ქართული გუნდების ევროპული გზა

გუშინ, 17 სექტემბერს ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები გაიმართა. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო რაღათმაუნდა ქართული გუნდების დაპირისპირებები გახლდათ. თბილისში ლოკომოტივმა მოსკოვის დინამოს უმასპინძლა, თბილისის დინამო კი უელსში კონაჰს ესტუმრა. 

 

სასიხარულოა, რომ ორივე გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა. მართალია მოქმედმა ჩემპიონებმა ძლივს, მაგრამ რაც მთავარია მაინც მოიგეს. აი ლოკომოტივმა შესანიშნავი მატჩი შემოგვთავაზა და ფავორიტად შერაცხულ მოსკოვის დინამოს 2:1 მოუგო.

 

შემდეგი ეტაპის მატჩები 24 სექტემბერს გაიმართება. დინამო ფარერებზე კლაკსვიკს ესტუმრება, ლოკომოტივი კი ესპანეთში გრანადას დაუპირისპირდება. ასევე ცნობილია დინამოს და ლოკომოტივის პოტენციური მეტოქეები იმ შემთხვევაში თუ პლეი-ოფში გავლენ. დინამოს სავარაუდო მეტოქეები ყარაბახი, შეფილდი/დანდალკი და ლეგია/დრიტა არიან, ლოკომოტივის კი შარლერუა/პარტიზანი, ვოლფსბურგი/დესნა და მალმიო/ზაგრების ლოკომოტივი. 

 

შეგახსენებთ, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ევროტურნირები ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპით დაიწყო, სადაც ტირანასთან 0:2 დამარცხდა, ლოკომოტივმა კი ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე რუმინულ კრაიოვას 2:1 მოუგო. 

საბა საბანაძე 18 სექტემბერი 2020 -12:37