A4-ზე ამობეჭდილი სტატია

 

 

 

 

 

 

 

ეს საუკუნე ახალი დაწყებული იყო, ჩემი მაშინდელი თანამშრომლისა და მეგობრის ოთახის კარზე, გარეთა მხრიდან, ჩვეულებრივ თაბახის ფურცელზე ანუ ეგრეთწოდებულ A4-ზე ამობეჭდილი ინგლისური სტატია რომ შევამჩნიე. ჭიკარტებით მიეკრა. სტატიებს გარედან როგორც წესი არ აკრავენ. სტატიებს შიგნიდანაც არ აკრავენ. პლაკატებს კი ბატონო, ფლაერებსაც, მაგრამ შავ-თეთრ პრინტერზე ამობეჭდილ წერილებს? ვინ რა უნდა გაარჩიოს?

მივედი მიხურულ კართან და დავაცქერდი. ვკითხულობ: მანჩესტერ იუნაიტედმა ლისაბონის სპორტინგისგან ვიღაც პორტუგალიელი ახალგაზრდა იყიდა, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. თურმე, ეს ჭაბუკი თვით ალექს ფერგიუსონს მოსწონებია. მოსწონებია კი არა, ლამის უშვილებია. თურმე, ეფერება და დიდ ვარსკვლავად ზრდის.

 

Ronaldo: Sir Alexu Fergusonu ovim putem šaljem veliki zagrljaj, puno mi je  pomogao - SportCom.hr

 

ეს ის პერიოდია, როდესაც ფერგიუსონმა თავის ნაქებ „ოქროსყვერება“ დევიდ ბექჰემს გასახდელში ბუცი გაუქანა და თუ სწორად მახსოვს წარბიც გაუხეთქა. მოკლედ, ბექჰემი რეალში მიდის, დიდ (ძალიან დიდ) ფერგის კი ახალი ფავორიტი სჭირდება და ხან ერთ უცნაურ კაცს აძრობს საიდანღაც და ხან მეორეს.

ვიფიქრე, ესეც ვიღაც ასეთი იქნება მეთქი. თან, გვარიც მეხამუშა: რონალდო. რონალდო ხომ მსოფლიო ფეხბურთში უკვე იყო და თან ისეთი, რომ წესით ამ გვარის ხალხზე ბუნებას სულ მცირე  ორმოცდაათი წელი უნდა დაესვენა. მოკლედ, კედელზე მიტყეპებული სტატიას მთლად ვერ დავუჯერე და ყველაფერი ჩემი თანამშრომელ-მეგობრის „მანჩესტერელობას“ დავაბრალე. ვიფიქრე, გულშემატკივრობით მოსდის, მეთქი.

მერე, ის A4 იმ კარზე წლობით ეკიდა. დღეს, ჩვენს მაშინდელ ოფისში სხვა ხალხის ჟრიამული ისმის და მთლიანად კარიც შეცვლილი იქნება, მაგრამ სანამ ჩვენ ვიყავით სტატია ეკიდა და ყვითლდებოდა. მეტსაც გეტყვით, თავად ჩემი თანამშრომელ-მეგობარი უკვე ინგლისში თუ სადღაც იყო კარგა ხნის გადახვეწილი, ის ფურცელი კი ეკიდა და გვაუწყებდა, რომ იუნაიტედმა „ოცნებათა თეატრში“ პორტუგალიიდან ვიღაც ძალიან მაგარი ყმაწვილი ჩაიყვანა, თავხედური გვარით რონალდო. ნუ, მერე ქართულ პრესაში ჩათვალეს, რომ როგორც პორტუგალიელს მას რონალდუობა უფრო მოუხდებოდა და გვარში ბოლო ასო შეუცვალეს, ბრაზილიელ რონალდოს კი, ალბათ, ამ მამლაყინწასგან განსასხვავებლად „ო“ დაუტოვეს, თორემ პორტუგალიური პორტუგალიურია.

მაგრამ, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს ენობრივი ამბავია. თავი რომ მოიკლან, ვერც ისინი იტყვიან სწორად ყიფიანს და ჩვენც სულ გვექნება კამათი რონალდუა თუ რონალდო. ის პირველი „რ“-ც მე თუ მკითხავთ, დედანში ცოტა „ღ“-სავით ისმის, მაგრამ ამას თავი დავანებოთ

 

I'm not Ballon d'Or obsessed” | News | EL PAÍS in English

 

მთავარი ის არის, რომ ამ ყმაწვილმა ჩემი თანამშრომელ-მეგობრის კარზე გარედან მიკრული სტატიიდან, სამშაბათს მეასე სანაკრებო გოლი გაიტანა. უფრო სწორად, მეასე და ასმეერთე. ახლა მას მხოლოდ ირანელი ალი დაეი უსწრებს 8 გოლით და ამ მაწაკის ხასიათი რომ ვიცი, მოკვდება და დაეის რეკორდს მოუხსნის.

ფერგიუსონის „შვილობილი“ დღეს უკვე 35 წლის არის, მაგრამ მოახერხა და დრო გააჩერა. სხვები ბერდებიან, ის — არა. მტრისას, იმხელაზე ხტება, ისეთი პოზიციებიდან არტყამს, ისეთ რამეებს აკეთებს. გოლი გოლზე გააქვს და, როგორც ზემოთ ვთქვი ჟინიანია საშინლად. სუფრაზე დაჯდომამდე ნარდის სათამაშოდ რომ დაგიჯდეს, ქეიფს ჩაშლის და სანამ არ მოგიგებს, არ ადგება.

ბრძენი კაცი იყო ბებერი მგელი (ან მელი) ფერგიუსონი. სწორად დაადგა ჭაბუკს თვალი. მამობა გაუწია. დღემდე სენტიმენტი აქვს მის მიმართ. დაინახა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში უნიკალურ ვარსკვლავთან ჰქონდა საქმე.

მე თუ მკითხავთ, კრიშტიანუ რონალდუ გარდა ვირტუოზული საფეხბურთო უნარებისა, კიდევ იმით არის გამორჩეული, რომ კარიერაში გარემარბიც იყო, უკან დახეული ფორვარდიც (ხანდახან ორივე ერთად), ცენტრფორვარდიც, ჯარიმების უბადლო შემსრულებელიც და კიდევ ვინ მოთვლის რამდენი თვისების პატრონი. მოტივატორია. სულ გამარჯვება შია. და ყველაფერში სადღაც მწვერვალზე იყო.

ისე, მისი თამაშის სტილი თბილისის ეზოებში ნამატავები ხალხისთვის ალბათ მაინც ცოტა უცხოა და ვინ იცის, ერთიხანობა ამიტომაც ეხამუშებოდა აქაური გულშემატკივრის ნაწილს რაღაც, სანამ კარგად არ დაინახა რამხელა ფენომენთან აქვს საქმე.

 

VIDEO: Ferguson strpljivo čekao Ronalda da mu čestita | Goal.com

 

ნუ, კიდევ ტრაბახაა და იჯგიმება… მაგრამ, როგორც ფეხბურთელი, ძალიან დიდია.

საბედნიეროდ, ის ჯერ კიდევ ჯანზეა და ცაზე ვარსკვლავებს ეთამაშება. აგერ, ნაკრებში მეასე და ასმეერთე გოლებიც გაიტანა და ეს ბლოგიც ამის გამო დავწერე.

ერთი იმაზე მწყდება გული, რომ იმ ჩემს ძველ სამსახურში, ახალმა ხალხმა A4-იანი კარი ალბათ სულ ჩამოხსნა და მის ნაცვლად სხვა დააყენა, მაგრამ მაგას „ფერგის შვილობილი“ რამენაირად გადაიტანს.