თითქმის კონკია

 

 

 

 

 

 

 

მართალია, წლევანდელი ჩემპიონთა ლიგა მიუნხენის ბაიერნმა მოიგო და აბსოლუტურად დამსახურებულადაც, მაგრამ იყო ერთი უბრალო გუნდი, რომელმაც მთელ მსოფლიოს შეაყვარა თავი - იტალიური ატალანტა. მგონი მთელი კლუბის ბიუჯეტია იმდენი, რამდენსაც პარი სენ-ჟერმენში მხოლოდ ნეიმარს უხდიან, მაგრამ აბა, გაიხსენეთ მეოთხედფინალი, რომელშიც ღარიბი მაგრამ ამაყი იტალიელები ბოლო წუთებამდე უგებდნენ მრისხანე პარიზელებს. მერე მოხდა სასწაული, ეტყობა წმინდა ჟერმენი შეეწიათ, ორ წუთში ორი გოლი გაიტანეს და შემდგომ ეტაპზე გავიდნენ. ასეთი რამ საუკუნეში ერთხელ ხდება ხოლმე. მანამდე მსგავსი ლიგის 1999 წლის ფინალში მოხდა, როცა წაგებული შეხვედრა მანჩესტერ იუნაიტედმა ბაიერნს ბოლო ორ წუთში ამოუტრიალა. მაშინ ვხუმრობდით კიდეც, მანკუნიანელებს ცხონებული მეტ მასბის სული შეეწიაო. ალბათ ასეც იყო.
ატალანტამ კონკიობა ბოლომდე ვერ გასწია, მაგრამ ახალი სეზონი კარს მოგვადგა და ყველაფერი წინაა.

 

 

არადა ამბავი წინა სეზონში როდი დაიწყო. ჯერ კიდევ 2016 წელს ბერგამოელებმა მთელი სერია А აალაპარაკეს. მაშინ ჯან პიერო გასპერინი მივიდა გუნდში. გუნდში, რომელიც ლამის გასავარდნად იყო განწირული. მთავარი კი ის იყო, რომ სპეციალისტმა კლუბის პრეზიდენტის ნდობა მოიპოვა. 

ის სეზონი გასპერინიმ საშინლად დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა ათამაშდა და ჯამში მეოთხე ადგილი დაიკავა, ჩემპიონთა ლიგაში კი იმიტომ ვერ მოხვდა, რომ მაშინ იტალიას მხოლოდ სამი გამსვლელი ადგილი ჰქონდა კონტინენტის მთავარ საკლუბო ტურნირზე.

სენსაციური გუნდის წევრები წამში დაიტაცეს. გალიარდინი და კალდარა ინტერსა და იუვენტუსში გადაბარგდნენ. 2017-ის ზაფხულში კი კესიე და კონტი (მილანში) წავიდნენ, მაგრამ ვერცერთი გახდა ვარსკვლავი. ატლანტამ კი ამ ტრანსფერებით 98 მილიონი ევრო მიიღო, რაც მაშინ მათთვის ასტრონომიული თანხა იყო.

როცა ატალანტას აქებენ, ძირითადად კომპლიმენტები გასპარინის ხვდება ხოლმე და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ წარმატებაში არანაკლები წვლილი მიუძღვის კლუბის პრეზიდენტ ანტონიო პერკასის. 

 

 

ყოფილმა ფეხბურთელმა ბიზნესში სცადა ბედი. მოდური ბრენდების დისტრიბუციის კომპანია დააარსა და 20 წელიწადში უკვე ათას მაღაზიაზე მეტი ჰქონდა. ხოლო ჟურნალ Forbes-ში მას შემდეგ მოხვდა, რაც მისმა ქონებამ მილიარდს გადააჭარბა.

ასეთი ავლადიდებით დაბრუნდა ის მშობლიურ კლუბში, რომელშიც 70-იან წლებში თამაშობდა. 

საკლუბო მართვის მისმა მეთოდმა გაამართლა. ის არ ჰგავდა სხვა იტალიური კლუბების პრეზიდენტებს, რომლებიც ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ ცვლიან მწვრთნელებს. ან ერთი კვირის გაგდებულ სპეციალისტს უკან აბრუნებენ.

მწვრთნელის მიმართ მან შესაშური მოთმინება გამოიჩინა, როცა პირველივე სეზონის დასაწყისში გასპერინიმ ერთი მოგებითა და ზედიზედ ოთხი წაგებით დაიწყო. ქომაგები მის გადადგომას ითხოვდნენ, მაგრამ პრეზიდენტმა დააცადა და არც უნანია. კიდევ ერთი, დამრიგებელი სრულად აკონტროლებს სატრანსფერი პოლიტიკას, რაც იტალიაში იშვიათია. მოკლედ, გასპერინი სათავისო ადგილზე მოხვდა და შედეგმაც არ დაახანა.
მისი ადეკვატურობისა და  თავმდაბლობის მაგალითი პსჟ-სთან მატჩის წინ ნათქვამია: „ეს ისტორიული მომენტია ჩვენთვის და ამით სიამოვნებას ვიღებთ. გვესმის თუ რა ძლიერია მეტოქე და ეს ჩვენთვის სკოლაში წასვლას ჰგავს.“
აკადემიის აღზრდილებს გზა გაუხსნეს პირველ გუნდში. მაგალითად, ბასტონი და გალიარდინი. პარალელურად სკაუტებმა ეგზოტიკური ჩემპიონატების თვალთვალი დაიწყეს. ფროილერი შვეიცარიულ ლუცერნში იპოვნეს, გომესი - უკრაინულ მეტალისტში, ხოლო პალომინო - ბულგარულ ლუდოგორეცში.

 

 

გასპერინის საყვარელი განლაგება 3-4-3 და 3-4-1-2-ია, პლუს მაღალი პერსონალური პრესინგი. გუნდის ფეხბურთელებისადმი მთავარი მოთხოვნა გამძლეობა და კონცენტრაციაა. გამძლეობა იმიტომაა საჭირო, რომ გუნდური პრესინგი ერთი საათის თავზე არ ჩაიფუშოს. ყველა მუშაობს - კლუბის სიმბოლო პაპუ გომესი, ზარმაცი ილიჩიჩი და ცენტრფორვარდი საპატაც. 
გასპერინიზე ლეგენდებიც დადის, ძალიან მკაცრიაო.  „ბევრს ითხოვს, მასთან მუშაობა რთულია,“ - ამბობენ ერთნი. „სამაგიეროდ მის ხელში სხვა ადამიანი ხდები. გაცილებით ძლიერი, ვიდრე იყავი,“ - ამატებენ მეორენი.
სერია A კი 19 სექტემბერს იწყება. იკონკიებს ატალანტა?