ზიდანის 5 პრობლემა

პანდემიისგან გამოწვეული ფინანსური ზარალისა და სანტიაგო ბერნაბეუს რეკონსტრუქციის გამო, ფლორენტინო პერესის ეპოქაში პირველად მოხდა, როცა ამ ფუნქციონერმა სატრანსფერო ბაზარზე არავინ იყიდა. ამის გამო, მადრიდელები შესაძლოა პრობლემების წინაშე დადგნენ.

 

20 სექტემბერს, ლა ლიგის პირველ ტურში, ბლანკოსი სოსიედადის წინააღმდეგ სათამაშოდ ანოეტაზე ჩავა. ზიდანმა ისაუბრა, რომ მისთვის ესპანეთში პირველობას პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს. მას ჩემპიონის გვირგვინის შენარჩუნება ძველი სახეებით მოუწევს, ახალი მხოლოდ ედეგორია, რომელიც განათხოვრებული იყო და დაბრუნდა. 

 

ეს თითქმის იგივე შემადგენლობაა, რომელიც მას 2019/20 წლების სეზონში ჰყავდა, იმ განსხვავებით, რომ რამდენიმე ფეხბურთელი კლუბიდან წავიდა/მიდის. ამის გამო, ზიდანი რამდენიმე პრობლემის წინაშე დადგა, რომლის გადაწყვეტაც ადვილი არ იქნება

 

კაზემიროს შემცვლელი არ ჰყავს

 


 

კაზემიროს ალტერნატივის მოძებნა სატრანსფერო ბაზარზე რეალის პრიორიტეტი იყო, უფრო იმ ფონზე, რომ წინა სეზონში, რეალში მოედანზე ყველაზე მეტი წუთი სწორედ ბრაზილიელმა გაატარა, ჯამში - 2080 წუთი. როდესაც ტრავმა ან დისკვალიფიკაცია მიიღო, ზიდანი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ზამთარში, მან ვალენსიასთან შეხვედრაში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღო, რომ შემდეგ ტურში კლასიკო ელოდებოდა და ზიდანს არ სურდა მისი თამაში გაერისკა. რა თქმა უნდა, კაზემირო ვერავინ შეცვალა და ვერც მოიგეს (1:1). 

 

რეალს ბრაზილიელის ალტერნატივად, რენის ფეხბურთელი, ედუარდუ კამავინგა წარმოედგინა, მაგრამ ზემოთ მოყვანილი ფინანსური კრიზისის გამო, ეს ტრანსფერი არ შედგა. ზიდანს მოუწევს ნახევარდაცვაში წარმოქმნილი სიცარიელე კროოსით ან ვალვერდეთი შეავსოს.

 

გამტანი მხოლოდ ბენზემაა

 


 

2019/20 წლის ლა ლიგის მოგებაში გოლების გამტანი კარიმ ბენზემა იყო, თანაც მაშინ, როცა: აზარი, ვინისიუსი, ბეილი, ასენსიო და ისკო ტრავმებისა თუ ცუდი ფორმის გამო გუნდს დიდად ვერ ეხმარებოდნენ. ფრანგი პიჩიჩისთვისაც ბოლო ტურამდე იბრძოდა.

 

საბოლოოდ, ბენზემამ გოლეადორის ის თვისებები გამოავლინა, რომლითაც თავი ლიონში დაგვამახსოვრა. წინა წლებში უფრო მეტს კრიშტიანუ რონალდუ ურტყამდა და ქარიმი ისე არ ჩანდა, როგორც მის ტალანტს შეეფერება.

 

ლუკა იოვიჩმა გაცემული ავანსი ვერ გაამართლა. რეალმა სერბი იმიტომ იყიდა, რომ აინტრახტში ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა, თორემ შეძენის ფავორიტი ერლინგ ჰოლანდი იყო. თუ ვინმეს გაუმართლა, ეს დორტმუნდია...

 

ბოლო ორი წელია ისკო აღარ ბრწყინავს

 

როგორც ბოლო რამდენიმე ზამთარ-ზაფხულს ხდება, ისკოს წასვლასთან დაკავშირებით ბევრი დაიწერა, თუმცა რეალს ადეკვატური წინადადება არ მიუღია, ფეხბურთელს კი თავისი ნებით წასვლა არ სურს. მადრიდში უკვე ბევრი ფეხბურთელია, რომელიც მხოლოდ ფულის შოვნაზეა გადასული. შეთავაზებები იმიტომაც არ არის, რომ ესპანელი ფეხბურთელი ისეთ ფორმაში აღარ არის, როგორც თავი მალაგაში დაგვამახსოვრა. 

 

ისკო ზიდანის ნდობით არასდროს სარგებლობდა, მაგრამ ახლა ფრანგმა იცის, რომ ესპანელისგან მაქსიმუმი უნდა გამოწუროს, რადგან, უბრალოდ, სხვა გზა აღარ დარჩა. 

 

რეალს ისკოს ტალანტი ძალიან სჭირდება, მით უფრო იმ ფონზე, როცა არ ვიცით, ედეგორს წნეხთან გამკლავება თუ შეუძლია. წინასასეზონო ტრავმამ ესპანელი უკვე უკან დახია. დაწყება ნულიდან უწევს. 

 

მარჯვენა მცველის პრობლემა

 


 

კაზემიროს დაცვითი ქმედებები მხოლოდ ცენტრში არ განისაზღვრება, ის მარჯვნივაც გადადის და კარვახალს აზღვევს. ალვარო ოდრიოსოლა გუნდს დაუბრუნდა, რომელიც იჯარით ბაიერნში იყო და რეალში მეორე შანსი მიიღო. ოდრი იმიტომ არ დაბრუნებულა, რომ ბაიერნში თავი წარმოაჩინა, არამედ იმიტომ, რომ რეკორდმაისტერმა ის არ გამოისყიდა.

 

განსაკუთრებულ შემთხვევაში, მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში ვასკესსაც შეუძლია.

 

საკითხავი ის არის, კაზემიროს გარეშე წინ გაქცეული კარვახალის ზონას ვინ დაკეტავს?

 

აზარის ტრავმა

 

მეტი იმედი როგორღა გამოეთქვათ, ფლორენტინო პერესმა კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად ედენ აზარი მიიყვანა და 7 ნომრიანი მაისური ჩააცვა. მადრიდში ფეხბურთელის პირველი სეზონი კატასტროფა გამოდგა.

 

მის გარშემო ბევრი კითხვა ტრიალებს, მაგალითად ერთი ასეთია: ოცდაათს მიტანებული, ტრავმებისკენ მიდრეკილი ფეხბურთელი, შეძლებს იმ დონეზე თამაშს, როგორც ამას ჩელსიში აკეთებდა? უკვე ცნობილია, რომ სან სებასტიანში ის მოედანზე არ იქნება. რა თქმა უნდა, ტრავმის გამო...

 

აზარი მოედანზე განსხვავების შემქმნელ ფეხბურთელად, იქს ფაქტორად მიიყვანეს, რომელიც ევროპას კიდევ ერთხელ დააპყრობინებდათ. ერთადერთი, რისი დაპყრობაც მან მოახერხა, კალორიული პროდუქტია და ვიზუალურადაც ეტყობა, რომ 12 თვის წინანდელი ფორმისგან ძალიან შორსაა. ამის გამო გულშემატკივრები ძალიან ბრაზობენ. 

 

ვინისიუსი და როდრიგო ნიჭიერი ფეხბურთელები არიან, მაგრამ მათზე იმედის დამყარება ჯერ ადრეა. კაი ჰავერცი და კილიან მბაპე მადრიდში არ გადაბარგდნენ.

 

რეალი ექიმების იმედადღა დარჩა, იქნებ ძველი აზარი დააბრუნონ..