კლიპერსი ხერხია

19 წლის ლუკა დონჩიჩი ევროლიგის MVP გახდა. ლუკამ ეგრევე აკრიფა და ამერიკაში ვარსკვლავად ჩავიდა. ლუკა რეალის ლიდერი, სახე, მუშტი გახდა. და, სლოვენიელმა ნიჭი და ღიმილი ამერიკაში გადაიტანა.

დალასში. ლუკა ამერიკულ ფლეი ოფში დებიუტისთვის ემზადება.

დალასი ლიგის ისტორიაში ყველაზე დაუნდობელი შეტევა, ლუკას ფანტაზია და კრისტაფს პორჟინგისის არასტანდარტული კალათბურთია. და, კალიფორნიიდან დაიძრება მონსტრი.

კლიპერსი ხერხია, რომელიც ჩემპიონობის მთავარ ფავორიტად ითვლება. თუ ლიდერები არ აილეწებიან.

ლუკა თებერვალში 21 წლის გახდა და იმ მომენტში მას უკვე 21 სამმაგი დუბლი აქვს! უფრო მეტი, ვიდრე - მეჯიქ ჯონსონს (7) და ლებრონ ჯეიმსს (5) ერთად იმავე ასაკში. ლუკამ ჯეისონ კიდის რეკორდი გაიმეორა. 300 მატჩით ნაკლებში. დღეს, დონჩიჩს 25 სამმაგი აქვს. და, ლუკამ იცის, რომ კლიპერსთან სხვა დაცვა წამოვა.

დონჩიჩი: კლიპერსი ლიგაში საუკეთესო დაცვა და ყველაზე ღრმა შემადგენლობაა. მათ ჰყავთ პატრიკ ბევერლი, მათ ჰყავთ პოლი (ჯორჯი), მათ ჰყავთ კავაი (ლეონარდი) და მათ ჰყავთ ივიცა (ზუბაცი), რომელიც ერთ-ერთი დაუფასებელი დამცველი ცენტრია. ეს გუნდი დაუნდობელია.

და, ეს გუნდი დონჩიჩს აგრესიულად მიაწვება. როგორც - წინა ჩეხვებში. წელს, დონჩიჩი კლიპერსთან 3 მატჩში საშუალოდ 29.0 ქულას, 7.0 მოხსნას და 7.0 პასს იღებდა, მაგრამ ლუკამ სამიანების მხოლოდ 27 % გამოიყენა და ბიჭი საშუალოდ 5 (!) შეცდომას უშვებდა. როდესაც ნოემბერში კლიპერსმა დაღეჭა დონჩიჩი, ბავშვმა რვიდან რვა სამქულიანი გააფუჭა. მძიმე იყო.

დოკ რივერსი (კლიპერსის მთავარი მწვრთნელი): ლუკას აქვს ჯეისონ კიდის ფანტაზია და ის ლარი ბერივით ლიდერია. საოცარი ბავშვია.

და, საოცარი ბავშვისთვის კლიპერსი ყველაზე მძიმე სტარტია. ფლეი ოფში. ყველასთვის. ლუკასთვის. საოცარ ფორმაში შესული პორჟინგისისთვის (ბოლო მატჩში მან კლიპერსს 30 ქულა გადაარტყა).

და, დონჩიჩმა კარგად ახსენა ზუბაცი, რომელიც წელს დალასთან 13.7 ქულას და 10.3 მოხსნას აგროვებს. ზუბაცი ეფექტურია ლიფსოებით. ზუბაცი მომთმენი ცენტრია და ზუბაცმა იცის პასი.

დალასს არ გაუმართლა. ფლეი ოფი გუნდისთვის ხერხით და სისხლის წვიმით დაიწყება.