საქართველო და რუსეთი: ამ საუკუნეში პირველად

ამ საუკუნეში ქართულ-რუსული კლუბების დაპირისპირება ევროტურნირების ეგიდით არ ჩატარებულა. პირველად იქნება 17 სექტემბერს, ვაკეში: თბილისის ლოკომოტივი მოსკოვის დინამოს უმასპინძლებს და გაირკვევა, ვინ გავა ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე.

 

ერთი პერიოდი უეფას აკრძალული ჰქონდა ქართულ-რუსული დაპირისპირებები. 2008 წლის აგვისტოდან დააშორა ერთმანეთს, თუმცა 2014 წელს ისევ დაუშვა.  

 

1997 წელს ინტერტოტოს თასზე თბილისის მერანი-91-მა შინ 0:2 წააგო მოსკოვის ტორპედოსთან. ეს იყო ბოლო მატჩი, რომელშიც ქართული და რუსული გუნდები ევროეგიდით შეხვდნენ. ინტერტოტო კი აქ რა მოსატანია, როცა მთავარი დაპირისპირება მანამდე ერთი წლით ადრე გაიმართა.

 

უეფას თასზე დინამოს უკვე გამოთიშული ჰყავდა ლუქსემბურგის გრევენმახერი და ნორვეგიის მიოლდე. მესამე ეტაპზე კი ტორპედო შეხვდა. მოსკოველებს იმ დროს კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი ვალენტინ ივანოვი წვრთნიდა, დინამოს კი - არანაკლები ლეგენდა დავით ყიფიანი. აღარც ივანოვია ცოცხალი და აღარც ყიფო...

 

10 და 24 სექტემბერს იყო თამაშები. ჯერ მოსკოვში: წვიმა, ტალახი, გაფუჭებული დრენაჟი, ალაგ-ალაგ წყალბურთის ელემენტები, მასპინძლების ამინდი, მაგრამ დინამოს სრული უპირატესობა და გაკვირვებული რუსი კომენტატორი: „კიდევ არ დაიღალნენ ქართველები?!“.

 

 

გოჩა ჯამარაულმა საჯარიმო დარტყმით გაიტანა. მანამდეც და მერეც დინამომ ტექნიკური და ფიზიკური თვალსაზრისითაც შეჭამა ტორპედო.

 

ივანოვმა თამაშის მერე თქვა: „დინამოელებმა მოლოდინს გადააჭარბეს. მეტოქე შესწავლილი გვყავდა, მაგრამ მათ დამატებით მაღალი ხარისხი აჩვენეს“.

 

19 წლის კახა კალაძე, 20 წლის ლევან კობიშვილი და ალექსანდრე იაშვილი, 21 წლის გიორგი კიკნაძე და გიორგი დემეტრაძე... ახალგაზრდებმა განსაკუთრებით გააწამეს ტორპედოელები. მაშინ ჯერ კიდევ თამაშობდნენ პერსონალურად და კალაძემ ფეხი არ გაანძრევინა მასპპინძელთა ბომბარდირ ავაკოვს. ისე, რა ავაკოვი, როცა ერთი წლის მერე კრისტიან ვიერი დაკეტა.

 

მახსოვს, ერთ მომენტში კიკნაძემ ერთბაშად ოთხი ტორპედოელი მოატყუა. ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა საყრდენმა. მარცხნიდან კობიაშვილი ბევრს უტევდა, ფაქტიურად გარემარბი გახლდათ.

 

აი, შემოქმედებითი კუთხით მოსკოვშიც და თბილისშიც ლიდერი გახლდათ ჯამარაული. მარტო გოლებში არაა საქმე, თუმცა გოლებიც რატომ უნდა დავივიწყოთ?.. თბილისში ჯამარამ 30 მეტრიდან რომ დააქუხა, ნახვად ღირდა. მანამდე გოჩამ უფრო შორიდან ხარიხა შეაზანზარა.

 

შინ 1:1 დასრულდა და დინამო გავიდა. ტორპედოს ერთი გოლიც და ცუდ დღეში აღმოჩნდებოდა, მაგრამ ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა. დინამომ თბილისშიც აჯობა მეტოქეს და მარტო ბოლო 10 წუთში კონტრშეტევებზე სამი საგოლე მომენტი შექმნა. კახა გოგიჩაიშვილი და დემეტრაძე ფლანგებიდან აწიოკებდნენ...

 

აი, რა დაწერა მაშინ რუსულმა სპორტ-ექსპრესმა: красота игры тбилисцев не могла никого оставить равнодушными (დინამოელთა თამაშის სილამაზე გულგრილს ვერავის დატოვებდა)

 

 

ტორპედო-დინამო 0:1

 

გოლი: ჯამარაული (36)

 

დინამო: ზოიძე, კალაძე, ლობჟანიძე, კუდინოვი, მაჭავარიანი, ჩხაიძე, კიკნაძე, ჯამარაული (ინალიშვილი 86), კობიაშვილი, იაშვილი (დემეტრაძე 83), ხომერიკი (ზ.ჯელაძე 71)

 

დინამო - ტორპედო 1:1

 

გოლები: ჯამარაული (48) - ვოსტოროსაბლინი (82)

 

დინამო: ზოიძე, კალაძე, ჩხაიძე, კუდინოვი (კერძევაძე 40), ლობჟანიძე, მაჭავარიანი, კიკნაძე, კობიაშვილი, ჯამარაული (ინალიშვილი 56), გოგიჩაიშვილი, იაშვილი (დემეტრაძე 66) 

 

 

 

მთავარი ნაკრებების დონეზეც სამჯერ შეხვდნენ საქართველო და რუსეთი. თანაფარდობაა, თითო მოგება-ფრე-წაგება. 1:0, 1:3 შესარჩევში და 1:1 ამხანაგურში. თუმცა ეს სხვა ისტორიაა...

 

ახლა თბილისის ლოკომოტივის თამაშს ველით. ფავორიტი ყველამ იცის, რომელიცაა, მაგრამ რუმინეთის უნივერსიტატიაც ფავორიტი იყო. წინასწარ გლოვას ნამდვილად არ ვაპირებთ.