ჰარდენი: მიცვალებული მოდის

ჯეიმს ჰარდენმა ვერ გაარტყა. რამდენიმე წლის წინ კრის პოლთან ერთად ბიჭმა თითქმის დაძირა უკვდავი გოლდენ სტეიტი და მხოლოდ მისტერ პოლის ტრავმით ვერ გაქაჩა.

პოლმა აკრიფა ნორმალურ, საშუალო დონის მოთამაშეებით შეკრულ ოკლაჰომაში და ჰარდენს ახალი სათამაშო მიუყვანეს.

რასელ უესთბრუქი. ბურთზე შეყვარებული მანიაკი, რომელმაც ჯეიმსს ხელი არ შეუშალა. მაგრამ ჰიუსტონსაც ვერ დაეხმარა.

დასავლეთის ნახევარფინალში ლეიკერსმა 119:96 დაამტვრია ჰიუსტონი, სერია 4:1 დახურა და ელოდება კლიპერსს. ან - დენვერს.

ჰარდენმა გაასწორა. 30 ქულა მისაღებია. და, რასმა ვერ შეუბერა. რასი დაიკარგა. რასი ნერვიულობდა და რასს სიმშვიდე ლებრონ ჯეიმსმა წაართვა. და, ალბათ, სხვებმაც.

ჰარდენი იყო მიცვალებული. გენერალი, რომელმაც ბოლო გზა გაიარა და რომელიც საკუთარმა ჯარისკაცმა დამარხა. რასმა სერიის ბოლო მატჩში 13/4 სროლა გამოიყენა და მიზერული 10 ქულა დასვა. მაგრად გატეხა.

 

ლებრონი და ოსკარი

ჯეიმსმა დასვა 29 ქულა, 11 მოხსნა და 7 პასი.

დიდი ბიჭი გახდა მეორე მოთამაშე ფლეი ოფის ისტორიაში, რომელმაც გასავარდნი ეტაპის პირველ 10 მატჩში 250+ ქულა, 100+ მოხსნა და 80+ შედეგიანი გადაცემა აკრიფა.

ლებრონამდე იგივე შედეგი გლიჯა კიდევ ერთმა ლეგენდამ - მისტერ ოსკარ რობერტსონმა.

 

2010

ლეიკერსი პირველად გადის დასავლეთის ფინალში 2010 წლის შემდეგ. იმ სეზონში გუნდის ლიდერი იყო კობი ბრაიანტი. იმ სეზონში ლეიკერსი დიდ ფინალში ბოსტონზე გავიდა.

და, იმ სეზონში ლეიკერსი გახდა ჩემპიონი. კობიმ და პო გასოლმა ტიტული დაიცვეს.

ეს გუნდი უკეთესია. ამ გუნდს ნაკლები ბალასტი აქვს. და, ამ გუნდში უფრო მოქნილი მაღალი დგას. დევისი ჯოკერია.