ბარსელონას სატრანსფერო ხუთწლედი

ბოლო პერიოდია ბარსელონას საუკეთესო დრო ნამდვილად არ უდგას. ბოლო პერიოდი კი არა უკვე რამდენიმე წელია ბლაუგრანას ფანები სეზონის ბოლოს არცთუ ისე კმაყოფილები არიან. 

 

რა თქმა უნდა ლა ლიგის, ესპანეთის თასის და სუპერთასის მოგება ძალიან კარგია, მაგრამ კატალონიელთა მთავარი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე წარმატების მიღწევაა, ბარსას დონის გუნდისთვის კი წარმატება როგორც მინიმუმ ფინალისტობაა. ლიგაზე წარმატების მიღწევაში ბლაუგრანას ხან რომელი გუნდი უშლიდა ხელს ხანაც რომელი. ბოლო 3 მარცხი განსაკუთრებით მწარე გამოდგა. 2018 წელს 1/4 ფინალში გუნდმა რომასთან 4:1 მოგების შემდეგ 0:3 წააგო, ლივერპულთან 1/2 ფინალში 3:0 იმარჯვა და შემდეგ 0:4 დამარცხდა, წლეულს კი 1/4 ფინალში ბაიერნთან 2:8 განადგურდა. 

 

ამ ცუდი შედეგების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი წარუმატებელი ტრანსფერებია. ბოლო წლებში გუნდში ბევრი ვარსკვლავი მივიდა, თუმცა ზოგმა გაამართლა, ზოგმა ვერა, უფრო სწორად უმეტესობამ ვერა. 

 

არდა თურანი 

 

ატლეტიკოში წლები კარგი თამაშის შემდეგ, როხიბლანკომ გუნდის ლიდერი ბარსელონაში გაუშვა. თურანი ბარსაში ისეთი კარგი ვერ იყო, როგორსაც ელოდნენ. იგი ნაკლებად ითვლებოდა ძირითადის მოთამაშედ. ბარსელონამ თურანი ჯერ ბაშაქშექირში გაანათხოვრა, შემდეგ საერთოდაც გაუშვა. გამოცდილი საყრდენი ამჟამად გალათასარაის ღირსებას იცავს. 

 

სამუელ უმტიტი

 

2016 წელს ბარსელონამ ლიონიდან სამუელ უმტიტი შეიძინა. იმ დროისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მცველი იყო. ფეხბურთელი, რომელმაც ტრანსფერამდე რამდენიმე კვირით ადრე ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშა. სამუელი ბარსაში კი გადავიდა, თუმცა ხელი ხშირმა ტრავმიანობამ შეუშალა, არადა დიდი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია. წინა სეზონში ლა ლიგაში მან მხოლოდ 13 მატჩი ჩაატარა. 

 

უსმან დემბელე

 

2017 წლის ზაფხულში ფრანგ შემტევზე დიდი ნადირობა იყო გამოცხადებული. დემბელეს დორტმუნდიდან გადაბირება ბევრს სურდა, თუმცა ყველას ბარსელონამ აჯობა და 105 მილიონად საწადელს მიაღწია. დემბელემ კარგად დაიწყო, მაგრამ ტრავმები, დისციპლინასთან დაკავშირებული პრობლემები, ხელმძღვანელობის დაკარგული ნდობა... ამ ყველაფერმა გამოიწვია ის, რომ დემბელემ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე ჯერაც ვერ გამოავლინა. 

 

ფელიპე კოუტინიო

 

დემბელეს ტრანსფერიდან რამდენიმე თვეში, ბარსელონამ კვლავ კიდევ ერთი საკმაოდ მოთხოვნადი ფეხბურთელი დაიმატა. ლივერპულის მაშინდელი ლიდერი ფელიპე კოუტინიო კატალონიელებს შეუერთდა. ზემოთ აღნიშნული მოთამაშეების მსგავსად, მისგანაც მეტს ელოდნენ. ხან ტრავმები, ხან ცუდი ფორმა, ხანაც არასწორად შერჩეული პოზიცია და კვლავაც ვერ ვიხილეთ ის კოუტინიო, რომელიც ლივერპულისთვის ირჯებოდა. შარშან ზაფხულში ბარსელონამ იგი ბაიერნში გაანათხოვრა და ბედის ირონიაა, რომ ესპანელები ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში სწორედ რეკორდმაისტერებთან დამარცხდნენ 2:8 2 გოლი კი კოუტინიომ გაიტანა. ბრაზილიელი ბარსელონაში დაბრუნდა და საინტერესო იქნება ბაიერნში გატარებული პერიოდი წაადგება და საუკეთესო ფორმას დაიბრუნებს თუ კვლავ პრობლემები ექნება. 

 

კევინ პრინც ბოატენგი

 

ბოატენგის ბარსელონაში გადაბარგება ბოლო წლების ერთერთ ყველაზე უცნაურ ტრანსფერად შეგვიძლია მივიჩნიოთ. განელი ბარსამდე სასუოლოში თამაშობდა და განსაკუთრებულსაც არაფერს აკეთებდა, ყოველ შემთხვევაში ისეთს, რომ ვინმეს მისი ბლაუგრანაში გადასვლა ევარაუდა. ნახევარმცველი ესპანურ გრანდს იჯარის წესით შეუერთდა და ნახევარი სეზონი დაჰყო. ბოატენგის ანგარიშზე მხოლოდ 5 მატჩია. იგი ამჟამად ბეშიქთაშის ფეხბურთელია. 

 

ანტუან გრიზმანი

 

გრიზმანი ბარსელონაში ატლეტიკოდან მეგავარსკვლავის სტატუსით გადავიდა. მსოფლიო ჩემპიონს ბლაუგრანაში დიდი იმედებით დახვდნენ, გუნდის ხელმძღვანელები ფიქრობდნენ, რომ ანტუანი მესისთან და სუარესთან ერთად კარგ შემტევ ტრიოს შექმნიდა. ფაქტები ცხადყოფს, რომ გრიზმანი ისეთი პროდუქტიული ვეღარაა, როგორიც რიხობლანკოში თამაშისას იყო. განვლილ სეზონში მან 48 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 15 გოლი გაიტანა, მაშინ როცა ატლეტიკოს მაისურით ბოლო სეზონში ამავე რაოდენობის შეხვედრაში 21 ბურთი შეაგდო. მართალია განსხვავება დიდი არაა, მაგრამ საგრძნობია.

 

ფრენკ დე იონგი 

 

აიაქსში წარმატებული სეზონების შემდეგ, დე იონგი რამდენიმე გრანდის სამიზნე გახდა, ნიდერლანდელმა არჩევანი ბარსელონაზე შეაჩერა. ფრენკი უდაოდ ნიჭიერი ფეხბურთელია. მან ჯერ 1 სეზონი გაატარა ბარსაში და თავი ნამდვილად არ შეურცხვენია. მისი ნიჭი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ახალგაზრდა შუახაზელი კიდევ უფრო მოუმატებს და ბარსასთვის დიდი ძალა გახდება. 

 

მემფის დეპაი 

 

დეპაის ლიონიდან ბარსელონაში გადასვლა სულ ახალი ამბავია. საინტერესოა როგორ შეეწყობა ნიდერლანდელი შემტევი რონალდ კუმანის გუნდს და რამდენად შეძლებს ძირითად შემადგენლობაში ადგილის მოპოვებას. 

საბა საბანაძე 15 სექტემბერი 2020 -19:46