კაცი ისტორიიდან, რომელიც არ უყვარდათ

 

 

 

 

 

 

 

კვირაში 650 000 გირვანქა სტერლინგიო, ხალხო! ესე იგი, 750 345 ევრო. ესე იგი, 841 112 დოლარი და თუ არ მეშლება 2 649 500 ლარი. და ეს ყველაფერი კაცს, რომელიც სათადარიგოთა სკამზეც კი აღარ ზის.

როდესაც კარგ ფორმაში იყო პირადად მე ძალიანაც მომწონდა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს. ფაქტი ის არის, რომ მიზეზთა და მიზეზთა გამო ის აღარ თამაშობს და მაინც იღებს კვირაში 650 000 გირვანქას.

ახლა, თურმე მისმა ყოფილმა კლუბმა, ტოტენჰემმა უთხრა რეალს, ერთი წლით იჯარით დამიბრუნე და ხელფასი ასე ვუხადოთ: ნახევარი შენ და ნახევარიც მეო. მგონი მადრიდისთვის აზრი აქვს. ჯერ ერთი იჯარის თანხას აიღებს და მეორეც კაცს, რომელიც აღარ სჭირდება, ამხელა ხელფასს მთლიანად მაინც აღარ გადაუხდის. წესით, ძალიან ნერვებისმომშლელი უნდა იყოს.

 

Mauricio Pochettino: Tottenham got 'so lucky' with Gareth Bale's Real  Madrid move – they wanted to sell him sooner! | London Evening Standard

 

დიახ, გარეთ ბეილზე მაქვს ლაპარაკი. ფეხბურთელზე, რომელიც ჯერ კიდევ იმ დროინდან მომწონდა, სფურზში რომ თამაშობდა, თმა მოკლედ რომ ჰქონდა შეჭრილი და დიდი ყურები უჩანდა. მერე, მადრიდში რომ გადავიდა, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო და თმა ისე დაიყენა, პროფესიონალი დალაქი თუ არ ხარ, ვერ მიხვდები რომელი კულული საით მიდის. თამაშის დროს ერთი სამაგრიც თუ დაუვარდა, ტრაგერდიაა, სულ გაიჩეჩება. ამიტომ, ყველაფერს თავი უნდა დაანებოს და მოედანზე სამაგრის ძებნა დაიწყოს.

და აი, ამბობენ, რომ ის ლონდონში ბრუნდება, კლუბში, რომელიც 7 წლის წინ დატოვა. გაქაჩავს? რა ვიცი, აბა. გააჩნია რას. ჩემპიონთა ლიგას ოთხჯერ ნამდვილად ვეღარ მოიგებს, მაგრამ პრემიერლიგის ოთხეულისთვის, თუ კოჭი ალჩუზე დაუჯდება შეიძლება იბრძოლოს კიდეც. ჰარი კეინს დაეხმარება — სერიოზული ოსტატია, მაინც. კლასი აქვს.

 

Real Madrid: Zinedine Zidane asked 11 questions about Gareth Bale in  extraordinary press conference | London Evening Standard

 

ფანებსაც იმედი მიეცემათ. მართალია, მწვრთნელად ჟოზე მოურინიუ ჰყავთ, მაგრამ ბევრს ვერაფერს ახერხებენ. იქნებ, ბეილიანად მაინც გამოვიდეს რამე. თან, რა საინტერესოა, თითქოს ჟოზეც რეალთან არის დაკავშირებული და ბეილიც, მაგრამ ისინი სანტიაგო ბერნაბეუზე არ გადაკვეთილან — 2013-ში პორტუგალიელი რომ წავიდა, უელსელი მაშინ მივიდა.

მივიდა და, თავისი კვალი დატოვა, მაგრამ იქაურ გულშემატკივარს, მადრიდისტებს, მაინც ვერ შეაყვარა თავი. ხდება ხოლმე. თავის შეყვარება კიდევ სხვა რაღაცაა. თან მადრიდში. იქ, სხვანაირ „ზმანზე“ უნდა იყო.

არადა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბეილი რეალის დიდ ისტორიას ორი ეპიზოდით ნამდვილად შემორჩება: ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ლივერპულის კარში გატანილი გოლით და კამპ ნოუზე, ელ კლასიკოში, ბარტრას შემორბენით. ამ, მეორე ეპიზოდით, ის რეალის კი არა, ალბათ ბარსელონას ისტორიასაც შემორჩება, საბრალო ბარტრას კარიერაში კი ამაზე დიდი ჰაილაითი აღარ იქნება.

 

Real Madrid bid for Gareth Bale an offer Spurs can't refuse | Football  Features | ESPN.co.uk

 

მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამბობენ, თითქოს კვირაში 650 000-იანი და რაღაცნაირად დავარცხნილი კაცი ტოტენჰემში ბრუნდება.

ვნახოთ, რა გამოვა.