ფეხბურთის ქალაქი

ყოველთვის გახსნილი და შემტევი გუნდი, ცოტა პუბლიკაზე მოთამაშეც - რაც თავი გვახსოვს, დორტმუნდის ფილოსოფია სულ ეს იყო. ასე იყო ოტმარ ჰიტცფელდის პერიოდში მიოლერ-რიკენ-ცორკისა და სხვების მეთაურობით, ასე იყო მოგვიანებითაც, როცა მათიას ზამერი წვრთნიდათ როსიცკი-კოლერ-ევერტონ-ამორუზოსა და კომპანიას.

 

ქალაქი დორტმუნდი დიდი არაფრით გამორჩეული არ იქნებოდა, რომ არა გუნდი და სტადიონი სიგნალ იდუნა პარკი, რომელიც ნებისმიერ თამაშზე გადავსებულია. სწორედ ამ სტადიონზეა გერმანიის ნაკრების მუზეუმი, სადაც უამრავი მნახველია.

 

ეს ცოტა რაკურსი. დღევანდელობას მივხედოთ: დორტმუნდმა გერმანიის თასზე 5:0 სძლია დუისბურგს. ორი რეკორდიც შედგა.

 

კაპიტანი და დორტმუნდის თილისმა მარკო როისი შეცვლაზე შევიდა და 3 წამში გაიტანა გოლი! რაღაც ზებუნებრივი შედეგია... აქამდე გერმანიაში რეკორდი  ეკუთვნოდა ჰოფენჰაიმის შემტევ მოდესტეს, რომელმაც შესვლიდან 12 წამში გაიტანა.

 

შეგახსენებთ, როისს ტრავმა ჰქონდა და 7 თვე გაუცდა. დაბრუნდა და აი, ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა. წინა ამხანაგური იყო, ახლა კი თასზეც შეაგდო.

 

კიდევ ერთი რეკორდი კი დორტმუნდის 17 წლის ინგლისელ ახალწვეულ ჯუდ ბელინგემს ეკუთვნის. ყველაზე ახალგაზრდა მეგოლეა კლუბის ისტორიაში (ამხანაგურები არ ითვლება). BVB-მ ბელინგემი ინგლისის ჩემპიონშიფის კლუბ ბირმინგემიდან იყიდა.

 

როისი, აზარი... დანარჩენი სამი გოლი კი სანჩომ, აზარმა და რეინამ გაიტანეს. ბოლო ნახევარი საათი ითამაშა რეალიდან განათხოვრებულმა რეინიერმა. 18 წლის ნახევარმცველს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

 

ძალიან ახალგაზრდული და საინტერესო გუნდი შეიკრა. ამათ დაუმატეთ მთავარი ცხრიანი, ნორვეგიელი ტანკი ერლინგ ჰოლანდი, 20 წლის სანჩო და 18 წლის რეინაც.

 

და კიდევ, როგორ არ ვახსენოთ იუსუფ მუკოკო? უკვე სამი წელია, ამ ბავშვზე იწერება. არადა, ჯერ 15 წლისაა და 20 ნოემბერს ხდება 16-ის. წარმოშობით კამერუნელი თავდამსხმელი, არანორმალური ფიზიკური მონაცემებით. 12 წლისა უკვე 17-წლამდელებში თამაშობდა.... მუკოკოს დორტმუნდის მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი, ოღონდ ჯერ ამხანაგურში. არ გამოვრიცხოთ, ლუსიენ ფავრმა ბუნდესლიგაშიც ათამაშოს, ეს კი ნამდვილი ფურორი იქნება.

 

მაინცდამაინც არც სხვა ფეხბურთელები არიან მოხუცები. ბრანდტი, აკანჯი და კომპანია. მთავარი საკითხავი და საზრუნავი: დაცვა... ბოლო წლებში დორტმუნდელებს უკანა ხაზში არეული აქვთ საქმე.

 

ეს კლუბია, სადაც სხვა ფილოსოფია ტრიალებს. დორტმუნდის თამაშს გამოარჩევ, რასაც დღევანდელი გუნდების უმეტესობაზე ვერ იტყვი.