"ხვიჩას ნახევარ პრემიერლიგაზე მეტის მოტყუება შეუძლია," - რუსი ექსპერტის შეფასება

ანალიტიკოს-მწვრთნელმა, იგორ მანანიკოვმა, რომელიც ორენბურგში მუშაობდა და სტაჟირება რუბინში გაიარა, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. რუსმა სპეციალისტმა ის თანაგუნდელს, დენის მაკაროვსაც შეადარა.

 

ჟურნალისტი: კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია?

 

- ჩემი აზრით, მაკაროვი უფრო სტაბილურია: გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, მან იცის რა უნდა. ის დისტანციაზეც უკეთესია. რაც შეეხება ხვიჩას, ის შეტევაში მრავალფეროვნებას ქმნის. მას, მარტოს, ერთად აღებულ ნახევარ [რუსეთის] ​პრემიერლიგაზე მეტის მოტყუება შეუძლია. 

 

ჟურნალისტი: კვარაცხელიას დრიბლინგის 107 მცდელობა ჰქონდა, რომელიც პრემიერლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია, თუმცა წარმატებული მხოლოდ 55 იყო

 

- ნელ-ნელა, ის უფრო და უფრო უკეთესი ხდება, ბურთსაც უკეთ აკონტროლებს. შესაძლოა პროგრესი ძალიან სწრაფი არ არის, მაგრამ არც შეიძლება ასეთი იყოს. მისი დრიბლინგი ძალიან ეფექტურია. ამ ეფექტურობაზე რუბინის თამაშია დამოკიდებული. 

 

ხვიჩა მრავალმხრივი ფეხბურთელია. მას ბურთის ფლანგზე კონტროლი შესანიშნავად შეუძლია. თუ შეტევის დროს, კვარაცხელია პარტნიორებს მეტ გადაცემას გაუკეთებს, ეს რუბინის შესაძლებლობებს გაზრდის. იყო შემთხვევები, როცა პასის გაკეთება შეეძლო და არ გააკეთა. თუ ამაზე იმუშავებს, მწვერვალებს დაიპყრობს. 

 

 

ჟურნალისტი: ხშირად, ხვიჩა ბურთს კარგავს და გუნდი ამის გამო სწრაფ კონტრშეტევებს იღებს. თქვენ როგორ უყურებთ, როცა თქვენი მოთამაშე მხოლოდ დრიბლინგზეა ორიენტირებული? სლუცკი ამბობს, რომ ხვიჩას მარწუხებში მოქცევა არ უნდა

 

- ლეონიდს გუნდის ფეხბურთელებთან საკმაოდ კრეატიული ურთიერთობა აქვს, მაგრამ არსებობს პრინციპებიც. ამის ფონზე შეგვიძლია ხვიჩას თავისუფალი თამაშიც განვიხილოთ. 

 

წესიდან გამონაკლისი შესაძლოა დაუშვა, თუ საქმე ფენომენალურ შესაძლებლობებთან გაქვს, ხვიჩას შესაძლებლობები კი ფენომენალურთან ახლოსაა. ჩვენ სლუცკის სისტემა უნდა გავითვალისწინოთ და იქ კვარაცხელიას როლზე ვიფიქროთ. ბევრი თავისუფალი მოქმედება ყოველთვის წარმატებას არ მოიტანს. საჭიროა ფეხბურთელს მიმართულება მისცე. ეს ასე მუშაობს. ამიტომაც არის, რომ მწვრთნელის მითითებების შემდეგ ხვიჩა მეტად ეფექტურია.

 

თუ კვარაცხელია სლუცკის დაუჯერებს და სისტემაში მეტად ჩაჯდება, ეს გუნდს შეტევაში ძალიან წაადგება.რუბინს შეტევაში დიდი მომავალი აქვს.