეს. ცაცია მარჯვენა გარემარბია კარგი დარტყმით. თამაშის მანერით ყველაზე მეტად ლუკა ზარანდიას წააგავს.  

 

ზოგადად ასეა: სადაც ქართველები წარმატებულად თამაშობენ, იქ სხვა ქართველების მიმართ იზრდება ყურადღება.