მიზანი, რომელიც სიცოცხლეზე მეტია...

რომის სენატში კანონს განიხილავდნენ, რომლის მიხედვითაც, ოჯახის წევრის მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებად უნდა მიჩნეულიყო. სენატორთაგან ერთერთმა პროტესტი გამოთქვა, მას ამაზე საუბარიც კი შეურაცხმყოფლად ეჩვენა, როცა ციცერონმა უპასუხა: "დიახ, მსგავსი დანაშაული არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ მაინც რომ ხდება?". ასეა, ვიცით, რომ სპორტი და პოლიტიკა უნდა გავმიჯნოთ, მაგრამ მაინც არ იმიჯნება.

 

17 სექტემბერს საქართველო სიხარულმა მოიცვა. მოსკოვის დინამოს დამარცხებით გამოწვეული ბედნიერების ჭარბი დოზის მიუხედავად, ამან ეკონომიკაზე არ იმოქმედა და გუშინდელი პრობლემებიც პრობლემებად დატოვა. რა გამოდის, სპორტის ძალა მხოლოდ დროებითია და ხელშესახებ შედეგს არ გვაძლევს? ეს პატარა ქვეყნის კომპლექსია და ინფანტილური საზოგადოების სახე? 

 

ვნახოთ რა ხდება სხვაგან.

 

1938 წლის 12 მარტს, მესამე რაიხმა ავსტრიის ანშლუსი (ოკუპაცია) მოახდინა. გერმანელებმა ამ ქვეყნის ნაკრები გააუქმეს, ფეხბურთელებს კი მათ გუნდში თამაში შესთავაზეს. სანამ ეს გადაწყვეტილება ოფიციალურ სახეს მიიღებდა, ნაცისტებმა პროპაგანდისტული მატჩის გამართვა მოისურვეს, რომელიც უკეთესს ვერ გამოავლენდა და შეხვედრა უგოლოდ დასრულდებოდა. 

 

პირველ ტაიმში გოლი მართლაც არ გავიდა. მათიას სინდელარს გერმანიის კარის ასაღებად სანტიმეტრები დააკლდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ეს გეგმის ნაწილი იყო, დიდმა ავსტრიელმა მეტოქის კარის აღება ვერ გაბედა. მეორე ტაიმში გაიტანა და ნაცისტი მაღალჩინოსნებით გადაჭედილი ლოჟის წინ იცეკვა. 

 

კადრები არ მოგვეპოვება, თუმცა წარმოგვიდგენია, ეს ავსტრიაში როგორ გაუხარდათ.

 

1939 წელს, მეგობარ გოგონასთან ერთად, სინდელარი სახლში მკვდარი იპოვეს. არავის სჯერა, რომ ის ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. 

 

იმ თამაშის მოგების მიუხედავად, ავსტრიამ ოკუპაციას თავი მაშინვე ვერ დააღწია და მდგომარეობა არც ეკონომიკურად გაუმჯობესებულა. 

 

Der Papierene ("ქაღალდის კაცი") - როგორც სინდელარს ეძახიან, ამ სპორტის სინდისს წარმოადგენს. ფეხბურთელიც დიდი იყო, ის მეოცე საუკუნის საუკეთესოთა შორის ოცდამეორე ადგილს იკავებს.

 

ასეა, როცა სხვა ქვეყანა ომში გიგებს, მათთან ნებისმიერი წარმატება გახარებს. განცდა გაქვს, რომ სამხედრო შეიარაღებული კონფლიქტი რაოდენობის გამო წააგე, ხარისხი კი შენ მხარეზეა. 

 

ფეხბურთი ამის დამტკიცების ერთერთი საუკეთესო საშუალებაა, მოედანზე თანაბარი რაოდენობით გამოდიხართ და იგებს ის, ვინც უკეთ ითამაშებს. 

 

ასეა, მაგრამ ქართველებს იქნებ ზღვარგადასული სიხარული გვახასიათებს?

 

ფოლკლენდის კუნძულების ომიდან 4 წლის შემდეგ, 1986 წლის 12 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში, ერთმანეთს ინგლისი და არგენტინა შეხვდნენ. კუნძულებისთვის ომი ინგლისმა 100:0 მოიგო, ფეხბურთში კი...

 

აქ კადრები გვაქვს.

 

 

კომენტატორის ემოცია ყველაფერს ამბობს. ის ღმერთს მადლობას უხდის რომ ფეხბურთი და მარადონა არსებობს. 

 

ფეხბურთს თითქოს ქვეყნის ცხოვრების პულსზე ხელი უდევს. ის შეიძლება პროტესტი იყოს, შეიძლება ძალა, რომელიც მოსახლეობას თვითრწმენას დაუბრუნებს და აჩვენებს, რომ მტერი რაც არ უნდა ძლევამოსილი ჩანდეს, მათი დამარცხება შესაძლებელია. 

 

ფეხბურთს შერიგებაც შეუძლია. შესაძლოა ადამიანს დასანახად ვერ იტანდე, მაგრამ როცა იცი, 17 სექტემბრის წარმატება მასაც შენსავით გაუხარდა, უკვე ემოციური კავშირი იქმნება.

ჩვენ გვერდზე გაზრდილმა და ჩვენ ენაზე მოლაპარაკე ბიჭებმა ოკუპანტების გუნდი დაამარცხეს.

 

შესაძლოა გადაჭარბებითაც, მაგრამ როგორ არ გაგვიხარდეს?

 

ეს სიხარული დროებითი არ არის.

 

თუ არ გჯერათ, ასათიანის გოლი გაიხსენეთ...