ვისაც ნამდვილი ბრაზილია გვენატრება

„ჩვენ მაშინ ჩამოვრჩით, როცა ბრაზილიურ ელემენტებზე, ქუჩის ფეხბურთზე და  თავისუფლებაზე უარი ვთქვით“ - ეს მსოფლიო ჩემპიონ ჟაირზინიოს სიტყვებია. იმ ჟაირზინიოსი, რომელსაც ხელშეუხებელი რეკორდი აქვს, კონკრეტულ ერთ მუნდიალზე ყველა მატჩში გოლი გაიტანა. ეს 1970 წელს.

 

რატომ ჩავარდა ბრაზილია? რატომ აღარ მოდიან სუპერვარსკვლავები? საუბარია ყველასგან გამორჩეულ საფეხბურთო ქვეყანაზე, რომელზეც გურამ ფანჯიკიძემ თქვა ფრაზა და სხვებსაც უთქვამთ: „თითქმის ყველა ჩემპიონატის მერე კამათობენ, ჩემპიონობას სხვა ნაკრები ხომ არ იმსახურებდაო. მაგრამ არასოდეს კამათობენ, როცა თასს ბრაზილია იგებს“.

 

შევეცდებით, მიზეზებს მივყვეთ. ბრაზილია ღარიბი ქვეყანაა, ფეხბურთში კი 90-იანების შუა წლებიდან კოლოსალურად გაიზარდა ფინანსები. ბოსმანის წესმა ბევრ პატარა ქვეყანას დაარტყა, ხოლო ბრაზილიელ ბიჭებს დათვური სამსახური გაუწია. ადრე ბრაზილიის ჩემპიონატიდან კარგ ევროპულ გუნდში წასვლა იოლი არ იყო, რადგან ლეგიონერებზე ლიმიტი არსებობდა (3 კაცი გუნდში), ბოსმანის წესის მერე კი ნიჭიერი ბრაზილიელები, ოღონდ ფული იშოვონ, საშუალო დონის ევროპულ ჩემპიონატებში გადადიან. რატომ? უჭირთ ფინანსურად, მთელი სანათესაო ჰყავთ შესანახი, ფაველებში რომ ცხოვრობენ...

 

ყველაზე ნათელი მაგალითი - ოსკარი. 25 წლის ასაკში ჩელსიდან გადავიდა ჩინეთის შანხაიში. უარი ევროკარიერაზე, უარი ნაკრებზე, თანხმობა მხოლოდ ფულზე.

 

აბა წარმოიდგინეთ, ედერი, დირსეუ, ჟუნიორი, ან სულაც ზიკო ან სოკრატესი საუკეთესო წლებში დონეცკის შახტარში, ან ზენიტში რომ გადასულიყვნენ.

 

პრობლემა N 2


თუმცა მხოლოდ ტრანსფერები არაა პრობლემა. რაც უნდა ვთქვათ, ოსკარები და ჰალკები არ წყვეტენ ყველაფერს. საუკეთესო ჭაბუკები გრანდებში მიდიან: მაგალითად, რეინიერი, როდრიგო, ვინიციუსი.

 

უბრალოდ, ბოლო წლებში ფეხბურთში არის მიმდინარეობა, რასაც ბრაზილიელი ტალანტები ცოტა რთულად ეგუებიან: გაიზარდა მეტოქის ნახევარზე პრესინგის, ასევე ათლეტიზმის და რაც თვალშისაცემია, პრაგმატული თამაშის როლი. ადრე მუნდიალს ვერანაირად ვერ მოიგებდა კანტე-პოგბა-მატუიდის ნახევარდაცვის სამეული, ან როგორ უნდა აეღო ოქროს ბურთი ლუკა მოდრიჩს? მაგრამ სხვა ფეხბურთი შემოვიდა და ბრაზილიას ცოტა გაუჭირდა ალღოს აღება.

 

დააკვირდით, ინგლისურ პრემიერლიგაში მოთამაშე ბრაზილიელებს ნაკრებში თამაში არ გამოსდით. ფერნანდინიოზე საუბარი ზედმეტია; კოუტინიუ სად ლივერპულში რომ იყო და სად ნაკრებში; თუნდაც ვილიანი, ფირმინო, გაბრიელ ჟესუსი; ადრე ჟუნინიო პაულისტა, კლებერსონი... რატომ? იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა სათამაშო ფილოსოფიას აწყდებიან.

 

ტალანტები


და მაინც, ბრაზილია ბრაზილიაა და ჩავარდნა დროებითი უნდა იყოს. ჩამოვთვლით ტოპ-ტალანტებს.

 

რეინიერი (2002). თამაშის მანერით კაკას ჰგავს. რვა თვის წინ რეალმა 35 მილიონი ევრო გადაუხადა ფლამენგოს.  მან ბრაზილიის ჩემპიონატში 14 მატჩი ჩაატარა, 6-6 გოლი და ასისტი მიითვალა. ეს 17 წლის ასაკში. რეალის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა და დორტმუნდში გაანათხოვრეს. დორტმუნდი კი ის გუნდია, რომელსაც ტალანტი იშვიათად ეშლება - ახალგაზრდებისთვის იდეალური ადგილია.

 

როდრიგო (2001). ის უფრო გარემარბია. რეალმა სანტოსიდან 45 მილიონად იყიდა და მთავარ გუნდშიც ბევრჯერ ათამაშა. მთავარ ნაკრებშიც იყო, 2 მატჩი ჩაატარა. იმედია, რობინიოზე მაგარი გახდება.

 

ვინიციუსი (2000). რეალმა ის უფრო ხმაურიანად იყიდა. ჯერ ისე სწრაფად ვერ პროგრესირებს, დასაღვინებელია, ხშირად კარგავს ბურთს და ხელებს შლის. თუმცა რეალშია, 20 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს.

 

ემერსონი (1999). ბეტისის მარჯვენა მცველი. ამ პოზიციაზე ბრაზილიას სულ ტოპები ჰყავდა და ემერსონისგანაც იგივეს ელიან. ბეტისმა ატლეტიკო მინეიროსგან 13 მილიონად იყიდა და ალბათ, მინიმუმ ორმაგ ფასში გაყიდის.

 

ბრუნო გიმარაეში (1997). ლიონის საყრდენი. ატლეტიკო პარანაენსედან ზაფხულში იყიდეს. ჩემპიონთა ლიგაში მშვენივრად ითამაშა, განსაკუთრებით, მანჩსტერ სიტისთან მოგებულ მეოთხედფინალში.

 

პედრინიო (1998). ბენფიკამ წლეულს 21 მილიონად შეიძინა კორინთიანსიდან. შემტევი ნახევარმცველი, ტიპიური ბრაზილიური სიგიჟე მანერათი. ცაცია.

 

ანტონი (2000). აიაქსის 19-მილიონიანი შენაძენი სან-პაულუდან. იდეაში ჰაკიმ ზიეშის შემცვლელად მიიყვანეს და ვნახოთ. თამაშით ჰგავს მაროკოელს.       

 

გაბრიელ ვერონი (2002). შარშან 17-წლამდელთა მუნდიალი მოიგო და საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. გუშინ გახდა 18 წლის. უკანდაწეული ფორვარდია. პალმეირასში თამაშობს...

 

ახალგაზრდები არიან ასევე გაბრიელ ჟესუსი, პაკეტა, არტური, რენან ლოდი, ედერ მილიტაო, რიჩარლისონი, მარტინელი, დავიდ ნერესი... თუმცა მათზე აღარ დავკონკრეტდით, რადგან რეგულარუად თამაშობენ ევროპაში და გულშემატკივარი კარგად იცნობს.