ჯორდანის უკანასკნელი ცეკვა

მაიკლ ჯორდანი როიალთან. გადამწყვეტი თამაშის წინ. და, ლეგენდა იღებს პირველ აკორდებს. კენი ლატიმორის მელოდია. მაიკლი უნდა მოეშვას. მაიკლს კიდევ ერთი ბრძოლა აქვს მოსაგები.

დოკუმენტური სერიალი უკანასკნელი ცეკვა (The Last Dance) ემის პრემიით დაჯილდოვდა. როგორც საუკეთესო დოკუმენტური ნამუშევარი. 10 სერია ჯორდანის, სკოტი პიპენის, დენის როდმანის და ფილ ჯექსონის ლეგენდარულ ჩიკაგოზე. და, ის, ბოლო სეზონი, 1997/1998. როდესაც მაიკლი ბოლო წრეზე წავიდა. და, კიდევ ერთხელ გახდა ჩემპიონი.

სერიალი, რომელშიც სათქმელი თქვეს სტივ კერმა, ტონი კუკოჩმა, მეჯიქ ჯონსონმა, კობი ბრაიანტმა, აიზია ტომასმა, ჩარლზ ბარკლიმ, პატრიკ იუინგმა. დიდებმა უკვდავები დააფასეს.

უკანასკნელი ცეკვა არ არის მხოლოდ პროპაგანდა. უკანასკნელი ცეკვა არ არის მაიკლის პიარი. ეს უკვდავების და დიდი ჩემპიონების გახსენებაა. რომლებმაც მაიკლის გულით, სკოტის თვალებით და დენისის ენერგიით გადაამტვრიეს ყველა გუნდი. ის ჩიკაგო თითქმის არ აგებდა.

მაიკლი არ იყო უბრალოდ, უდიდესი კალათბურთელი. ჯორდანი იყო მოგებებზე ჩაციკლული მანიაკი, რომელიც მოედანზე კლავდა. თუ საჭირო იყო, მაიკლი თანაგუნდელებსაც კუთხეში აყენებდა. აუწიეს ყური კერს, მოხვდა ჰორას გრანტს, პერმანენტულად იყო საუბრები როდმანთან. ჯორდანი არ იღლებოდა. ის ყოველთვის სამაგალითო უნდა ყოფილიყო.

ჯორდანის საყვარელი მწვრთნელი იყო დაგ კოლინზი. ის, რომელიც გუნდში მხოლოდ მაიკლს ხედავდა. ის, რომელმაც ერთ ბრიფინგზე თქვა - ჩვენი გეგმა მარტივია, მიეცით ბურთი ჯორდანს და დანარჩენებმა დაახვიეთ გზიდან.

მარტივად - დაახვიეთ გზიდან. რომ მაიკლს ხელი არ შეუშალოთ. და, ეს გასაგები, მისაღები, აუცილებელი იყო. ჯორდანი გიჟდებოდა კოლინზზე. ჯორდანი დაგის უახლოესი მეგობარი იყო.

მაიკლი იყო ღმერთი. შავი იესო, როგორც ჯორდანი მოიხსენიებდა საკუთარ თავს.

მხოლოდ მას შეეძლო ჩასულიყო გამთენიისას ლას ვეგასში და დაკოკაინებული, შიშველი კარმენ ელექტრასთვის დენის როდმანის წარდგენა მოეთხოვა. დენისი ამ დროს სადღაც, იქვე, კუთხეში იდო.

საბრალო კრეიგ ილო, რომელიც მაიკლმა დაღეჭა. არადა, კლივლენდში მაილის წინააღმდეგ გაცილებით უკეთ ჯორდანის მომავალი თანაგუნდელი - რონ ჰარპერი თამაშობდა. მაიკლმა დამარხა კლივლენდი და მოკლა ილო.

და, ეს ამ სერიალშია. თუ ჯერ ვერ ნახეთ, მოკალათდით რბილ სავარძელში, წამოწექით სპარსულ ტახტზე, მოიფინეთ გვერდით ყველაზე არაჯანსაღი ჩიფსი, პოპ კორნი, მიეფერეთ საყვარელ კატას, მოფხანეთ ყურთან ცუგას და დაიწყეთ ექსკურსია სამოთხეში და ჯოჯოხეთში. მაიკლთან ერთად.