სისულელე პოპულარულია

 

 

 

 

 

 

 

რა ხდება და მესი მიდისო. ეგებ არც მიდისო. კიდევ ერთ წელიწადს დარჩებაო. იმ დღეს მესის მამა ხორხე კატალონიის დედაქალქში  ჩამოფრინდა და ჟურნალსიტებიც მიესიენ, სანამ  შავ-ყვითელ ბარსელონურ ტაქსიში ჯდებოდა და იქედან  გადმოსული  გარაჟში ჩარბოდა. რაც ყველამ ნახა, ის იყო, რომ ჰკითხეს, პეპს თუ ელაპარაკეო და ლეო თუ დარჩებაო, ის კი გაქცეულად პასუხობდა: ძნელია, ძნელიაო. მერე, რაღაც შეხვედრები გაიმართა და ხორხემ თქვა, კარგად ჩაიარა, შეიძლება დარჩესო.

ასეა და რას უზამ. წავა, თუ დარჩება, ფეხბურთელობა მაინც მომთაბარეობაა. კლუბებს ფანებს გამორჩეულად იმიტომ უყვართ ვიღააცები, რომ სულ იქ იყვნენ, არასდროს წასულან. ამ დროს კი, იშვიათია, რომ ფეხბურთელი არ წავიდეს. ამაში განსაკუთრებული არაფერია. განსაკუთრებული იმაშია, რომ არ მიდის. მეტ ლე ტისიეს იმიტომ არ თვლიდნენ დიდ ფეხბურთელად, რომ უფრო დიდ კლუბებში არ გადადიოდა და საუთჰემპტონის ერთგული იყო. ეშინიაო, ამბიცია არა აქვს 

 

საფეხბურთო სიბერეში კი ისეა, რომ  დი სტეფანოც ბოლოს ესპანიოლში გადავიდა და იქ თამაშობდა ორ-სამ წელიწადს. კრუიფიც. წავიდა აიქსიდან ბარსელონაში და მერე ათას სხვა ადგილასაც, მარადონამაც გვარიანად იარა, პელე საერთოდაც ამერიკაში აღმოჩნდა ფულის საშოვნელად და არცერთი ამათგანი დაუძრახავს ვინმეს. ფეხბურთელობა, ნომადობაა.  წავიდა ის დრო, როცა როცა ჩემპიონთა თასის მომგები სელტიკის თერთმეტი მოთამაშიდან ცხრა არა მხოლოდ ერთი ქალაქიდან, არამედ ერთი უბნიდან, ოთხი კი ერთი ქუჩიდან იყო.

თუმცა, არიან ერთი გუნდის ერთგულებიც: პაოლო მალდინი ვიცით, გიგზი, ტოტი, სხვებიც უამრავი. როჟერიუ სენი მგონი ათასხუთასჯერ იდგა სან პაულუს კარში და სხვაც მრავალი. მიხაელ ცორკი - ვაჰ, ასეთი,ძველი ყაიდის ხალხი.  

ბარსას გულშემატკივრებს უნდათ, რომ მესიც ასეთი იყოს. მესი კი, რომც დარჩეს, ასეთი არ არის. საქმე ქაღალდებში. ამიტომ ვრჩები, ამიტომ მივდივარ. ლეო ამბავში ალბათ ისეთია, როგორიც ყველა. ახლა სხვა დროა და სხვა ბიჭები არიან. მითუმეტეს, დღევანდელ სამყაროში გაუგებარიც კია, ცოტა ძველმოდური მიჯაჭვულობა. ისედაც მანდ არ ვარ? სახლი მაქვს, კარი, ყოველთვის მანდ ვიქნები, ერთ-ორ წელიწადს წავითამაშებ სადმე ბიზნესის კანონების მიხედვით  და დავბრუნდები, რადგან მთელი ჩემი ახლაგაზრდობა აქურობას მივუძღვენი, განუმეორებელი გამრჯვებები ვაჩუქე.  ასე არ არის? ვის დაესიზმრებოდა? ნამდვილად ასეა. კვირაში ექვსიასიათას რაღაცა დოლარს კი ვიღებ, მაგრამ ჩემით რამდენს შოულობენ? სადაც წავალ, იქ შვიდასიათას რაღაცა გამოვა. აი, აქ ჩემი საფეხბურთო ისტორია დამთავრდა. თუმცა, თუ ქაღალდებს კარგად ჩავუსხდებით, ეგებ ასე წასვლა არც გამოვიდეს. თან, ხომ მთავრდება ხოლმე. ამას ყველა ფეხბურთელი გრძნობს.  კი, ცოტა მიწიერი ამბავია, მაგრამ ახლა დროებაში ფეხბურთელები აღარ მისდევენ არამიწიერ ამბებს.  

მესი კი ოცდაცამეტი წლისაა და უფრო სწრაფი ვეღარ გახდება. ჩვიდმეტი წელიწადია, რაც ბარსაშია და ალბათ ყველაფრის უფლება აქვს. ეტიჰადზე ის კაცი ელოდება, ვინც მის ფეხბურთს მსოფლიო ელვარება მიანიჭა. ისედაც იქნებოდა, მაგრამ უფრო სხვანაირად. გვარდიოლა, განსაკუთრებული. წინადადებაა.

 


მესი დიდი სპროტსმენია. დიდი სპორტსმენი დიდი ხასიათია. აგე, სერიალი როა უკანასკნელი ცეკვა, რომელიც მაიკლ ჯორდანის ამბავს მოგვითხრობს. არ ვიცი, რამდენად ჰგავს მესი ჯორდანს. რაც არ იცი, არ იცი, იმ სერიალით კი იგებ, რა ყოფილა მაიკლ ჯორდანი და რას მოითხოვდა თანაგუნდელბისგან, მესიც უამისოდ არ იქნება. რაღაც მსგავსი ალბათ მასაც უტრიალებდა გულში. არი ეგ ამბავი: მესი რომ ხარ, სულ მოგება გინდა, გყოფნის ძალა, თუ არ გყოფნის,  მოგყვება გუნდი, თუ არ მოგყვება, მაინც ასე გინდა. სპორტს კი სიბერე აქვს.  ჯორდანი რომ თამაშობდა ვაშიგნტონში, ხომ აღარაფერი იყო. ერთი მახსოვს კიდევ, ტიერი ანრი ამერიკაში წავიდა და. ერთ იქურ არდადეგებზე არსენალის დასახმარებლად ჩამოვდა. დაიქცა იქაურობა, ანრი ჩამოვიდაო.  ყველაფერი ჟანრის კანონებით.შეცვლაზე შემოვდა და გოლიც შეაგდო. მერე კიდევ ერთ თამაშში შეაგდო, მაგრამ მინდორზე სხვა კაცი იყო: არავისთვის გაუსწრია და არც ვინმე მოუტყუებია. ჯაჯგურობდა რაღაცეებს.

სადაც ჩვენ გავიგეთ, რომ მესი ან წავა, ან კიდევ მეტს მიიღებს და ერთი წლით დარჩება, იქ არგენტინაში ჩვენზე ადრე გაიგებდნენ. საოცარი რამე კი მოხდა: არგენტინს პრეზიდენტმა ფერნანდესმა მესის ღია წერილით მიმართა, საიდანაც  გამოსჭვივოდა, რომ  რახან მიდიხარ,  უკვე ბებერი ხარ და მოგვნაჭე არგენტინელ ხალხს შენი თამაშის ხილვის ბედნეირება,  დაბრუნდი შენს მშობლიურ როსარიოში, ჩადექი ნიუველს ოულდ ბოისის რიგებში და რაც დაგრჩენია, აქ დაასრულეო.

როსარიო დიდი საფეხბურთო ქალაქია, დიდი ისტორიით.

პოპულზმს აქვს რაღაც მიმზიდველობა. ზოგჯერ ეს შეიძლება წარსულში ჩარჩენილი ამბების სიტყვით გამოღრვიძების მცდელობაც იყოს. არი ეგეთი ტრადიცია, სადაც ფესვს გრძნობ, იქ წასვლა, ანდა საერთოდაც შინ მიბრუნება.  აი, როგორც როი კინმა, როგორც ირლანდიელმა,  კაირერის ბოლოს სელტიკში წაითამაშა და ასეთები. ანდა, ხუან ვერონი რომ  მშობლიურ ლა პლატაში მიბრუნდა.

 

ეს ლამაზია, მესი ნიუელსში, კარგი ამბავია, ოღონდ ეს ისტორიის დასასრულია, იმის აღიარებაა, რომ, აი, მე დავამთავრე. სინამდვილე ისეთია, რომ სამხრეთ ამერიკა შობს სამყაროს უდიდეს საფეხბურთო ტალანტებს, მაგრამ წავიდა ის დრო, როცა პელე, ტოსტაო, გერსონი, ჟაირზინიო და მერე სოკრატესი და ზიკო შინ იყვნენ და ეს დიდ ფეხბურთელობად ითვლებოდა. მესი ნიუელსში, პენსიაა და მართლა საოცნებოა იმ ქალაქისთვის სადაც ასობით ძალინ მაგარი ფეხბურთელი გაიზარდა. 

ნიულესი სამყაროს ჰედლაინებს მოწყვეტს მესის. როგორც გაქრნენ ვერონი, რიკელმე და ტევესი, რომლებმაც ეგებ სწორედ სიბერეში ითამაშეს თავიანთი ყველაზე ვნებიანი ფეხბურთი, ოღონდ ჩვენ ამისა არაფერი ვიცით. ვთქვათ, ვინც ერთხელ მაინც ბომბონიერაზე ყოფილა, იმისთვის ცოტა ძნელი გასაგები ხდება მსოფლიო მედიის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი და. ტერმინები „კარგი ფეხბურთელი“  და „ცუდი ფეხბურთელი.“ 

კი, ბრუნდებიან შინ და მერე   გარდიანში დაწერენ (საუკეთესო საფეხბურთო მწერლები ყავთ), ივლიან ჟურნალისტები ევროპიდან და გვიამბობენ, მესი მშობლიურ ქალაქში და ასე შემდეგ.  ისტორიად მაგარიცაა, გულიანია და ისეთი, ერთ დროს „ადამიანური“ რომ ერქვა.  მაგრამ მშობლიურ ქალაქსა და ბავშვობის ძმაკაცებზე შეყვარებულ მესის ალბათ ძნელად დააჯერებ, რომ თუ წასვლაა, ნიუელსში უნდა წავიდეს. 
 ბედნიერების მინიჭებაც ცოტა ისეთი ამბავია. სანამ ერთ ადამიანს მაინც ანიჭებს, გამართლებულია, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, მესი როსარიოში დაბრუდეს და ამით ბაირესში ვინმეს ბედნიერება მიანიჭოს. პოპულიზმი, რას იზამ. მეც აქ ვარო. 

რა თქმა უნდა, სამყაროს საფეხბურთო ნაწილს და ახალი ამბების მაყურებლს ჰგონია, რომ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არგენტინელი  დიეგო მარადონა იყო, ახლა კი მას მესი ეპაექრება. არის დავა და ერთი და მეორე.

ამ დროს კი კაცობირიობისთვის ყველზე ფასეული არგენტინელი ერთი თანდათან დაბრმავებული, ერთთავად კოსტუმში გამოწყობილი მწერალი გახლდათ, რომელსაც ხორხე ლუის ბორხესი ერქვა და რომელიც ერთადერთხელ იყო სტადიონზე თავის მეგობარ მწერალ ბიოი კასარესთან ერთად.  ეს იყო მონუმენტალზე, სადაც, მგონი,  რივერი ხვდებოდა ბოკას და უკეთესი ფეხბურთი ბუენოს აირესში შეუძლებელი იყო და. არის.ბორხესმა და ბიოი კასარესმა მალე მოიწყინეს და არასაფეხბურთო საკითხებზე გააბეს საუბარი. „ფეხბურთზე იმიტომ არ დაგელაპარაკეთ, რომ ვიფიქრე, მისი საგულშემატკივრო გუნდი არ შეურაცხვყოთქო,“უთხრა თამაშის შემედგ ბორხესმა ბიოი კასარესს. “მეც იმიტომ არ დაგელაპარაკეთ, რომ თქვენი საყვარელი გუნდის შეურაცხყოფას მოვერიდე,“ - მიუგო ამან. მათ არ ჰყავდათ საყვარელი გუდნები, ასე აღზრდილი ხალხი იყო და მეტი არაფერი. სტადიონზე იმიტომ წავიდნენ, რომ ფეხბურთს უკვე საბოლოოდ აეღო არგენტინა და აბა, ვნახოთ რა არიო. მერე, ერთობლივ წიგნს წერდნენ და იქ ისე გამოიყვანეს, რომ ბუენოს არიესი კი არის, მაგრამ მონუმენტალი დანგრეულია, არ არსებოს და არც არაფერი.   

 

 

“ფეხბურთი პოპულარულია, იმიტომ რომ სისულელე პოპულარულია,” - თქვა ერთხელ ბორხესმა. საერთოდ, ფეხბურთზე ლაპარაკი სიბერეში მოუხდა, მას შემდეგ, რაც არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი გახდა ხუნტის დროს. ბორხესი იმ დროს უკვე სრულიად ბრმა იყო და რაიმეს ყოვლისმოცველობის აღნიშვნა რომ უნდოდათ, არგენტინაში ასე იტყოდნენ ხოლმე: მენოტიდან ბორხესამდეო.  მენოტი ლიბერალად  და ინტელექტუალად ითვლებოდა  საფეხბურთო სამყაროში, ბორხესს აღმერთებდა და ჩემი პიონობიდან ორი წლის თავზე მასთან მივიდა. მედიაც თან ახლდა. ბორხესმა თავიდან კარგად ვერ გაიგო ვინ იყო მენოტი, მერე კი მიხვდა და საუბარიც გააბეს. 

მენოტი იხსენებდა, იმიტომ მივედი, რომ ფეხბურთს იდიოტების თამაშს უწოდებდა მაშინ, როცა მსოფლიო ჩემპიონები გავხდითო. ბორხესს კი ეთქვა, ეგ გულშიც არ გამივილია, უბრალოდ, სახალისო თამაში რომ ასეთი მნიშვნელოვანი შეიქნა, მაგას ვერ ვიგებ და ვერც ვიღებო. „აი,თქვენ ამბობთ, ჰოლანდია დავამარცხეთო. თქვენ რა, როტერდამი აიღეთ? ჰოლანდია როგორ დაამარცხეთ? ათ კაცს ერთი ესპანეთიდან ჩამოსული (ალბათ კემპესს გულსიხმობდა) დაგემატათ და თერთმეტ სხვას აჯობეთ რაღაც თამშში, მხლოდ ერთ საღამოს. არისტოტელე ამბობდა: იმის თქმა, რომ საბერძნეთმა  სპარსეთი დაამარცხა, მხოლოდ მეტაფორაა, იმიტომ რომ მოცემულ დღეს, ბერძნულმა ჯარმა აჯობა სპარსულ ჯარს და მეტი არაფერი. თქვენ კი ვინ დაამრცხეთ? სრულიად ჩვეულებრივ თამაშში, მთელი უცხო  ქვეყანა?  ხალხი მომეტებულად სერიოზულად იღებს ამას. თითქოს ეს სამყაროს უკანასკენლი, გადმაწყვეტი თამაში იყოს. ასეც რომ იყოს, თამაში ვერ იქნება ასეთი მნიშვნელოვანი.

ანუ, ის ვერ იქნება როგორც ცხოვრება. რომ წაგვეგო, რა იქნებოდა? ეს რაიმე გავლენას მოახდენდა ჩვენს ცხოვრებაზე? საქმე ისაა, რომ ფეხბურთს ცოტანი თამაშობენ და მასზე ბევნი  ლაპარაკობენ.

ასეთი კაცი იყო: სულ შეკითხვებია, თან რთული. არ მგონია, რომელიმე ფეხბურთელს შეეძლოს ბორხესის ნათქვამზე პასუხის გაცემა. თუმცა, არსებობს ბრაზილიური სიტყვათშეთანხმება „ჟოგუ ბონიტუ“ - მშვენიერი თამაშიო. ის რაღაცას მიანიშნებს. ბორხესისთვის არა გადმაწყვეტს, მაგრამ იმას, რაც ფეხბურთი იმ დროებაში იყო, მწერალს რომ არ მოსწონდა.

 

მენოტის შესახებ კი ბორხესს ეთქვა. რა ჭკვიანი კაცია და რამდენს ლაპარაკობს და ფიქრობს არსმოკლებულ რაღაცაზეო.

ეს ამბები გასაგებია, ბორხესი იქ იყო, სადაც თამაში მხოლოდ  თამაშია და ზედ  დაშენებული ათასი რამ მხოლოდ დაშენებული ჰაერია და მეტი არაფერი.  ერთ რამეში ნამდვილად მართალი იყო: იმას, გადავა მესი სიტიში, თუ დარჩება ბარსელონაში, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს არც სამყაროსთვის, არც თვით ბარსლეონას გულშემატკივრებისთვის და საერთოდ არც ფეხბურთისთვის. მხოლოდ მესისთვის და მისი ოჯახისთვის აქვს ჩვენთვის დაუნახავი, რომელიღაც ბანკში გამოსახული მნიშვნელობა.ბარსა კი იყო, არის და იქნება. კამპ ნოუზეც იმას დაუკრავენ ტაშს, ვისაც ლურჯ-შინდისფერი სამოსი ეცმევა. სულ ასე ყოფილა და ახლა რა შეცვლის.