რუსული პრესა: დეპუტატიც კი გააბრაზეს

ისლანდია, ყაზახეთი, ლუქსემბურგი, ლიხტენშტაინი, ჩრდილოეთ ირლანდია, უელსი, გიბრალტარი, ანდორა - ამ 8 ქვეყანას ის აქვს საერთო, რომ ევროტურნირებზე გუნდი აღარ დარჩათ. საქართველო კი ორი კლუბითაა კიდევ წარმოდგენილი: თბილისის დინამო და თბილისის ლოკომოტივი.

 

ახლა გადავხედოთ, რა ამბავი მოჰყვა რუსულ პრესა-ტელევიზიებში მოსკოვის დინამოს წაგებას ლოკომოტივთან? ჯერ ის დავწეროთ, რომ მწვრთნელ კირილ ნოვიკოვს, სავარაუდოდ, მალე გაათავისუფლებენ.

 

ალექსეი ანდრონოვი (კომენტატორი): „მოსკოვის დინამოს გაკეთებულს ერთი სახელი ჰქვია: ჩაჯ... შარშან ტულის არსენალმა შეგვარცხვინა, რომელიც ნეფთჩისთან გავარდა, მაგრამ არსენალს დინამოსავით 20 მილიონად ნაყიდი ფეხბურთელები არ ჰყავს“.

 

Soccer.ru: „სირცხვილი! დინამო 5 წელი იმისთვის წვალობდა ევროტურნირებზე გასასვლელად და აი, მეორე ეტაპზე უსუსტესი გუნდი რომელიც იყო, ის შეხვდა და მაინც წააგო“.

 

Gazeta.ru: „მოსკოვის დინამოს ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ფასი 60 მილიონი ევროა, ხოლო ლოკომოტივისა 3,8 მილიონი: 15,5-ჯერ ნაკლები!“.

 

სერგეი კირიაკოვი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი): „ბოლო პერიოდია, დინამო 10 კაცით თამაშობს. მაქსიმილიან ფილიპი ტყუილად არის მოედანზე. დროა, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ფილიპი პირველივე ტამში იყო გამოსაცვლელი, მაგრამ ამას გამბედაობა სჭირდებოდა“ (ფილიპი დორტმუნდიდან გადავიდა მოსკოვის დინამოში. გუშინ მართლაც არაფერი გაუკეთებია და მეორე ტაიმში შეცვალეს).

 

ალექსანდრ ბუბნოვი (ექსპერტი, ყოფილი ფეხბურთელი): „გამომდინარე იქიდან, თუ რა დიდ თანხას ხარჯავს კლუბის ხელმძღვანელობა, ეს შედეგი არის სირცხვილი. თამაშიც სირცხვილი. მეკარე შუნინი უსუსტესი იყო. ორივე გოლის ეპიზოდში ბურთი ხელიდან ვერ შეიმაგრა. დაცვაც არეული იყო, მაგრამ შუნინი უსუსტესად გამოიყურებოდა“.

 

იგორ ლებედევი (დეპუტატი): „ბევრ არგუმენტს მოვიყვანდი. პოლიტიკიდან დაწყებული: ის, რომ დიდი ხანი არ გვქონდა ქართულ კლუბებთან ნათამაშევი და მინდვრით დამთავრებული. უეფა სად იყურება, როცა ასეთ სტადიონზე თამაშებს ატარებს? თუ ლოკომოტივი, ღმერთმა არ ქნას და ევროპა ლიგის ჯგუფში გავიდა, ამ მოედანზე უნდა ითამაშოს?“

 

 ლია გერკუსი (მოსკოვის ლოკომოტივის ყოფილი დირექტორი): „ეს ნორმალურია? უკვე ნამეტანია. ასეთ კოლმეურნეებთან პირველად წავაგეთ. ნახევრად სამოყვარულო კლუბთან გავვარდით“

 

ლოკომოტივს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ესპანეთის გრანადასთან ელის გასვლითი მატჩი. გრანადა ლა ლიგაში მეშვიდე ადგილზე გავიდა და ისტორიში პირველადაა გასული ევროტურნირებზე.