ბავშვები იცინიან

დენვერმა კლიპერსი გადატეხა. დენვერი გახდა პირველი გუნდი ლიგის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ ორი სერია 1:3-დან წამოიღო. დენვერი ბავშვების საკაიფო გუნდია.

და, ამ გუნდს ჰყავს გენიალური ლიდერი. ნიკოლა იოკიჩი.

ჯამალ მარიმ 40 ქულა აკრიფა. მაგარი ბიჭი. როდესაც მეორე მეოთხედში კლიპერსმა 12 ქულა წაიყვანა, მარიმ აკრიფა, მაგრად მოუმატა. მარი იყო ყველაფერი.

და, დენვერმა დაიწყო დაქაჩვა. და, 104:89 დასვა, სერია 4:3 დაიხურა და შემდეგ დონეზე მოდის ლებრონ ჯეიმსის, ენტონი დევისის ლეიკერსი. საინტერესო გარჩევა იქნება.

მარიმ მეშვიდე თამაშში გლიჯა 40 ქულა. 23 წლის ასაკში. და, ჯამალამდე უფრო ახალგაზრდას 40+ გადამწყვეტ მატრჩში აქვს აღებული მხოლოდ ლებრონს. ჯეიმსი 23 წლის და 140 დღის იყო. მარი - 23 და 205. მაგარი ბიჭი.

იოკიჩი საერთოდ სხვაგან იყო.

იოკიჩი მრავალფეროვანია. და, ეს ნიკოლას მთავარი პლიუსია. ეს ფლეი ოფში წარმატების აპრობირებული რეცეფტია. იოკიჩი კარგია ბევრ კომპონენტში და ეს ხელს უშლის დენვერის მოწინააღმდეგეებს. როდესაც ხარ მაგარი ერთ კონკრეტულ თემაში, შენი გაჩერება, გადაკითხვა შედარებით მარტივი ხდება. და, დიდი ალბათობით, ის, მეორე გუნდი (ადრე თუ გვიან) გაგაჩერებს.

იოკიჩი ბევრია.

ნიკოლა ჩააყენებს ცენტრს და ვინც არ უნდა ეთამაშებოდეს, იოკიჩზე აუცილებლად ადის მეორე დამცველი, რაც დენვერს პერიმეტრზე თავისუფლებას, მეტ დაუცველ დერეფანს აძლევს. იოკიჩს შეუძლია მოგაწვეს, გაჩერდეს, დადგეს, ბევრჯერ გაგიკეთოს ცრუ მოძრაობა და ბოლოში, ნიკოლა აირჩევს - ისროლოს დირკ ნოვიცკის სტილში თუ, გააგრძელოს მოძრაობა და ჰაერში აწეულს შეგისრულოს. ეს მისი ძალა და სიმდიდრეა.

და, კლიპერსთან იოკიჩმა დაალაგა. ყველაფერი. მეშვიდე მატჩში ნიკოლა გახდა პირველი ფლეი ოფის ისტორიაში, რომელსაც სამმაგი დუბლი მესამე მეოთხედში ჰქონდა გაკეთებული. იოკიჩმა კლიპერსს საბოლოოდ, 16 ქულა, 22 მოხსნა და 13 პასი გლიჯა.

იოკიჩი არის მესამე მოთამაშე ფლეი ოფში, რომელმაც სამმაგ დუბლი ზედიზედ მეორე გადამწყვეტ ჩეხვაში შეასრულა. ელეგანტური იყო.

კლიპერსზე მოგვიანებით წავიჭორაოთ. პროექტმა პირველ სეზონში არ გაამართლა, მაგრამ ეს დროებითია. გუნდს არ დაშლიან და გუნდი კიდევ ერთ კარგ მაღალს დაიმატებს. ჯერ ადრეა ამაზე საუბარი, მაგრამ დოკ რივერსმა, კავაიმ და მისტერ ჯორჯმა უნდა დაისვენონ. და, მოიფიქრონ, როგორ მოიგონ. თუ, ეს შესაძლებელია.

მანამდე, ბავშვები იცინიან.