ვამაყობთ! საქართველოს ევროპული შემოდგომა

მეცხრე ცაზე ვართ! ქართველებისთვის ნებისმიერი საკლუბო საერთაშორისო მოგება მღწევაა და მითუმეტეს, რუსულ გუნდთან. მითუმეტეს მაშინ, როცა წყვილის აუტსაუდერია და სენსაციად აღიქმება. დიდი მადლობა თბილისის ლოკომოტივს - ეს შესძლეს.

 

გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა, როგორც იტყვიან, ძვლები დადო. საოცარი მონდომება! და მხოლოდ ეს არა. მხოლოდ სურვილით თამაშს ვერ მოიგებ - ლოკომ გამართყლი და კომბინაციური ფეხბურთი ითამაშა. სასტარტო ნერვიულობის მერე ნელ-ნელა გამოსწორა თამაში და ბევრ მომენტში თავბრუ ახვია ჯანმაგარ მოსკოველებს.

 

ლოკომოტივმა მოუგო კლუბს, რომელსაც დორტმუნდიდან ნაყიდი ფეხბურთელი ჰყავდა, თუმცა ამ მაქსიმიალინ ფილიპს არაფერი გამოუვიდა და აკი შეცვალეს კიდეც.

 

სცენარი კი დაახლოებით ისეთი იყო, როგორც რუმინულ უნივერსიტატიასთან: 2:0, ორივე გოლი მეორე ტაიმში და ბოლოს ერთი გაშვებული გოლი.

 

ჯერ ირაკლი სიხარულიძემ, მერე კი შეცვლაზე შესულმა მამია გავაშელიშვილმა გაიტანეს. იმ გავაშელიშვილმა, რომელიც სიმსივნეს ებრძოდა, დაამარცხა და მოედანზე დაბრუნდა. არცერთი არ იყო ლოგიკიდან ამოვარდნილი: ლოკო უფრო საზრიანად თამაშობდა და ბრავო ჭიაბრიშვილს - მწვრთნელის ხელი სწორედ ამაში მდგომარეობს.

 

ერთ კვირაში ლოკომოტივი ესპანურ გრანადას შეხვდება. ეს უკვე ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაზე. გრანადაში! რამდენი ხანია, გრანდი ქვეყნის წარმომადგენელს აღარ შევხვედრილვართ? უუჰ, კაი ხანი გავიდა... იქამდე ვინ გვიშვებდა. მადლობა ლოკომოტივს.

 

თამაშის ბოლოს სიხარულის ცრემლებიც დავინახეთ. ჟურნალისტებმა მაგრად უქომაგეს ლოკომოტივს და სტადიონის გარედანაც ისმოდა ფანების შეძახილები.

 

ლოკომოტივი - დინამო მოსკოვი 2:1

 

გოლები: 1:0 სიხარულიძე (55), 2:0 გავაშელიშვილი (77), 2:1 კომლიჩენკო (90)