ტენისის პირველი საჩოგბურთო

ის უკვე მელბურნისკენ მიმავალ თვითმფრინავშია

ახალი ზელანდიის ქალაქ ოკლენდში, შედარებით მეორე ეშელონის ჩოგბურთელებმა მოიყარეს თავი და ჩემპიონობას შეეცილნენ, სადაც ყველას ტენის სანდგრენმა აჯობა. რეიტინგის 63-ე ჩოგანმა კარიერაში პირველი ტიტული მოიგო და 250 სარეიტინგო ქულასთან ერთად 90 ათას დოლარზე მეტიც ჩაიჯიბა.

 

ამერიკელმა მეჩოგნემ, რომელიც საკმაოდ ძლიერი მოწოდებით გამოირჩევა, ოკლენდის ტურნირის ფინალში რეიტინგში მასზე უკან მყოფ კემერონ ნორის ორ სეტში, მარტივად - 6:4, 6:2 მოუგო. ბრიტანელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს 93-ე ჩოგანია და ATP-ის ეგიდით გამართული შეჯიბრის ფინალში გასვლა უკვე წარმატებადაც შეიძლება ჩავუთვალოთ.

 

ტენის სანდგრენი, ალბათ უკვე მელბურნისკენ მიმავალ თვითმფრინავშია და ვინძლო, ავსტრალიის ღია პირველობაზეც ერთი-ორი წრის გადალახვა მოახერხოს.